ომრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ომრი ისრაელის მეფე

ომრი - (ძვ.წ. 876-869) – ისრაელის მეექვსე მეფე. ომრიმ ტახტი ზიმრის სიკვდილის შემდეგ დაიკავა, თუმცა თავისი მეფობის პირველი ხუთი წელიწადი მეფობის მოსურნე კანდიდატთან, თიბნი ბენ გინათთან ბრძოლაში გაატარა. საბოლოოდ ომრიმ გაიმარჯვა და ისრაელის ერთპიროვნული მეფე გახდა.

ექვსი წელიწადი ომრიმ ტირსაში გაატარა, შემდეგ კი ეფრაიმის მთებში ააგო ახალი ქალაქი, შომრონი ანუ სამარია და ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. მას შემდეგ სამარია ისრაელის სამეფოს დაცემამდე ქვეყნის დედჯქალაქაღ რჩებოდა.

ომრი ხვდებოდა, რომ ისრაელსა და იუდეას შორის ომი და მუდმივი ქიშპი ძალიან ასუსტებდა ორივე სახელმწიფოს, ამიტომ იუდეის მეფე ასას ზავი შესთავაზა. საბოლოოდ მოქიშპე მეზობლებმა ზავი დადეს და მშვიდობა დაამყარეს. სამშვიდობო მოლაპარაკება განამტკიცა ასას ვაჟის, იოსაფატის ქორწინებამ ომრის ქალიშვილზე.

ომრისთვის ყველაზე დიდ პრობლემას არამელთა ძლიერი სამეფო წარმოადგენდა. ომრი იძულებული გახდა არამელებისთვის დაეთმო ტერიტორიული ნაწილი და რამდენიმე ქალაქი. სამაგიეროდ ომრიმ განდევნა ფილისტიმელები ზოგიერთი სასაზღვრო ქალაქიდან. მან ასევე დაიმორჩილა მოაბელები, რომელთაც დიდი ხარკი დააკისრა.

ომრის ყველაზე დიდი პოლიტიკური ნაბიჯი ფინიკიის ქალაქებთან ურთიერთობის აღდგენა იყო. ფინიკიელებთან სავაჭრო ურთიერთობამ ერთიანი ისრაელის სამეფოს მეფეებს, დავითს და სოლომონს ადრე დიდი მოგება მოუტანა და ქვეყანა გაამდიდრა. სწორედ მათი გამოცდილების მიხედვით მოქმედებდა ომრიც. ფინიკიელებთან ურთიერთობა ომრიმ პოლიტიკური ქორწინებით განამტკიცა. მან თავის ვაჟს, აქაბს ცოლად ფინიკიელთა მთავარი ქალაქის, სიდონის მეფის ქალიშვილი, იზაბელი შერთო ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ ფინიკიასთან ურთიერთობამ ისრაელში სიმდიდრის თავმოყრას შეუწყო ხელი, სამაგიეროდ ცუდი გავლენა მოახდინა კულტურაზე და რელიგიაზე. თვითონ ომრი, როგორც მისი წინაპრები კერპთაყვანისმცემელი იყო, თუმცა წარმართობის გავრცელების და გაცხოველების პიკმა მისი ვაჟის, აქაბის დროს მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი სიდონელმა დედოფალმა, იზაბელმა შეიტანა.

ომრის მმართველობა თორმეტი წელი გაგრძელდა და საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. მეფე სამარიაში დაკრძალეს, ხოლო ისრაელის ტასტზე მისი მემკვიდრე, აქაბი ავიდა.

წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები