ნაპოლეონი (ვაშლი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაპოლეონი

ნაპოლეონი (Koestlichster)(Pomme Finale, mela Napoleone, mela Azaruela, Cosseza géntile.) ვაშლის ჯიში. წარმოშობით კალაბრიიდანაა (იტალია).

ვაშლის ჯიში ნაპოლეონი მხოლოდ ევროპის სამხრეთ ქვეყნებშია ფართოდ გავრცელებული. მას აკუთვნებენ უნაზეს და უძვირფასეს ვაშლის ჯიშების ასორტიმენტს. ჩვენში ნაპოლეონი ნაკლებადაა გავრცელებული, ქართლის მეხილეობის რაიონში თითო–ოროლა ხე გვხვდება, აფხაზეთში კი სამრეწველო ჯიშად ითვლებოდა. ახალ ნარგავებში მას ადგილი სულ არა აქვს დათმობილი.

ნაყოფი თვალწარმტაცი ლამაზი მოყვანილობისა და გარეგნობისაა. საშუალო სიდიდისაა, ხან საკმაოდ მსხვილიც და თანაბარი სიმსხოსი, სიმეტრიულად განვითარებული, მაღალი შენების. ბოლო ვიწრო აქვს, იშვიათად მოგანივრო; ყელთან განკვეთილ კონუსისებრი შეხედულებისაა. ზოგჯერ ნაყოფის ზედაპირზე მკრთალად მოსჩანს წახნაგები, რომლებიც ჯამთან და ყუნწის ღრუსთან უკვე მკაფიოდაა გამოხატული. ნაყოფი სუსტადაა მიმაგრებული ხეზე, რის გამოც ქარისაგან ადვილად სცვივა. კარგად იტანს ტრანსპორტს და საწყობში არ ჭკნება და არც ფუყდება.

ჯამი პატარაა, დახურული და ზის ბორცვიან, დანაოჭებულ, ღრმა და საკმაოდ განიერ ღრუში. ნაყოფის ყუნწი საშუალო სიგრძისაა, ხან მოკლე და თავკომბალა, ზის სამწახნაგოვან, ვიწრო ღრუში.

ნაყოფის კანი ნაზია, გლუვი, თხელი, პრიალა და სურნელოვანი. ძირითადი შეფერვა მომწვანო–მოყვითალოა, სრული სიმწიფისას კი ლიმონისებრ–ყვითელ ფერს ღებულობს და მზის მხარეზე უშნდება ლალი წითელი ფერის მეტად ლამაზი შეფერვა, რაც ნაყოფს მეტად ლამაზ გარეგნობას აძლევს.

ნაყოფის ხორცი თეთრია, ძლიერ ნაზი და ფხვიერი, მდნარი და სასიამოვნო, წვნიანი, გამახალისებელი მომჟავო–მოტკბო გემოთი, იშვიათი შეხამებული გემოთი და სურნელებით. მოხმარებითი სიმწიფე უდგება ნოემბერში, მაგრამ ნაყოფი კარგად ინახება გაზაფხულამდე თავისი ნაზი გემოს დაუკარგავად. ნაყოფი ზოგჯერ საწყობში შენახვისას იჩითება.

ხე საკმაოდ ყინვაგამძლეა, ძლიერი ზრდისა, ინვითარებს განიერ პირამიდულ ვარჯს, უხვად იმოსება დიდრონი და მუქი მწვანე ფოთლებით. ადრე იწყებს მოსავლის მოცემას და უხვადაც ისხამს. ახასიათებს აშკარად გამოხატული მეწლიურობა. ხის დიდი მოთხოვნილება გარემოს პირობებისა და მაღალი აგროტექნიკისადმი ჯიშის გაშენებას დიდი საწარმოო მასშტაბით ნაკლებად საიმედოს ხდის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები