მაღრაძე მერაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერაბ მაღრაძე

მაღრაძე მერაბ - Maghradze Merab, Маградзе Мераб, 1947

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი; ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1983), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი (2006), ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013), საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელი (1990), კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2002), საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2008). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით (1970). გავლილი აქვს ტრენინგები („სწავლა-სწავლების და შეფასების ინოვაციური მეთოდები“ და „სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმა და ტრავმირებულ ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკა“). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).


1970-1971 წლებში მუშაობდა თბილისის ა. ს. პუშკინის სახ. პედაგოგიკის ინსტიტუტში, 1971-1973 წლებში − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1973-1976 წლებში − საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, 1976-1984 წლებში − საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრში, 1984-1990 წლებში − პედაგოგთა კვლიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალურ ინსტიტუში, სადაც იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-მეთოდური მუშაობის დარგში. 1990 წლიდან მუშაობს ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1998-2006 წლებში იყო ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, 2006 წლიდან ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიის მიმართულებას, ხოლო 2013 წლიდან − ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტს. შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელებში, როგორც ფსიქოლოგიის ლექტორი. 2010-2014 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა პროფესიული მომზადების ცენტრის მწვრთნელი და ატარებდა ტრენინგებს იმერეთის ზონის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, განვითარებისა და სწავლების თეორიებში.

მ. მაღრაძის კვლევის ძირთადი მიმართულებებია: განათლების ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია და სტრესის ფსიქოლოგია, რომელთა აქტუალურ პრობლემებსაც იკვლევს განწყობის დ. უზნაძისეული ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ცნებებსა და დებულებებზე დაყრდნობით {განწყობის თეორია}. იგი ამტკიცებს, რომ დ. უზნაძისეული განწყობის ფსიქოლოგიის საფუძველზე თანდათან ყალიბდება მისი სხვადასხვა ნეო მიმართულებები. კერძოდ, მას ნეოუზნაძიზმად მიაჩნია განწყობის ფსიქოლოგიის ის განშტოება, რომელიც დღეს შ. ჩხარტიშვილისეული განწყობის დინამიკური მოდელის მიმართულებით ვითარდება. ამ მოდელის გათვალისწინებით მაღრაძე ამტკიცებს, რომ აქტუალური განწყობა თვითონვე აყალიბებს თავისი ცვლილებისათვის საჭირო ფსიქოლოგიურ ფაქტორებს − მოთხოვნილებასა და სიტუაციას. მ. მაღრაძემ შემოიღო „ბიოლოგიური მაორგანიზებელი მდგომარეობის“ ცნება, რომელიც ფსიქოლოგიური განწყობის გენზისურ საფუძვლად მიაჩნია {საჭიროება}. დინამიკური მოდელის მომარჯვებით იგი მუშაობს სტრესის პრობლემატიკაზე და ამტკიცებს, რომ სტრესი აქტუალური განწყობის ცვლილების თავისებური ფორმაა და მისი აღმოცენება-მიმდინარეობა აქტუალური განწყობის ცვლილების კანონზომიერებათა შესატყვისად ხორცილედება. ამაში გადამწყეტ როლს სტრესის ფილოგენეზურად ფიქსირებული განწყობის აქტუალიზაცია ასრულებს.

განვითარებისა და განათლების აქტუალური საკითხების განხილვის კონტექსტში მ. მაღრაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უცხოურ თეორიათა შეფასება და ანალიზი საჭიროა, განწყობის თეორიის შუქზე ხორციელდებოდეს. შესაბამისად, ჩვენს განათლების სისტემაში ყოველგვარი სიახლე ამის გათვალისწინებით უნდა ინერგებოდეს. სწავლის, როგორც ადამიანური ქცევის ფორმის, მოტივაციის საკითხებს მ. მაღრაძე განწყობის დინამიკური მოდელისა და ი. იმედაძისეული ქცევის პოლიმოტავიციური მოდელის თვალსაზრისით განიხილავს. იგი ამტკიცებს, რომ სასწავლო ქცევის მიმდინარეობის განმავლობაში მისი მოტივაციური სტრუქტურა დინამიკურად იცვლება მისი ფუნქციონალური და სუბსტანციური მდგენელების ცვალებადობის გავლენით.

მ. მაღრაძეს გამოქვეყნებული აქვს 70 ნაშრომი თანამედროვე ფსიქოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის 2 მონოგრაფია და 4 დამხმარე სახელმძღვანელო. არის საქართველოში ჩატარებული მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. იყო ორი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და თანათავმჯდომარე, რომლებიც მიეძღვნა მ. მაღრაძის მასწავლებლის, შალვა ჩხარტიშვილის 100 წლისთავს (ქუთაისი, 2010) და საქართველოში მეცნიერული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის 130 წლისთავს (ქუთაისი, 2016). იყო „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „კურიკულუმი მასწავლებლის ფსიქოლოგიური მომზადებისათვის“ (განხორციელდა 2001-2002 წლებში) ავტორი და ხელმძღვნელი და ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოს, „ფსიქოლოგია მასწავლებლისათვის“ მთავარი ავტორი. მონაწილეობდა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში „სტრესი და იძულებით გადაადგილება. ფსიქოლოგიური პრობლემები და მათი დაძლევის გზები“ და არის მის ფარგლებში გამოცემული იმავე სახელწოდების სახელმძღვანელოს ერთერთი მთავარი ავტორი.

მთავარი ნაშრომები

  • ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხები, ქუთ., 1995
  • ინტერაქტიური მეთოდებით სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები, ქუთ.-2005
  • განწყობის თეორია და განათლების ფსიქოლოგიის ზოგადი საკითხები, ქუთ.-2008
  • ფსიქოლოგიური აზრის განვითარება ანტიკური ხანიდან მეცნიერული ფსიქოლოგიის დაფუძნებამდე, ქუთ.-2016
  • სტრესი და განწყობა, // „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, 2013
  • განწყობის და მისი ფაქტორების ურთიერთობის პრობლემა, // „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, 2016
  • სტრესი, განწყობა და ფსიქიკის აღმოცენების პრობლემა, // „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, 2017

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები