ო’კიფი ჯორჯია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯია ო’კიფი. ღამის ქალაქი, 1926; ტილო, ზეთი, 123X76.9 სმ. მინეაპოლისის ხელოვნების ინსტიტუტი.

ჯორჯია ო’კიფი - (Georgia O’Keeffe, 1887-1986) შტიგლიცმა „აღმოაჩინა“. სოფლურ ვისკონსინში დაბადებული მხატვარი, 1905-1915 წლებში პროფესიას უკვე დაუფლებული იყო და ახლა, თავად ასწავლიდა ხელოვნებას. მისი ნახშირით შესრულებული ნამუშევრები შტიგლიცს ნიუ იორკელმა მეგობარმა აჩვენა. შტიგლიცის პასუხი ასეთი იყო: „როგორც იქნა, ქალის ნახატი ვნახე“. ო’კიფის ნამუშევრები მან 1916 წელს წარუდგინა მაყურებლებს „გალერეაში 291“ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენაზე, შემდეგ წელს კი მისი პირველი პერსონალური გამოფენა გამართა.

ო’კიფი ნიუ იორკში 1918 წელს გადავიდა საცხოვრებლად, 1924-ში კი შტიგლიცს გაჰყვა ცოლად. 1925 წელს მან ნიუ იორკის ცათამბჯენების ხატვას მიჰყო ხელი, რომლებიც იმ დროისთვის, ამერიკული გამომგონებლობისა და ენერგიის განსხეულებას წარმოადგენდა. მაგრამ ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა „ღამის ქალაქი“, სულაც არ გამოხატავს მაღალი შენობების ერთმნიშვნელოვან დიდებას. მხატვარი ცათამბჯენებს დაბალი, მომგებიანი წერტილიდან გვიჩვენებს, ისე, რომ შენობების ჩრდილი ავისმომასწავებლად ეცემა მნახველს. მათი მუქი ტონალობა, მძლავრი ფორმები და გაზვიადებული პერსპექტივა ბადებს საშიშროების განცდას, რომელიც სხვა ამერიკელი მოდერნისტების შემოქმედებაშიც თვალსაჩინოა.

1925 წელს ო’კიფმა გამოფინა ძალზე მსხვილი პლანით გამოსახული ყვავილების ახალი სერია, რომელიც მის ყველაზე ცნობად ნამუშევრად იქცა. სურათში „წითელი შროშანი“ ო’კიფი სასურათე სიბრტყის წინა პლანზე, ცენტრში წამოწევს ძალზე მგრძნობიარე ყვავილის გულს და წარმოაჩენს მის ნაზ შიდა ფორმებსა და რბილ, ნატიფ ზედაპირს. ყვავილის არა რეალური სახის, არამედ მისი დაფარული, ორგანული ენერგიის გამოსახვით მხატვარმა შექმნა ახალი, აბსტრაქტული მშვენიერება, სუფთა სახით წარმოადგინა მცენარის სასიცოცხლო ძალის ენერგია. კრიტიკოსებმა ო’კიფის ყვავილებს ქალური და ვაგინური შეარქვეს. შტიგლიცს ბევრი არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მაყურებელს სხვაგვარად დაენახა მისი ხელოვნება. დამცინავი კრიტიკისა და „ქალი მხატვრის“ იარლიყის მიმართ ო’კიფის პროტესტის მიუხედავად, ის მაინც აქტიურად ცდილობდა მისი შემოქმედების პოპულარიზაციას. 1929 წლიდან მოყოლებული ო’კიფი ზაფხულს ნიუ მექსიკოში ატარებდა, 1940-იან წლებში კი საბოლოოდ გადავიდა იქ საცხოვრებლად და თავისი შემოქმედება ადგილობრივი პეიზაჟებისა და კულტურის დასამახსოვრებელი სურათების შექმნას მიუძღვნა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები