მეშველიანი სოსო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოსო მეშველიანი

მეშველიანი სოსო − (1974), პოეტი. დაიბადა ქვემო სვანეთის სოფელ ნანარში. დაამთავრა ლენტეხის საშუალო სკოლა. 1993 წელს ჩააბარა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, თუმცა, მიზეზთა გამო, იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და საზღვარგარეთ წასულიყო. ჩვიდმეტი წელი გაატარა უცხოეთში, ბოლო ცამეტი წელი ცხოვრობდა ესპანეთში. ლექსებს წერს სტუდენტობიდან. თუმცა პირველი პუბლიკაცია მოგვიანებით ჟურნალ „ცისკარში” შედგა, შემდეგ კი − „ჩვენს მწერლობაში”. გამოცემულია მისი პოეტური და დოკუმენტური პროზის ოთხი კრებული: „ღამესასწაული” (2011), „მიჟლაჰარ” (2014) , „ქუნარეშ” და Arboles Altos.


ერთი ევროპული სოფელი
აქ ახლოს, ერთი მყუდრო სოფელია,
სპორტ-კლუბით, ერთადერთი შუქნიშანით
და ბანკის პატარა ფილიალით.
მე კი თვითმარქვია შოპენი ვარ,
დავდივარ პიჯაკით და მუქი შარვლით
ღამე კი ისეთი თბილი არი,
ახლა ერთი კათხა ლუდი მინდა
და ცოტა გართობა, ბილიარდით.
მე ხომ, თვითმარქვია შოპენი ვარ.
(ვარ და ამ აბსურდულ თამაშშიაც
მთელი ბავშვობა მაქვს წაგებული)
ახლა გამოვდივარ ოპერიდან,
მინდვრიდან, ყურთასმენა წაღებული.
ურიცხვი ტენორი ჭრიჭინები,
მღერიან იმას, რაც მე მომპარეს.
ხმა მიყვარს ამდენი ნიჭიერი,
ერთ წუთში გაჩენილი მეგობარის.
უკვე არ მაწუხებს მარტოობაც,
(ყველა ხმას რა თქმა უნდა არ მოვუსმენ)
ცხოვრება ემსგავსება განტოლებას,
რთულსა და ბოლომდე ამოუხსნელს.
ჰაერი ბგერების ბუსუსებით,
სულივით სუფთა და ჟღერადია.
ცაზე ვარსკვლავები ფუსფუსობენ
და მჩხვლეტენ. რომ დავდუმდე ჯერ ადრეა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები