მეოცე საუკუნის 50-60 წლების ფოტოხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ ფრენკი. ტროლეიბუსი, ახალი ორლეანი, 1955; დაბეჭდილია ჟელატინ-ვერცხლის ქაღალდზე,(23X33 სმ). ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი

მეოცე საუკუნის 50-60 წლების ფოტოხელოვნება–1950-იან და 1960-იან წლებში ფოტოგრაფია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო პერფორმანსის დოკუმენტირებისთვის, თუმცა ის თავადაც მნიშველოვან მედიუმს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 1955 წელს, ნიუ იორკის ახალი ხელოვნების მუზეუმში მოწყობილი ფოტოგამოფენა - Family of Man (მამაკაცის ოჯახი, კურატორი ედუარდ სთაიჩენი), სამყაროს სიმშვიდესა და ჰარმონიაში ასახავდა, ისეთი ილუსტრირებული ჟურნალები კი როგორიც Life-ია, თანამედროვე ცხოვრების კომფორტულ, საგარეუბნო, ნათელ, შინაურულ სახეს გვიხატავდა, არსებობდნენ ისეთი ფოტოგრაფებიც, რომლებიც ამერიკული საზოგადოების განსხვავებულ ხედვას გვთავაზობდნენ.

რობერტ ფრენკი

ფრენკი შვეიცარიელი ფოტოგრაფი რობერტ ფრენკი (Robert Frank, დ. 1924) ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. თავის თამამ, სოციალურ პორტრეტებში იგი ცდილობდა მოეხელთებინა ის დისჰარმონია, რომელიც ჯონსისა და რაუშენბერგის ხელოვნებაში იყო ნაჩვენები. სიახლეების წნეხითა და მოდის ინდუსტრიაში მიღებული ბანალური დავალებებით იმედგაცრუებულმა ფოტოგრაფმა უარი თქვა შტატგარეშე სამუშაოზე Life-სა და Vogue-ში და 1948 წელს, პერუსა და ბოლივიაში გაემგზავრა. ოთხი წლის შემდეგ, მან შექმნა ფოტოსერია, რომელ¬შიც უელსელი მაღაროელების ცხოვრება იყო აღბეჭდილი. ამერიკის გარშემო სამოგზაუროდ და "სოციალური პეიზაჟების" გადასაღებად, ფრენკმა 1955 წელს, გუგენჰაიმის სტიპენდია მიიღო. იმ წელს ფოტოგრაფმა 28,000-ზე მეტი ფოტო გადაიღო, რომელთაგან მხოლოდ 83 შეარჩია წიგნში დასაბეჭდად. ფოტოები იმდენად უხეში, მკაცრი და მძაფრი სოციალური კრიტიკის შემცველი იყო, რომ ფრენკმა შეერთებულ შტატებში თავიდან გამომცემელი ვერც კი იპოვა. წიგნი საფრანგეთში დაიბეჭდა სათაურით - Les Americains (1958). ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელები საბოლოოდ მხოლოდ მომდევნო წელს გამოიცა. წიგნს დართული ჰქონდა ჯექ ქეროუაქის წინასიტყვაობა, ახალი, ბითების თაობის მწერლისა, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა მეინსტრიმულ ამერიკულ ღირებულებებს. ნამუშევარში ტროლეიბუსი, ახალი ორლეანი, მკაცრი შესახედაობის, ელეგანტურად ჩაცმული თეთრკანიანი მგზავრი ტრანსპორტის წინა რიგში იკავებს ადგილს, შედარებით თავისუფლად პოზირებენ აფრო-ამერიკელები, რომლებსაც 1950-იანი წლების ამერიკული კანონების თანახმად, უკანა ადგილები აქვთ დაკავებული. სურათის კომპოზიცია, რომელშიც ფიგურები ფანჯრების სწორკუთხა, სიმეტრიული ჩარჩოებით არიან ერთმანეთისგან გამიჯნულნი, ვიზუალურად ხაზს უსვამს რასობრივ სეგრეგაციას და ურბანულ გაუცხოებას, ზედა რიგის დახურულ სარკმლებში არეკლილი მქრქალი სურათები კი თითქმის დამოუკიდებელ ფოტოებად შეიძლება იყოს მიჩნეული.

დაიან არბუსი

დაიან არბუსი თავისი 1962 წლის ნამუშევრით — ბავშვი სათამაშო ხელყუმბარით ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში, 1970

არბუსი მოდის ფოტოგრაფის გამოცდილებიდან გამომდინარე, დაიან არბუსი (Diane Arbus, 1923-1971), ფრენკზე მეტად უარყოფდა ელეგანტური არტ ფოტოგრაფიის დიქტატს (1950-იან წლებში დაიანის და მისი მეუღლის, ალენ არბუსის ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალის Seventeen გარეკანზე). დაიანს არ სურდა, რომ მაყურებელს მისი ამაღელვებელი ნამუშევრებიდან ყურადღება ფორმალურ მოხდენილობაზე გადაეტანა. თავის შემოქმედებაში არბუსი გასცდა მისაღები თემების საზღვრებს - იღებდა ნუდისტებს, ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს ან მათ ვინც საზოგადოების მიღმა იყო დარჩენილი. მის ფოტოებზე ადამიანები აშკარად გრძნობენ კამერის არსებობას (ამის გამოხატვის უფლებას მათ ჩვეულებრივ, თავად ფოტოგრაფი აძლევდა). ამ თმააბურძგნული, საშიში ბავშვის მსგავსად, ისინი უშუალოდ უპირისპირდებიან მაყურებელს და თითქოს ცდიან უსაფრთხო მაძილს ჩვენსა და მათ შორის. დაიანი ამბობდა: "მწამს, რომ მართლა არსებობს ისეთი რამ, რასაც ვერავინ დაინახავს, ვიდრე მე ამას ფოტოზე არ აღვბეჭდავ".

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები