ონიანი ესმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესმა ონიანი

ონიანი ესმა − (1938 − 1999), მხატვარი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე ქალთა სკოლა. 1957-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე (უჩა ჯაფარიძის სახელოსნო). სადიპლომო ნამუშევარმა , „უფროსკლასელები“, მიიღო უმაღლესი შეფასება და გამოფენილი იყო მოსკოვში სსრკ სამხატვრო სასწავლებლების დი პლომატთა X საკავშირო გამოფენაზე. 1966-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. 1969-1999 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. მისი შემოქმედება ძირითადად თბილისს უკავშირდება; შექმნა თბილისელთა პორტრეტები. 1969 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები, ავტორია 4 კრებულისა, რომლებშიც შესულია ლექსთა ციკლები თბილისურ ყოფასა და თბილისელებზე. 2000 წელს თბილისში მოეწყო მემორიალური გამოფენა და პრეზენტაცია წიგნისა „ლექსები, ესეები, წერილები”.


შუმერთა ლოცვა აბზუსადმი
აბზუ,
ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე!
სადაც ხარ,იყავი!
ბებერ მეფესავით ბარდებში იბოდიალე
გასი პულ ფლასტებით.
ფშუტეთვალებიან კვერთხ-გვირგვინს
ჩამქრალ ოქროსას ატარებ.
აბზუ, შენთან წამოსულნი დაითვალე
ნელ-ნელა, არ იჩქარო;
მზერა მოანაცვლე,
სუყველა გაიხსენე სათითაოდ:
მოხუცების თეთრი ხუხულები,
წვერებით, წაქისფერებით,
აბზუ, კაცები, შეწყვეტილნი, ძალადაულევი,
ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით,
აბზუ, ბავშვები მობარბაცე,
აბზუ, რძესავსე დედები,
ძუძუ სამუდამო შედედებით,
აბზუ, თოთო-ფრცქვნილი ქალწულები
სარეცელს მიჯაჭვიან ეკლიანს,
აბზუ, ჭაბუკები თმების მზიანი ხვრელებით,
ვნებადაუმცხრალი გახელებით,
ყველას შეხედე −
კაჟისფერ მზეში კრიჭა შეკვრიათ!
აბზუ, ნუ მოხვალ,
ჯერ შენთან წამოსულნი
დაითვალე სათითაოდ,
ნელა დაითვალე,
არ იჩქარო!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები