მაღალი სიმტკიცის ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაღალი სიმტკიცის ბეტონი − განსაკუთრებით მკვრივი, მტკიცე და მონოლითური ბეტონი სიმტკიცით 50-100 მპა. ასეთი ბეტონის მისაღებად გამოიყენება: მაღალი სიმტკიცის ცემენტი და შემვსები, დაბალი წყალცემენტის ფარდობა, ცემენტის ზღვრულად დასაშვები ხარჯი, სუპერპლასტიფიკატორი და კომპლექსური დანამატები, ბეტონის შემადგენელი კომპონენტების ხარისხიანი არევა და შემკვრივება და ბეტონის გამაგრებისათვის საუკეთესო პირობების შექმნა. შემვსები უნდა იყოს სუფთა, კარგი მარცვლოვანი (გრანულომეტრიული) შედგენილობით და ნაკლები ცარიელობით, არ უნდა შეიცავდეს სუსტ მარცვლებს. მსხვილი შემვსების სიმტკიცე 20%-ით მეტი უნდა იყოს ბეტონის სიმტკიცეზე. ბეტონის სიმტკიცის ზრდასთან ერთად შემვსების გავლენა მის სტრუქტურაზე და თვისებებზე იზრდება. ყველა შემვსებს აქვს ზღვარი, უფრო მეტი სიმტკიცის მიღება ძნელია და ეკონომიურად გაუმართლებელია, რადგან ბეტონის სიმტკიცის მცირე მატებისათვის საჭიროა ცემენტის ხარჯის მნიშვნელოვანი გაზრდა. ჩვეულებრივ ეს ხდება, როდესაც ბეტონის სიმტკიცის ზღვარი ჭიმვაზე მიუახლოვდება შემვსების სიმტკიცეს. განსაკუთრებით მტკიცე ბეტონებისათვის უნდა გამოვიყენოთ მაღალი სიმტკიცის შემვსები დიაბაზის, ბაზალტის, გრანიტის და სხვა ქანებიდან. წყალცემენტის ფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 0,4-ს. მაღალი მარკის ბეტონებში გარანტირებული მკვრივი და მტკიცე სტრუქტურის შექმნისათვის ცემენტის ხარჯი იზღუდება: მასიურ ნაგებობებში – 500 კგ/მ3-მდე, ანაკრებ რკინაბეტონის მცირე ზომის ნაკეთობაში – 600 კგ/მ3-მდე. ცემენტის ხარჯს ეფექტურად ამცირებს სუპერპლასტიფიკატორის გამოყენება, რომელიც ამაღლებს ბეტონის ნარევის ძვრადობას (პლასტიკურობას) და შემკვრივების ხარისხს. ბეტონის გამაგრების დასაჩქარებლად გამოიყენება ტემპერატურის აწევის და დაწევის რბილი რეჟიმი (50-60°C) და გარემოს მაღალი ფარდობითი ტენიანობა (100%). მაღალი მარკის ბეტონის გამოყენება ამცირებს რკინაბეტონის ნაკეთობის (კონსტრუქციის) მასასა და მასალატევადობას, არმატურის ხარჯს, საძირკვლის მოცულობას, ხანგამძლეობას, ხანძარმედეგობასა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები