მეტაფიზიკური ფერწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯო დე კირიკო

მეტაფიზიკური ფერწერა - სიზმრისეული ხილვები, ფანტასტიკური სიუჟეტები, „შეცვლილი” რეალობა, სინამდვილის „მიღმა“ არსებული იდუმალი სამყაროს სურათები, არარსებული საგნები და მოვლენები − ყოველივე ეს XX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბებული მეტაფიზიკური და სიურრეალისტური მიმდინარეობის და ფერწერის თემატიკაა. მარაფიზიკურმა ფერწერამ იმთავითვე დაიმკვირდა ადგილი ავანგარდის ხელოვნებაში.

მეტაფიზიკური ფერწერა იტალიაში ჩამოყალიბდა I მსოფლიო ომის წლებში. მას საფუძველი ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) შემოქმედებამ ჩაუყარა. დე კირიკოს სურათებში სიმშვიდე და სტატიკურობა სუფევს. მისი საყვარელი თემაა ქალაქი ზაფხულის ცხელ დღეს; ცარიელი ქუჩები, კაშკაშა განათება, მკვეთრი ჩრდილები. ამ არარსებულ ქალაქში მხატვარი თითქოს იდუმალ, რეალობის მიღმა სამყაროს გამოვლინებას ეძებს. იგი უხეშ, პრიმიტიულ ფორმებს, მკაფიო ფერებს იყენებს და მარტივი, უბრალო, მაგრამ მარადიული ფორმების იდეალს ამკვიდრებს.

არავინ იცის, რას აღნიშნავს ზურსტად უცნაური სიტყვა – „დადა”. უფრო სწორად, ეს სიტყვა არაფერს არ აღნიშნავს − ასევე განმარტავდნენ თავისი მიმდინარეობის არსს დადაისტები: „დადაიზმი არაფერს არ წარმოადგენს”. ამ და სხვა მსგავსი უცნაური განცხადებების გამო დადაისტების გამოფენები თითქმის ყოველთვის სკანდალით მთავრდებოდა.

მართლაც, I მსოფლიო ომმა სრულიად შეცვალა ყველა წარმოდგენის შესახებ. კულტურა უძლური იყო ამ კატასტროფული მოვლენების წინაშე, რომლებიც საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა ევროპაში, ამიტომ დადაისტებმა პროტესტის თავისებური ხერხი აირჩიეს: ისინი მთელ სამყაროს დასცინოდნენ, მისი უაზრობის დემონსტრირებას ახდენდენ. დადაისტები, ფერწერის გარდა, აპლიკაციის, ფოტომონტაჟის, კოლაჟის ტექნიკასაც მიმართავდნენ.

დადაისტების გამოფენებზე ნამუშევრების გარდა სხვადასხვა წარმოდგენის დემონსტრირება ხდებოდა − მაგალითად, ერთ-ერთ გამოფენაზე მხატვარმა მაყურებლებს ნაჯახი შესთავაზა, რათა დაემტვრიათ ის ნამუშევრები, რომლებიც არ მოეწონებოდათ. დარბაზში აკვარიუმი იდგა, რომელშიც მაღვიძარა ეგდო და ხის ხელი დაცურავდა და სხვ.

მეტაფიზიკური ფერწერის და დადაიზმის განვითარება ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმდა მალე მათი ზოგიერთი პრინიციპი ახალი მიმდინარეობის − სიურრეალიზმის – წიაღში აღორძინდა. ამ მიმდინარეობის ლიდერები – პოეტები გიიომ აპოლინერი და ანდრე ბრეტონი − აღფრთოვანებულები იყვნენ დე კირიკოს ნამუშევრებით, რომლებიც მათ 1911 წელს პარიზში გამოფენაზე ნახეს, 1924 წელს კი ანდრე ბრეტონმა თავისი ცნობილი „სიურრეალიზმის მანიფესტი” გამოაქვეყნა. სადაც ნათქვამი იყო, რომ რეალობის შეცნობა გონების ძალით კი არა, სწორედ ინტუიციითაა შესაძლებელი და რომ მთავარია ადამიანის ქვეცნობიერი, და არა ცნობიერი სამყარო. სიურრეალისტებმა, გაიზიარეს დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგის ზიგმუნდ ფროიდის თეორიები არაცნობიერი ფსიქიკის, სიზმრების, თავისუფალი ასოციაციების მნიშვნელობაზე. მათ თანახმად, ადამიანს შეიძლება რაიმე ამოსავალი სიტყვიდან, სიზმრისეული ხილვიდან თავისუფალი ასოციაციების წარმოქმნის გზით ქაოტურად მოუვიდეს თავში სხვადასხვა ცნება − სწორედ ასე იბადება სიურრეალისტური მხატვრული სახე.

წყარო

საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები