მესულთანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესულთანე / მესულეთე / სულთანა – „სულის მკითხავი“, მიცვალებულის სულის რჩეული, ცოცხლებსა და მიცვალებულის სულებს შორის შუამავალი, მათ ნაცვლად მოლაპარაკე, სამზეოში ცოცხალი ნათესავისათვის სულის სურვილების განმცხადებელი, ოჯახისა თუ სოფლის მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილებისათვის საჭირო რჩევების მიმცემი პიროვნება, რომელშიც მესულთანეობის პროცესში მიცვალებულის სული ისადგურებდა.

თუშ-ფშავ-ხევსურთა რწმენის თანახმად, მიცვალებულები თვალყურს ადევნებდნენ თავიანთ ცოცხალ ნათესავებს, შეეძლოთ დახმარება, ოჯახის კეთილდღეობისათვის მხარდაჭერა. სულების გულის მოსაგებად ადამიანებს საჭიროდ მიაჩნდათ მათი სურვილების გაგება და დაკმაყოფილება, რასაც მესულთანის საშუალებით „ახერხებდნენ“. მესულთანე, როგორც წესი, გაბედული, ჭკვიანი, მჭევრმეტყველი ქალი უნდა ყოფილიყო. ხევსურეთში მესულთანეობას 8-9 წლის ასაკიდან იწყებდნენ, ხოლო თუშეთში სულთანად 18-20 წლისანი ხდებოდნენ. მესულეთედ გახდომის სიმპტომები ნერვიული ხასიათის დაავადებაში იჩენდა თავს. თუშური მონაცემით, მომავალ სულთანას გარკვეული ხანიდან ხასიათი ეცვლებოდა, დანაღვლიანდებოდა, ავადობდა – თავს იტკიებდა, მაგრამ ცდილობდა, ეს არ გაემჟღავნებინა, ხალხს ერიდებოდა, ხოლო „როცა მოხნიანდებოდა, ძალიან ავად გახდებოდა. არავის არ ხვდებოდა, თავის სახლში არავის არ მოიყვანდა, სახლის კარებს მოხურავდა, დაწვებოდა. გაშეშებული იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა, დაძინებულივით იყო. მერე კი ლაპარაკს დაიწყებდა. სულში უფრო ღამე მიდიოდა. ხალხი იტყოდა: ეს დედაკაცი სულში მიდისო. სულთანა მკვდრის ხმაზე ლაპარაკობდა. სულში ვინც მიდიან, იმათ ესმით სულის ლაპარაკი. ჩვენ თუ სიზმარში ვნახავთ, არ გველაპარაკებიან“ (თუში მთხრობელი).

სულთანობა დღისითაც შეიძლებოდა და ღამითაც, მაგრამ იგი უფრო ხშირად მიცვალებულთა ტალავართაზე (ტანსაცმელზე) ტირილის დროს ხდებოდა. ზოგჯერ ხმით მოტირალი და მესულთანე ერთი და იგივე პირი იყო. ასეთ შემთხვევაში იგი ჯერ იტირებდა, შემდეგ კი სულთანობას იწყებდა. სულთანობისას ხმით მოტირალი მიცვალებულის ენით ლაპარაკობდა. შეიძლებოდა, ხმით მოტირალი მესულთანე არ ყოფილიყო, მაგრამ ტირილის დროს „სული აჰყოლოდა“ და ესულეთა. გარდა სულეთობისა, მესულთანე დიდ როლს თამაშობდა „სულის სახელის" დარქმევაში. როგორც ცნობილია, სულის სახელი ბავშვს მიცვალებულთა სურვილით ერქმეოდა, ხოლო მათი სულების ნება-სურვილის განმცხადებლად სააქაოში მესულთანე იყო. მესულთანეს მიმართავდნენ მაშინაც, როდესაც ოჯახში მძიმე ავადმყოფი ყავდათ. ასეთ შემთხვევაში ჯერ ხატის მკითხავთან – ქადაგთან – მივიდოდნენ. იგი მიუთითებდა ავადმყოფობის მიზეზზე, კერძოდ, რომელიმე განაწყენებულ ჯვარს დაასახელებდა და მთხოვნელს ღვთისშვილის გულიმოსაგებად კურატის (მოზვერის) შეწირვას ურჩევდა. მაგრამ თუ ქადაგს ჯვარნი არ მოუვიდოდნენ, ავადმყოფის ახლობლები მესულთანეს მიმართავდნენ. მესულთანეს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებოდა: ეკრძალებოდა ნივრის ჭამა, რადგან ასეთ შემთხვევაში „სულნი არ მოუვიდოდნენ“; წელიწადში ხატის კარზე ორ-სამჯერ (ხევსურეთი) ან ერთხელ მაინც (თუშეთი) საკლავი უნდა დაეკლა. რამდენადაც მესულთანესთან მისულ ჭირისპატრონებს თან ხმიადები, ყველი, სანთელი და ფული მიჰქონდათ, მათ გარკვეული შემოსავალიც გააჩნდათ.


ლიტერატურა

  • მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის ხეობაში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვიოს. III. თბ., 1940, გვ. 41-42;
  • ვ. ბარდაველიძე. მრავალსულიანობის კონცეფცია // მიმომხილველი. I. თბ., 1949, გვ. 149, 154;
  • დ. გიორგაძე. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმართული რელიგიური რწმენის ერთი საკითხის შესახებ (მესულთანეობა) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. VIII. თბ., 1975, გვ. 175-184;
  • დ. გიორგაძე. მიცვალებულის კულტის მსახური – მესულთანე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XI. თბ., 1978;
  • თ. ოჩიაური. მთიბლურთა და ხმით ნატირალთა ურთიერთობის საკითხისათვის // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XV. თბ., 1960, გვ. 175-176;
  • ნ. ხიზანიშვილი. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1940, გვ. 28-29;
  • В. А. Гурко-Кряжин. Хевсуры. М., 1928б с. 29-30;
  • Р. Эристави. О тушино-пшаво-хевсурском округе // ЗКОРГО, Т. III, გვ. 104.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები