პავლე I (რუსეთის იმპერატორი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე I

პავლე I – (რუს. Па́вел I, Павел Петро́вич Романов; დ. 1 ოქტომბერი, 1754, სანქტ-პეტერბურგი — გ. 11 მარტი, 1801, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის იმპერატორი 1796-1801, პეტრე III-ისა (ადრე პოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი კარლ პეტრე ულრიხი) და ეკატერინე II-ის (ადრე პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა-ფონ ანპალტ-ცერბსტი) ვაჟი. ხასიათდებოდა ბევრი პირადი უარყოფითი თვისებით.

ტახტზე ასვლისთანავე მოშალა ლაშქრობა ირანზე, რითაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ძირითადად კი საგარეო პოლიტიკაში აგრძელებდა ეკატერინე II-ის კურსს, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის ჩახშობისაკენ. 1799 ა. სუვოროვი იტალიაში საფრანგეთის წინააღმდეგ იქნა გაგზავნილი. იტალიის კამპანიის დროს მოკავშირეებთან (ინგლისი, ავსტრია) უთანხმოებისა და მათი აშკარა ღალატის გამო პავლე I დარწმუნდა, რომ მოკავშირეები მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდნენ. მან გამოავლინა შესანიშნავი დიპლომატიური ალღო, გამოვიდა კოალიციიდან და დაიწყო დაახლოება საფრანგეთთან. რუსეთ-საფრანგეთის დაახლოების პროცესს დიდად შეუწყო ხელი ნაპოლეონის ბრწყინვალე დიპლომატიამ. საფრანგეთის ბურჟუაზიის მთავარ მეტოქეს წარმოადგენდა ინგლისი და ნაპოლეონს სურდა ინგლისისათვის ისეთი ძლიერი მოკავშირის ჩამოშორება, როგორიც იყო რუსეთი. რუსეთ-საფრანგეთის დაახლოების პროცესი დამთავრდა იმით, რომ პავლე I-მა გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ინგლისთან და შეკრა კავშირი საფრანგეთთან. პავლემ ნაპოლეონს შესთავაზა ერთობლივი მოქმედება ინგლისის წინააღმდეგ. ამ მხრივ მან პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგა. მისი ბრძანებით კაზაკთა პოლკები დაიძრნენ ინდოეთისაკენ, რომელიც ინგლისის კოლონიას წარმოადგენდა. 1801 პავლე I-მა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი (1783) და 18 იანვარს მანიფესტით გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. ინგლისთან კავშირის გაწყვეტით უკმაყოფილო იყო რუსეთის თავად-აზნაურობა. რუსი მემამულეები ვეღარ ასაღებდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ინგლისში. პავლე I-ის პოლიტიკით შეშფოთებული იყო ინგლისიც. ინგლისის ელჩის უიტეორტის ხელშეწყობით, პავლე I-ის წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება. შეთქმულების შესახებ ინფორმირებული იყო ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე. 1801 წლის 12 მარტის ღამეს შეთქმულებმა გრაფმა პალენმა, პ. ზუბოვმა და სხვ. შეაღწიეს მიხეილის სასახლეში, პავლე I მოკლეს. ტახტზე ავიდა ალექსანდრე I.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები