მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი)

ანტონ მიტროპოლიტი - (ერისკაცობაში სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, 1882, სოხუმი - 24.XI.1956, იქვე)

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. ამ ფაქტმა წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან, მისი აზრით, ქართველ მასწავლებელს შეეძლო აფხაზების გაქართველება.

1914 წ. 12 ოქტომბერს თბილისის სიონის ტაძარში დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1914 წ. 19 ოქტომბერს – მღვდლად და თბილისში მდგარი ერთ-ერთი სამხედრო პოლკის მღვდელმსახურად დანიშნეს. ამავე წელს დაიწყო I მსოფლიო ომი და ანტონი კავკასიის №11 მსროლელთა პოლკის სამხედრო კაპელანად დაინიშნა. 1918 წ. იგი სტავროპოლის ეპარქიის სოფელ ბეშპაგირის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1922 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადავიდა და სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს. საკათედრო ტაძრის დახურვის შემდეგ სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიაში განამწესეს. მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, მას ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. 1937 წ. 9 ოქტომბერს ანტონი დეკანოზ ელიზბარ ანჩაბაძესთან ერთად დააპატიმრეს. სამეულის გადაწყვეტილებით მათ მიესაჯათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან დაკავშირებით, 1938 წ. 25 მარტს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) (შემდგომში – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სწერდა: „გულისტკივილით მოგახსენებთ, რომ ჩემს ეპარქიაში სოფლებში მღვდლები აღარ არიან, ყველანი დაატუსაღეს. დავრჩი მარტო მე ორი მღვდლით ქ. სოხუმში. ჩვენც, ვგონებ? აღდგომის შემდეგ მოგველის ლიკვიდაცია“.

საპატიმროდან ანტონი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს და იგი კვლავ სოხუმში დაბრუნდა. გადასახლებაში მყოფი აანტონი ხშირად ავადმყოფობდა. ამას დაერთო ისიც, რომ 1943 წ. გარდაიცვალა მისი მეუღლე ტატიანა, ხოლო 1948 წ. – 26 წლის ქალიშვილი ზინაიდა. 1944 წლიდან, ეკლესია-მონასტრების ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ, მან კვლავ სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიაში დაიწყო მღვდელმსახურება. 1946 წ. ამოქმედდა სოხუმის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი და ანტონი მის წინამძღვრად დაადგინეს. 1952 წ. იანვარში სრულიად საქართველოოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით იგი ბერად აღკვეცეს და სახელად ანტონი უწოდეს. 1952 წ. 30 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; მელქისედეკ III-მ (ფხალაძე), წმ. სინოდის წევრ-მღვდელმთავართა თანამწირველობით ცხუმ-აფხაზაზეთის ეპისკოპოსად აკურთხა. 1954 წ. ანტონს დედაეკლესიაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მიტროპოლიტის პატივი მიენიჭა.

მძიმე ავადმყოფობის გამო სიცოცხლის ბოლო წლებში ანტონს სიარულიც კი უჭირდა, მაგრამ მსახურებას მაინც განაგრძობდა და მუდამ საეპარქიო საქმეებით იყო დაკავებული. დაკრძალულია სოხუმის საზოგადო სასაფლაოზე მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით.


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები