მეი როლო რიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეი როლო რიზ

მეი როლო რიზ - May Rollo Reece, Мэй Ролло Рис, 1909-1994

ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ამერიკული ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი უმნიშვნელოვანესი განშტოების, ეგზისტენციური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი თეორეტიკოსი და ლიდერი.

თავდაპირველად თეოლოგიური განათლება მიიღო პაულ ტილიხის ხელმძღვანელობით, ხოლო შემდგომ დაეუფლა კლინიკურ ფსიქოლოგიას და ფსიქოანალიზს, კოლუმბიის უნივერისიტეტში. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და კლინიკურ მუშაობას. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ჰარვარდის, პრინსტონის, იელის, კოლუმბიის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში და რამდენიმე კოლეჯში. იყო ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე. დაჯილდოებულია АРА-ს პრემიით და მედლით მეცნიერებაში და კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკაში თვალსაჩინო წვლილისთვის. მის სახელს ატარებს ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო ცენტრი სან-ფრანცისკოში.

მეი ეთანხმება ეგზისტენციალიზმში მიღებულ მოსაზრებას, რომ იზოლირებულობა, სხვებისაგან და საკუთარი თავისაგან გაუცხოება დამახასიათებელია ყველასთვის, ვინც დღევანდელ დასავლურ საზოგადოებაში ცხოვრობს. იგი დიდ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა ეგზისტენციალური განცდების დახასიათებას, როგორც დადებითების (მზრუნველობა, სიყვარული), ისე უარყოფითების (სიკვდილის შიში, შფოთვა, ბრალეულობა, აპათია და სხვა). ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც მეის მიერ ჩატარებულ შფოთვის საფუძვლიან ანალიზს ხვდა. შფოთვა მეის მიხედვით არის „ადამიანის მიერ იმ ღირებულებებისადმი წარმოქმნილი საფრთხის გაცნობიერება, რომელთაც იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მისი, როგორც პიროვნების არსებობისთვის”. მაგრამ მთავარი მნიშვნელოვნება ცხოვრების საზრისის დაკარგვას ენიჭება. განიხილება ორგვარი შფოთვა - ნორმალური და ნევროზული. ნორმალური შფოთვა თან ახლავს ძველ ღირებულებათა უარყოფის ან გადახალისების პროცესს, რაც ყოველთვის დაკავშირებულია პიროვნების ზრდასთან და განვითარებასთან {პიროვნული ზრდა; თვითგანხორციელება}, ამდენად ეს ნორმალური მდგომარეობაა. თუკი შფოთვა საფრთხის თანაზომადია, მასთან სავსებით შესაძლებელია მასთან გამკლავება ცნობიერების დონეზე. მაგრამ თუკი შფოთვა საფრთხის თანაზომადი არაა და გადამეტებულია, მაშინ ის ნევროზული ხდება. მისი სათავეა რაიმე ღირებულებისთვის არაადეკვატურად დიდი მნიშვნელოვნების მინიჭება. ამ ღირებულებაზე უარის თქმამ შეიძლება ცხოვრების საზრისის დაკარგვის საფრთხე შექმნას და ნევროზული ეგზისტენციალური შფოთვა, ძრწოლა გამოიწვიოს. შინაგნად არათავისუფალი ადამიანი თავის გარშემო იქმნის ისეთ რეალობას, სადაც მას არ ესაჭიროება არჩევანის გაკეთება, ვალდებულებათა აღება. ამიტომ ნევროზული სიმპტომები პასუხისმგებლობისგან გაქცევის და, შესაბამისად, თავისუფლებისგან გაქცევის მანიშნებელია - იმის მაჩვენებელი, რომ ადამიანი თავის შესაძლებლობებს არ იყენებს. ფსიქოთერაპიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს თავისუფლების მოპოვებაში, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობები გააცნობიერონ და გამოიყენონ. როდესაც პაციენტი უფრო თავისუფალი ხდება, მისი ნევროზული სიმპტომები, როგორც წესი, ქრება - ნევროზული შფოთვა ნორმალური შფოთვით იცვლება. მაგრამ ეს მხოლოდ თანმხლები ეფექტებია მთავარი მიზნისა - პაციენტის მიერ სრულფასოვანი ცხოვრებისკენ მიმავალი გზის არჩევისა. ამის მიღწევაში გადამწყვეტი ემპათიაა, რომელიც, მეის თქმით, კონსულტირების პროცესის გასაღებია. აქ ყოველივე თავისუფალი საუბრით, ურთიერთმიმღებლურ გარემოში ხდება, უაღრესად ფაქიზად, პიროვნების დამოუკიდებლობაში ჩარევის გარეშე. ფსიქოთერაპევტი მხოლოდ რბილად უბიძგებს პაციენტს იმისკენ, რომ მან თავის თავზე მუშაობა დაიწყოს და ამით მიაღწიოს გარე და შინაგანი სამყაროს ადეკვატურ და უკეთეს გაგებას; საბოლოოდ, იგი უნდა გახდეს ის, რაც შინაგანად არის, დაიბრუნოს თავისუფლება და პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები