პათომიმიკრიული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პათომიმიკრიული აშლილობა - DSM-IV-ში პათომიმიკრიული აშლილობა განსაზღვრულია, როგორც „ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სიმპტომების განზრახ გამოწვევა ან გამოგონება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს პიროვნების მოთხოვნილებით - იყოს ავადმყოფის როლში“.

ეს კატეგორია იყოფა: შემთხვევებად, რომელშიც შედის მხოლოდ ფსიქოლოგიური სიმპტომები; შემთხვევებად, რომელშიც მხოლოდ ფიზიკური სიმპტომებია და, ასევე, შემთხვევებად, რომლებიც ორივე სახის სიმპტომებს მოიცავს. პათომიმიკრიული აშლილობის დროს ხდება სიმპტომების გამოგონება, რაც პიროვნებას საშუალებას აძლევს, შევიდეს ავადმყოფის როლში და მიიღოს სამედიცინო დახმარება. (სიმპტომების სიმულაციის მიზანია სხვა სახის სარგებლის მოპოვება). ტერმინი „მიუნჰაუზენის სინდრომი“, ამ აშლილობის უკიდურეს ფორმას ასახავს.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

პათომიმიკრიული აშლილობის გავრცელების სიხშირე ზუსტად არ არის ცნობილი; კოოპერაციულ სამსახურებში გადამისამართებული პაციენტების დაახლოებით ერთ პროცენტს შეადგენს. მოცემული აშლილობა, ჩვეულებრივ, იწყება 30 წლამდე ასაკში.

ეტიოლოგია

აშლილობის მიზეზები არ არის ცნობილი, ნაწილობრივ იმის გამო, რომ პაციენტების მიერ მონათხრობი ისტორიები არაზუსტია. ხშირად გვხვდება მშობლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის ან შვილის უგულებელყოფის შემთხვევები; ქრონიკული დაავადება, ადრეულ ასაკში სამედიცინო სამსახურებთან ხშირი კონტაქტის ჩათვლით; ზოგჯერ, საავადმყოფოში გატარებული ხანგრძლივი პერიოდი, ზოგჯერ კი იმის მტკიცება, რომ ექიმების მიერ დაავადების მართვა არასწორად წარიმართებოდა. ხშირად აღინიშნება წარსულში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად მოხმარება, გუნებ-განწყობის აშლილობა და პიროვნული აშლილობა. მრავალია პაციენტი, რომელიც მედიცინასთან დაკავშირებულ სფეროებში მუშაობდა.

პროგნოზი სხვადასხვაგვარია, მაგრამ თავად პაციენტის მდგომარეობა დიდ ხანს გასტანს. ძალიან ცოტა პაციენტისთვისაა მისაღები ფსიქოლოგიური მკურნალობა, მაგრამ ზოგიერთის მდგომარეობა უმჯობესდება მხარდამჭერი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში. ზოგჯერ აღინიშნება სხვა სახის ქცევითი დარღვევები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა (მათი მხრიდან, ვინც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს) და პაციენტისთვის ზიანის მიყენება.

დაავადების მართვა

გამოკვლევა

როდესაც არსებობს ეჭვი პათომიმიკრიულ აშლილობაზე, ყურადღებით უნდა განვიხილოთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ინფორმატორებისა და თავად პაციენტის მიერ მოთხრობილი ისტორიის ჩათვლით. ფსიქიატრს შეუძლია დახმარების გაწევა გამოკვლევის ჩატარებისას. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პაციენტზე ფარული დაკვირვების გზით, მაგრამ ასეთი შესაძლებლობის განხილვისას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მოცემული პროცედურის სამართლებრივ და ეთიკურ ასპექტებს.

მკურნალობის დაწყება

დიაგნოზის დასმის შემდეგ, ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს მიღებული შედეგები და განიხილოს მათი მნიშვნელობა. ამ დროს ექიმი გაგებით უნდა მოეკიდოს პაციენტის დისტრესს და შექმნას შესაძლო ფსიქოსოციალური მიზეზების განხილვის პირობები. ამ ეტაპზე ზოგი პაციენტი აღიარებს, რომ სიმპტომები მის მიერაა გამოგონილი, ხოლო ზოგიერთი გამუდმებით უარყოფს ამას. მეორე შემთხვევაში, ექიმმა მაინც უნდა წარმართოს პაციენტი იმისაკენ, რომ მან შეძლოს შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური სიძნელეების იდენტიფიკაცია და დაძლევა იმ იმედით, რომ პრობლემების გადაჭრა საბოლოოდ შეასუსტებს აშლილობას. პერსონალი, რომელიც ზრუნავს პაციენტზე გამოკვლევის ჩატარების პროცესში, შეიძლება უკმაყოფილო იყოს იმის გამო, რომ პაციენტი მას ატყუებდა. პერსონალის ასეთი განცდები ართულებს დაავადების მართვას. ფსიქიატრმა უნდა შეარბილოს ამგვარი ვითარება და განუმარტოს სამედიცინო პერსონალს, თუ რა სახისაა და რამდენად მძიმეა პაციენტის ფსიქოსოციალური პრობლემები. პაციენტთან მომუშავე მთელი სამედიცინო პერსონალი უნდა იღებდეს მონაწილეობას სამკურნალო გეგმის შემუშავებაში, რომელიც განსაზღვრავს პაციენტის სამომავლო სამედიცინო მოვმოვლას. ის, აგრეთვე, უნდა შეთანხმდეს იმის თაობაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდება პაციენტსა და მის ოჯახს აშლილობასთან დაკავშირებული პორობლემების გამო. თუ პაციენტი ჯანდაცვის სფეროში მუშაობს, ეს დამატებით რისკს შეიცავს და აღძრავს რთულ ეთიკურ პრობლემებს


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები