მეზერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეზერი − საფლავი.

სასაფლაოები აჭარის თითქმის ყველა სოფელში ცალკე იყო გამართული. სოციალურ ფორმებად სეგმენტირებულ საზოგადოებაში მეზერლუღი − სასასაფლაოები დიფერენცირებულად იყო წარმოდგენილი, ამდენად, სასაფლაო და სასაფლაოზე სამარხთა განლაგების პრინციპებიც საზოგადოებრივი ცხოვრების სოციალურ მოდელს ექვემდებარებოდა. აჭარის თითქმის ყველა ხეობის სოფელში და სოფლის უბანში არსებობდა საგვარეულო ანდა სახლეულის − ოჯახის, მშობლის, ცოლის, ქმრისა და მათი დაუქორწინებელი შვილების კომპაქტური სამარხები. აჭარაში სახლეულის ფარგლებში წარმოდგენილი ოჯახის წევრის სამარხები, ხშირად, საკარმიდამო ეზოში ანდა საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს ე. წ. „ნაფუზარში” იმართებოდა. უმეტესად ეს მაშინ ხდებოდა, როცა საუბნო თუ სასოფლო სასაფლაოები შეივსებოდა, რის გამოც ოჯახი დასამარხ ადგილს ცალკე გამართავდა. ძველი სასაფლაოს შევსება ახლის გაჩენას განაპირობებდა, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდებოდა და, სოფლის მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის შესაბამისად, თუ ტერიტორიული ფართობი საშუალებას იძლეოდა, დასაშვებია, საუბნო და სასოფლო სამარხებშიც გადაზრდილიყო.

ოჯახი სამარხს, ჩვეულებრივ, კუთვნილი ნაფუძრის − საბოსტნე ნაკვეთის კიდურზე შეარჩევდა. თანდათანობით, ოჯახისათვის გამოყოფილ სასაფლაოზე სახლეულის წევრთა რიცხვის ზრდის პროპორციულად სამარხთა რიცხვიც მატულობდა და უკვე დიდი სახლეულის ფარგლებში ოჯახთა ჯგუფის სეგმენტაციის საფუძველზე, იგი საუბნო სასაფლაოდ იქცეოდა. სახლთმეურნეობების სეგმენტაციის პროცესში საგვარეულო ნაკვეთები პარცელაციას განიცდიდა, მაგრამ სასაფლაო მუდამ საერთო და განუყოფელი რჩებოდა. ეზოში ანდა საბოსტნე ნაკვეთში გამართულ სამარხებთან შედარებით საუბნო სამარხები აჭარაში გაცილებით ფართოდ იყო წარმოდგენილი, მაგრამ მაინც აჭარაში უმეტესად სასოფლო სასაფლაოებს ვხვდებოდით. ცალკეულ სოციალურ გაერთიანებას სასაფლაოზე თავიანთი კუთხე ჰქონდა. ლოკალურ-ნათესაური ჯგუფისათვის განკუთვნილი ამ ტიპის სასაფლაო აჭარაში შუასაუკუნეების წერილობითი წყაროთიც დასტურდება. ტბელ აბუსერისძეს მიხედვით, „და ესე ნეტარიცა გარდაიცვალა ცხორებასა საუკუნესა და დაეკრძალა საფლავსავე პაპისა და მამისა თვისისა, შტოსა შინა მისივე საკვირველისა ტაძრისა”. მიცვალებულის ეზოში დამარხვის წესი აჭარის გარდა საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხეს, მაგალითად, სამეგრელოსაც ახასიათებდა.



ლიტერატურა

მგელაძე, 2002:236-256.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები