მუხურის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუხურის წმინდა გიორგი − სოფელ მუხურაში (იმერეთში) წმინდა გიორგი ცხოვრობდა, როცა ხორციელად უვლია დედამიწაზე. მის დროს დევები ყოფილან მომრავლებული და ხალხს თავს ესხმოდნენ. ერთხელ წმ. გიორგი სანადიროდ წასულა და დიაკვნისთვის დაუბარებია: ამ არემარეში დევი დაიარება და, თუ ჩემს აქ არყოფნაში ვინმე მოვიდეს და დაგიძახოს, კარი გამიღეო, უთხარი, ჯერ თითი მაჩვენე და მერე გაგიღებ-თქო. ჩემს ხელს ხომ იცნობ, სხვას არავის გაუღო კარიო, და წავიდა სანადიროდ.

წმ. გიორგის წასვლა რომ გაუგია, იმ ღამესვე წამოსულა დევი, მისულა ეკლესიაში და დაუძახნია დიაკვნისთვის: წმ. გიორგი მოვედი, კარი გამიღეო. აბა, თუ წმ. გიორგი ხარ, ნეკი მაჩვენეო, უთქვამს დიაკვანს. დევმა შეჰყო კარის ჭუჭრუტანაში ნეკი და, როცა დიაკვანმა მისი ბალნიანი ნეკი დაინახა, მიხვდა, რომ დევი იყო, და შესძახა წმ. გიორგის, მიშველეო. ამ დროს წმ. გიორგი ზღვაზე ბრძანდებოდა, მოესმა დიაკვნის ხმა, მიხვდა, დევი მივიდოდაო და გაგულისებულმა წამოავლო ხელი ერთ დიდ ლოდს და გასტყორცნა ეკლესიისკენ, სადაც დევი იდგა. მაგრამ ისეთი ძალით გასტყორცნა ლოდი, რომ მან გადაუფრინა მუხურას და რაჭაში, სოფელ ბარაკონთან დაეცა. ამბობენ, ახლაც იქ დევს ეს ლოდი. ისროლა ქვა თუ არა წმ. გიორგიმ მაშინვე გაემართა მუხურასკენ, შეება დევს, ძირს დასცა და იქვე მოაკვდინა. დიაკვანს კი უბრძანა, მკვდარი დევი კლდიდან გადაეგდო. დიაკვანს შეშინებია და ვერ მიკარებია მკვდარ დევს. მეორედ უბრძანა, გაამხნევა: ძალი ჩემი და მკლავი შენიო, მაგრამ ვერც ახლა გაბედა დიაკვანმა მკვდარ დევთან მიახლოება. მაშინ წმ. გიორგიმ წაღის წვერი ამოჰკრა დევს და კლდიდან გადააგდო, ზედ ურთხელის მორები მიაყოლა. დაეცა დევი და, სადაც დაეცა, იქ ტბა გაჩნდა და ეწოდა დევის ტბა. ეს ტბა ახლაც არის და ურთხელის სარებიც შიგ არის დარჭობილი.

მშიშარა დიაკვანი კი ურწმუნოებისთვის ასე დაუწყევლია წმ. გიორგის: „არც მოშენდე, არც გადაშენდეო.“ და მას აქეთ მისი შთამომავლობის არც ერთ თაობაში თითო კაცის მეტი არ ჰყოლია.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები