ორგანული მინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორგანული მინა

ორგანული მინა – (პოლიმეთილმეტაკრილატი, პლექსიგლასი, აკრიმა, კარბოგლასი, ნოვატრო, პლექსიმა, ლიმაკრილი, პლაზკრილი, აკრილეკსი, აკრილაიტი, აკრილპლასტი, აკრილის მინა, აკრილი, მეთაპლექსი), კონსტრუქციული პლასტმასი, რომელიც მთლიანად შედგება თერმოპლასტიკური პოლიმეთილმეტაკრილატის ფისისაგან დანამატების გარეშე.

ის გამჭვირველე მსუბუქი მასალაა სიმკვრივით 1180-1190 კგ/მ3, სინათლის სხივგამტარობით – 90%, ულტრაიისფერი მზის სხივების გატარებით – 75%.

ქიმიური ფორმულა – (C5O2H8)n.
დნობის ტემპერატურა – 160°C;
დუღილის ტემპერატურა 200°C;
აალების ტემპერატურა – 260°C;
დრეკადობის მოდული – 3000 მპა;
სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 70 მპა;
ფარდობითი წაგრძელება – 4-5%;
ექსპლუატაციის მაქსიმალური ტემპერატურა 80°C.

აკრილური ორგანული მინა

ადვილი დასამუშავებელია, წებვადია და კარგად დუღდება. აქვს მაღალი სიმტკიცე ღუნვაზე (10 მპა), სიმაგრის, სიხისტისა და თბომედეგობის დაბალი მაჩვენებლები. თბომედეგობის ასამაღლებლად უმატებენ ფოტო- და თერმომასტაბილიზებელ დანამატებს.

ფანჯრის ჩვეულებრივ (სილიკატურ) მინასთან შედარებით ორგანული მინა არ არის მსხვრევადი. მშენებლობაში წარმატებით გამოიყენება გადახურვებში, საკედლე პანელებში, ისეთი სათავსების ასაგებად, სადაც საჭიროა გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატის შექმნა (მზის აბაზანების მისაღები, სათავსები სანატორიუმებში, სასტუმროებსა და დასასვენებელ სახლებში და სხვ.), ხოლო ფორმის მიღების სიმარტივე და ნორმალური თბომედეგობა საშუალებას იძლევა მისგან დავამზადოთ გადახურვის მრუდი მოხაზულობის კონსტრუქციები (თაღები, კამარები, გარსები, შუქფარნები და სხვ.). გამოიყენება, აგრეთვე, საკონტაქტე ლინზების, შუქის ფლუორესცენციური გამბნევების, სატრანსპორტო საშუალებების უკანა მაშუქების, კალათბურთის ფარების, აკრილური საღებავების დასამზადებლად და სხვ. თუ ორგანული მინისგან დამზადებული კონსტრუქცია განთავსებულია ტენიან ან ცხელ (40-50°C) გარემოში, მაშინ მასალის საანგარიშო მახასიათებლები მცირდება 20-25%-ით. მშენებლობაში გამოყენებული ორგანული მინის ფიზიკურ-ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია ლიტერატურაში.

ორგანული მინის კალათბურთის ფარი

ორგანული მინა პირველად მიღებული იქნა გერმანიაში ოტტო რიემის მიერ. მისი წარმოება და მოხმარება დაკავშირებულია 1930-იან წლებში ავიაციის სწრაფ განვითარებასთან (იყენებდნენ პილოტის კაბინის შესამინად). თანამედროვე ავიაციაში (ზებგერითი სიჩქარეები, მაღალი წნევა და ტემპერატურა) მისი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ კომპოზიტების სახით.

ორგანული მინის შემადგენლობა პრაქტიკულად ერთნაირია, თუმცა მასალისათვის სხვადასხვა სპეციფიკური თვისებების მინიჭებისათვის მიმართავენ დანამატების გამოყენებას, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ დარტყმამედეგი, სხივგამაბნეველი, სხივგამტარი, ბგერადამცავი, ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი, თბომედეგი და სხვა თვისებების პროდუქცია.

დადებითი თვისებები:

  • მცირე თბოგამტარობა [0,2-0,3 ვტ/(მ·კ)] სილიკატურ მინასთან შედარებით [0,7- 13,5 ვტ/(მ·კ)];
  • მაღალი სხივგამტარობა (92%);
  • მაღალი დარტყმითი წინაღობა (5-ჯერ მეტი ვიდრე სილიკატურ მინას);
  • სიმსუბუქე (წონა 2,5-ჯერ ნაკლებია ვიდრე სილიკატური მინის);
  • წებვადობა;
  • მედეგია ტენის, ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების მიმართ, ამიტომ მიზანშეწონილია მისი გამოყენება აკვარიუმებში, აგრეთვე იახტის კაბინის მოსაწყობად;
  • ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებაა, წვისას არ გამოყოფს მომწამლავ აირებს;
  • კარგად ემორჩილება თერმოფორმირებას ოპტიკური თვისებების შეუცვლელად;
  • მექანიკურად ადვილი დასამუშავებელია;
  • ახასიათებს ქიმიური და ყინვამედეგობა, გარემოსადმი მდგრადობა;
  • ატარებს ულტრაიისფერი სხივების 73%-ს;
  • გამოირჩევა კარგი ელექტროსაიზოლაციო თვისებებით;
  • ექვემდებარება უტილიზაციას.

უარყოფითი თვისებები:

  • პიროლიზის დროს გამოყოფს მავნე ნივთიერება – მეთილმეტაკრილატს;
  • ზედაპირი ადვილად იხაზება და იფხაჭნება;
  • ნაკეთობის თერმო და ვაკუუმფორმირების დროს ადგილი აქვს ტექნოლოგიურ სირთულეებს – შიგა ძაბვების კონცენტრაციას გადაღუნვის წერტილებში, რასაც თან ახლავს არასასურველი ბზარების გაჩენა;
  • ადვილადაალებადობა

თანამედროვე პირობებში ორგანული მინის დამუშავება (ჭრა) ძირითადად წარმოებს ლაზერის სხივების გამოყენებით. რადგან ლაზერის სხივის ტალღის სიგრძე (9,4-10,6 მკმ) ემთხვევა ორგანული მინის მიერ ამ სხივების შთანთქმის პიკს, ამიტომ გაჭრილი ზედაპირი იდეალურად სუფთაა (წვის პროდუქტების კვალის გარეშე).

მშენებლობაში გამოყენებული ორგანული მინის სახეებია: გამჭვირვალე, გამჭვირვალე ფერადი, გამჭვირვალე დაღარული, მქრქალი თეთრი, ფერადი მქრქალი, დაღარული მქრქალი თეთრი და დაღარული მქრქალი ფერადი.



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები