მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია – (World Meteorological Organization, WMO), საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია. გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება, ფუნქციონირება დაიწყო 1951. შეცვალა ადრე არსებული საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში. ორგანიზაციის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო თანამშრომლობა მეტეოროლოგიური სადგურების ქსელის შექმნასა და მეტეოროლოგიური დაკვირვებების ერთიანი ნორმების შემუშავებაში, ინფორმაციის სწრაფი გაცვლის სისტემის ჩამოყალიბებაში, ხელი შეუწყოს მეტეოროლოგიური მიღწევების გამოყენებას ავიაციაში, საზღვაო ნავიგაციაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა მსოფლიო მეტეოროლოგიური კონგრესი, რომელშიც ყველა წევრი სახელმწიფო წარმოდგენილია მეტეოროლოგიური სამსახურის მეთაურის დონეზე. კონგრესი იკრიბება 4 წელიწადში ერთხელ ორგანიზაციის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, ამტკიცებს ბიუჯეტს და საქმიანობის პროგრამას, კონგრესი ირჩევს აღმასრულებელ საბჭოს (36 წევრის შემადგენლობით), რომელიც ახორციელებს კონტროლს კონგრესის პროგრამებისა და რეზოლუციების შესრულებაზე. ფუნქციონირებს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ საქმიანობას. ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედებს მეტეოროლოგიის გამოყენების საკითხების შემსწავლელი 8 ტექნიკური კომისია და 6 რეგიონული მეტეოროლოგიური ასოციაცია (აფრიკის, აზიის, სამხრეთს ამერიკის, ცენტრალური და ჩრდილოეთს ამერიკის, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისა და ევროპის).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები