მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერებიმოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულია ქართული ხელნაწერი წიგნის 2 ერთეული, რომელთა შესახებ ინფორმაციას ვაქვეყნებთ ამ ხელნაწერების შესახებ არსებული პუბლიკაციების საფუძველზე (Peeters 1932: 358-371; მეტრეველი 1996: 5-34; Добрынина 2003:259-307; Стерлигова 2003: 308-320; კლდიაშვილი 2005: 143-158).

Щук. 760 (საინვენ. N 19195). ოთხთავი.

1070 წ. 373 ფ.; ეტრატი; 19,8×14,8 სმ.; ნუსხური; კომბინირებული ყდა, კერძოდ, XIX ს-ის ყავისფერ ტყავგადაკრულ ფრთებზე დაკრულია გადაწერის თანადროული რელიეფური მოჭედილობა: ზედა ფრთაზე ჯვარცმა, ქვედა ფრთაზე ვედრების სცენა. გადამწერი: თევდორე, გადაწერის ადგილი: რომანას მონასტრის სოხასტერი. ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისაა. დასასრულ ერთვის საკითხავთა კალენდარული საძიებელი. წიგნი განეკუთვნება ე.წ. „საზეიმო“ ხელნაწერთა რიცხვს, საგანგებოდაა გადაწერილი და შემკული. მინიატიურები განაწილებულია კლასიკური ხანის ოთხთავებისთვის დამახასიათებელი წესის მიხედვით: აყვავებული ჯვარი, ევსებიოსის წერილი კარპიანესადმი, სახარების კანონთა 12 კამარა, თითოეული სახარების წინ მახარებელთა გამოსახულება. ტექსტი გაფორმებულია დეკორირებული საზედაო ასოებით. ხელნაწერი განკუთვნილია კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან I-ის ძმის, აბაზისათვის. ოთხთავს ერთვის გადამწერის ვრცელი ანდერძი და გვიანდელი მინაწერები. წიგნის გადაწერის თარიღის, ადგილისა და ოთხთავის მფლობელის ვინაობის შესახებ ცნობებს გვაწვდის გადამწერის ანდერძი: „...მე სულითა საწყალობელმან თეოდორე მთავარანგელოზელმან დავწერე წმიდაჲ ესე სახარებაჲ სრული ყოვლითავე ფერითა... ესე დავწერე და მოვაჴსენე ბრწყინვალესა მეფესა აბაზს უმბრწამესსაჲ შვილსა სულკურთხეულისა გაგიკ მეფისა... დავწერე და განვასრულე სანახებსა კოსტანტინეპოლლისსა, სოჴასტერსა რომანისსა, საჴელსა წმიდისა ღმრთისმშობელისსა, რომელსა მეგეთონა ეწოდების, მეფობასა ბერძენთა ზედა დეოგენესისასა, და აფხაზთა და ქართველთა ზედა – ბაგრატ სევასტოსის და გიორგი კურაპალატისა, ძისა მისისსა. და კახთა და რანთა ზედა – ხსართანან კურაპალატისა და ძმათა მისთა...“ ხელნაწერი XVI ს-ში სამხრეთ საქართველოში ჩანს დაცული. ოთხთავი აღწერილია, ანდერძ-მინაწერები შესწავლილია, გადამწერის ანდერძი გამოქვეყნებულია (კლდიაშვილი 2005: 145-147). წიგნის მხატვრულ-დეკორატიული სისტემა განხილულია ბიზანტიური წიგნის ხელოვნების კონტექსტში (Добрынина 2003: 259-307; Стерлигова 2003: 308-320).

Син. Греч. 75 (საინვენ. N 80272). „განძის“ანდერძი.

981 წ. 1 ფ.; ეტრატი, 25×16 სმ.; ნუსხური; გადამწერი: სტეფანე, გადაწერის ადგილი: კარინის ქვეყანა. ფურცელი წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის სინოდალურ ბერძნულ კოლექციაში დაცული 1060 წელს გადაწერილი ბერძნული ხელნაწერის – იოანე ოქროპირის მათეს თავის განმარტების საცავ ფურცელს, რომელსაც მიაკვლია რ. ბლეიკმა. ანდერძი წარმოადგენს დღეისათვის დაკარგული „განძის“ ხელნაწერის ანდერძს. კრებულის რაობა უცნობია. ანდერძში დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის „განძის“ გადამწერის (მიქაელის), მომგებლის (იოანე-თორნიკეს), ჩორდვანელთა ფეოდალური სახლის წევრებისა (იოვანე ვარაზვაჩეს, მიქაელის, ჩორდვანელი ექუსოვიტის, ბაგრატ პატრიკის, ჩორდვანელის) და მმოსველის (სტეფანეს) შესახებ: „...მე, იოვანე თორნიკ-ყოფილმან, ძემან სულკურთხეულისა უფლისა ჩორდვანელისამან, შრომაჲ ვყავ და დავწერე წმიდაჲ ესე წიგნი, რომელსა ეწოდების განძი... დაიწერა წმიდაჲ ესე წიგნი ქუეყანასა კარინისასა დასაბამითგანთა ხფ, ქრონიკონსა სა, ჴელითა გლახაკისა მიქაელ მწერალისაჲთა და შეიმოსა ჴელითა ჩემ გლახაკისა სტეფანესითა, ჩუენთჳსცა ლოცვა ყავთ დაგაჯერის ღმერთმან. და მევე იოვანე სჳნგელოზმან მიუძღუანე წმიდაჲ ესე წიგნი მოძღუართა მართლმადიდებლობისაჲ მთასა წმიდასა ათონს, რომელსა შინა ცხომდებიან კაცნი ჴორცითა მსგავსად უჴორცოთა, და რამეთუ მეცა მას შინა მოვიღე სახჱ მონაზონებისაჲ“. ანდერძის ტექსტი, დათარიღების, გადაწერის ადგილისა და ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის ისტორიის საკითხები შესწავლილი და გამოცემულია (Peeters 1932: 359-371; მეტრეველი 1996: 24-43).

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები