მენიერის დაავადების გარეშე არსებული პერიფერიული ვერტიგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენიერის დაავადების გარეშე არსებული პერიფერიული ვერტიგო — ვესტიბულარული აპარატის პერიფერიული ნაწილის (შიდა ყურის და სმენის ნერვის) დაზიანებას თან ახლავს თავბრუსხვევის მრავალი გამოვლინება. ეს გამოწვეულია ორი მიზეზით: ამ ნაწილების გაღიზიანებით ან დესტრუქციით.

ლაბირინთის ან სმენის ნერვის უეცარი დესტრუქცია იწვევს ვერტიგოს შეტევას კომპლექსური ნიშნებით – ნისტაგმს დაზიანებული მხარის კონტრლატერალურად და სხეულის დევიაციოს იფსილატერალურად. ამ სიმპტომების ალაგება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი. რეაბილიტაცია ახალგაზრდებში და აქტიურ ადამიანებში უფრო სწრაფია. მას „ცენტრალური კომპენსაციის ფენომენი“ ეწოდება.

ლაბირინთის და სმენის ნერვის ნელი დესტრუქცია, ხშირ შემთხვევაში, არ იწვევს ვერტიგოს. კალორიული კვლევების დროს, ორივე შემთხვევაში, სახეზეა კალორიული ტესტის უარყოფითი ან ძალიან სუსტი პასუხი.

უმრავლეს შემთხვევაში, ლაბირინთოპათია დაკავშირებულია გაღიზიანებასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, კვლევები და გამოკითხვა მიმართულია ლაბირინთოპათიის გამომწვევი მექანიზმის დასადგენად, რაც უფრო ადვილს ხდის შემდგომ პროგნოზს და მკურნალობას.

პერიფერიული დაზიანების სასარგებლოდ მეტყველებს შემდეგი ნიშნები:

– ვერტიგოს დიდი, მენიერის დაავადების იდენტური შეტევები, რომლის გამომწვევი თავის უეცარი მოძრაობაა;
– ვერტიგოსთან ასოცირებული კოხლეარული ნიშნები (ტინიტუსი, ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება);
– შეტევების პაროქსიზმული ხასიათი;

სარჩევი

აშკარა წინაპირობები

თავის ქალას ტრავმა

ასეთ ტრავმებს შეუძლიათ, ტოტალურად ან ნაწილობრივ, დააზიანონ ლაბირინთი. პირველ შემთხვევაში, დესტრუქციის შემდგომ, ეს გამოიწვევს დიდ ვერტიგოს რომელიც, წესით, მალევე ალაგდება. მეორე შემთხვევაში – კლინიკური ნიშნების ხანგრძლივობა თვეებით ან წლებით შეიძლება განისაზღვროს.

როდესაც ლაპარაკია ტრავმაზე, არ ვგულისხმობთ აუცილებლად ქალას ფუძის მოტეხილობას, მის გარეშეც შესაძლებელია სახეზე იყოს ლაბირინთის დესტრუქცია. აღსანიშნავია, რომ ტრავმის დროს, ცენტრალური და პერიფერიული ვერტიგო ხშირად, შესაძლოა, ერთდროულად იყოს განვითარებული. ადრეული რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია ამ დაავადების სამკურნალოდ.

ყურის ტრავმები

ისეთ მცირე ტრავმებსაც კი, როგორიც არის სილის გარტყმა, ასანთის ღერით დაფის აპკის დაზიანება, შეუძლია გამოიწვიოს არა მარტო შუა ყურის, არამედ ლაბირინთის დაზიანებაც, ყველა თანმხლები კლინიკური ნიშნით.

ყურის ინფექციური დაავადებები

შუა ყურის ანთებებს, მწვავეს და ქრონიკულსაც, შეუძლია გამოიწვიოს ვესტიბულარული დაზიანებები, როგორიცაა:

— გაღიზიანების შედეგად მიღებული ვესტიბულოპათია. სწორი, ადრეული ანტიინფექციური მკურნალობის პირობებში, ხდება მისი სწრაფი აღდგენა.
— დესტრუქციული ტიპის ვესტიბულოპათია, როდესაც სრული სიყრუე არის ჩამოყალიბებული და პროგნოზი ძალიან ცუდია.

ანუ, ჯამში, ლაპარაკია მწვავე ლაბირინთიტზე. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ისეთი სერიოზული ცერებრალური გართულებების გათვალისწინება, როგორიც არის მენინგიტი, ინტრაკრანიალური აბსცესი.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ვესტიბულოპათია შესაძლოა გამოწვეული იყოს ყურის უბრალო პათოლოგიით, როგორიცაა შუა ყურის ექსუდაციური ოტიტი.

ასეთ შემთხვევებში, ლაბირინთიტის სიმპტომები მალე ქრება ოტიტის სტანდარტული მკურნალობით.

ზოგიერთ შემთხვევში, ლაბირინთიტის ნიშნები ვლინდება ოტოსპონგიოზის დროსაც.

ჰერპეს ვირუსის შედეგად ჩამოყალიბებული ლაბირინთიტის ნიშნები, ხშირად ხანგრძლივ გაღიზიანებას იწვევს და აწუხებს პაციენტს.

როდესაც ყურის ნიჟარაზე ჰერპესისთვის დამახასიათებელი ბუშტუკები არ ჩანს, ამ დიაგნოზის დამადასტურებელი ნიშნებია მაღალი სიცხე და სისუსტე. შესაძლოა სახის პარეზიც.

ზოგიერთი სიყრუე უეცარი ხასიათისაა. მათ „უეცარ სიყრუეს“ ეძახიან. აუდიომეტრიით ვლინდება პერცეპციული სმენის დაქვეითება. ხშირ შემთხვევაში, მათი თანმხლები ჩივილი ვერტიგოა. მისი არსებობა ცუდი ნიშანია. მიუხედავად სასწრაფოდ დაწყებული მკურნალობისა, სმენის აღდგენის შანსი ნაკლებია. უეცარი სიყრუის მკურნალობა ხდება სიმპტომების გამოჩენისთანავე, ვაზოდილატატორების, სტეროიდული და ანტიჰერპესული პრეპარატების გამოყენებით. დაგვიანებული მკურნალობა უშედეგოა.

იზოლირებული, ვესტიბულური ნიშნები

პოზიციური პაროქსიზმული კეთილთვისებიანი ვერტიგო (პპკვ) იგივე კუპულოლითიაზი

მეორე სახელი დაკავშირებულია ვერტიგოს ოტოლიტურ ეტიოლოგიასთან.

კლინიკა მოკლე და ინტენსიურია. თან ახლავს როტაციული ნისტაგმი. ვერტიგოს დაწყება ყოველთვის დაკავშირებულია პოზიციის შეცვლასთან და ყოველ პაციენტს ერთსა და იმავე პოზიციაში ეწყება. იგი შესაძლოა თვეების მანძილზე გრძელდებოდეს და უეცრად გაქრეს ყოველგვარი ნიშნის გარეშე.

ჰალპაიკის (Hallpike) მკურნალობა თერაპიული მანიპულაციით ძალიან ეფექტურია. ის არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას.

ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ზოგიერთი სკოლა მიმართავს ქირურგიულ ჩარევას. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი ვერტიგო, რომელიც მიეკუთვნება ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის თავბრუსხვევას, არის არასწორად შეფასებული პპკვ.

ვესტიბულიტი (ვესტიბულარული ნევრიტი)

უეცრად ჩამოყალიბებული დესტრუქციული, პერიფერიულ-ვესტიბულარული სინდრომია. მისი კლინიკა უეცარ ხასიათს ატარებს და იზოლირებულად, ტინიტუსის ან სმენის დაქვეითების გარეშე ვლინდება. შესაძლოა მას თან სდევდეს სუბფებრილიტეტი.

დიდი ვერტიგო და ნისტაგმი, შესაძლოა, დიდხანს, რამდენიმე დღის მანძილზე აწუხებდეს პაციენტს. შემდეგ, ის ნელ-ნელა ქრება, თუმცა წონასწორობის დარღვევა შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩეს და გაუარესდეს თავის პოზიციის უეცარი შეცვლისას. გამოკვლევებიდან, აუცილებელია გაკეთდეს ვესტიბულარულ–კალორიული ტესტი, რომელიც გაღიზიანების ცალმხრივ დაქვეითებას აჩვენებს. თუ ეს დაქვეითება არ ვლინდება, მაშინ საეჭვოა მისი პერიფერიული ხასიათი და ვიხრებით დაავადების ცენტრალური ეტიოლოგიისკენ.

როგორც უეცარი სიყრუის ეტიოლოგია და პროგნოზირება, ვესტიბულარული ნევრიტის საკითხიც ნაკლებად ცნობილია.

პროგნოზთან დაკავშირებით, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ის მით უფრო უკეთესია, რაც უფრო აქტიურია პაციენტი. ვესტი ბულოპლეგიური საშუალებებიც ნაკლებად გამოიყენება, რადგან სედატიურ და ვერტიგოს საწინააღმდეგო პრეპარატებს ახასიათებთ ცენტრალური კომპენსაციური მექანიზმების ინჰიბირების მოქმედება. ეს კი ანელებს აღდგენით პროცესს.

იზოლირებული მორეციდივე ვერტიგოები

აღწერილია ისეთი ხასიათის ვერტიგოები, რომელსაც არ გააჩნია განსაკუთრებული გამომწვევი მიზეზი – არც პოზიციის შეცვლა, არც ვირუსი, არც ტრავმა. მათ ხშირად მენიერის მაგვარ ვერტიგოს უწოებენ და მათი პერიოდულობა არ არის კანონზომიერი, ისევე, როგორც მენიერის დაავადების დროს.

ასეთი ვერტიგოს მიზეზი პერიფერიული დაზიანება უნდა იყოს და ის ყოველგვარი კვალის გარეშე ქრება. მხოლოდ იშვიათი მათგანი გადაიზრდება მენიერის დაავადებაში და სერიოზულად აწუხებს პაციენტს. შაკიკის მაგვარი შეტევების დროს განვითარებული ვერტიგოს მკურნალობა კი ანტიმიგრენული საშუალებებით ხდება და, როგორც წესი, შეტევის გავლისას ქრება

ტოქსიკური ვესტიბულიტი

ტოქსიკური დაზიანება ძალიან იშვიათად იძლევა ვესტიბულარულ ნიშნებს. თუ ეს მაინც ხდება, მაშინ საქმე გვაქვს ოტოტოქსიკური ნივთიერების, მაგალითად ამინოგლიკოზიდების მიღებასთან. ამ შემთხვევაში, გამოხატულია წონასწორობის მოშლა, განსაკუთრებით, სიარულის დროს ან ფეხზე დგომისას თვალდახუჭულ მდგომარეობაში. რეაბილიტაცია უფრო ძნელია ასაკოვან პაციენტებში.

იხილე აგრეთვე

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები