მარსიასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსიასისა და აპოლონის შეჯიბრი
კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 410 წ.), რუვო

მარსიასი(ბერძნ.) ფრიგიული სილენოსი, დიონისეს თანამგზავრი. მისივე სახელით წოდებული მდინარის ღვთაება.

ერთხელ ათენამ ჯადოსნური ფლეიტა გააკეთა ირმის ძვლისაგან. პირველად ამ ფლეიტაზე ოლიმპოსზე გამართული ნადიმისას დაუკრა. მის დანახვაზე ჰერასა და აფროდიტეს უნებურად გაეცინათ. მიხვდა ათენა, რომ დასცინოდნენ და ტყეს მიაშურა. ერთხანს წყაროსთან იჯდა მოწყენილი. მერე დაკვრა დაიწყო. თავის ანარეკლს მოჰკრა თვალი წყლის ზედაპირზე და უმალ მიხვდა ქალღმერთების სიცილის მიზეზს: მეტისმეტად ებერებოდა ლოყები. შეიძულა ათენამ თავისი ნახელავი, შორს მოისროლა და ბრძანა, დასჯილიყო, ვინც გაბედავდა ფლეიტის დაკვრას.

ფრიგიელმა სილენოსმა, მარსიასმა, იპოვა იგი და ფრთხილად შეახო ხელი ჯადოსნურ საკრავს. მალე გაიწაფა დაკვრაში და მალევე მოხიბლა მსმენელი.

მთელ ფრიგიაში გაითქვა მარსიასმა სახელი. უქებდნენ ხელოვნებას, არწმუნებდნენ, რომ თვით აპოლონს აჯობებდა დაკვრაში. შეიფერა სილენოსმა ქება და შეჯიბრში გამოიწვია მუსიკის მფარველი ღმერთი.

მსმენელს გრძელ, მდიდრულ სამოსში გამოწყობილი, დაფნის გვირგვინით დამშვენებული წარუდგა აპოლონი. დიდებულად გამოიყურებოდა ღმერთი. განიერ მხრებზე ლამაზად ეფინა ოქროსფერი თმები, ხოლო ხელში ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს კითარა ეკავა.

დათქვეს: გამარჯვებული დასჯიდა დამარცხებულს.

შეჯიბრი დაიწყო. ერთხანს მარსიასი უკრავდა, შემდეგ აპოლონმა ჩამოჰკრა კითარას ხელი. რა თქმა უნდა, დამარცხდა სილენოსი. იგი სასტიკად დასაჯა ღმერთმა: ბრძანა, ხელებით დაეკიდათ თავხედი მოკვდავი და მისთვის ცოცხლად გაეძროთ ტყავი.

აპოლონს ნება აღუსრულეს. ამაოდ ყვიროდა მარსიასი: „გავკადნიერდი, დავაშავე, მომიტევეთ, ნუ გამატყავებთ! არა აქვს ამ საკრავს ჩემი წამების ფასი!“ მაგრამ აპოლონმა ყურად არ იღო მისი ვედრება.

ცხარე ცრემლებით დაიტირეს ტყის ნიმფებმა და სატირებმა მარსიასი. მისი ტყავი ფრიგიაში, კილენეს მღვიმეში დაკიდეს. ასე ამბობენ, როდესაც ფლეიტის ხმა შეაღწევს ამ მღვიმეში, ტყავი ისე ირხევა, თითქოს ცეკვავს, კითარის ხმის გაგონებაზე კი ადგილიდან არ იძვრისო. იმასაც ამბობენ, თითქოს მარსიასისგან ჩამონადენი სისხლი იქცა მდინარედ, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.

მითოსის სხვა ვერსიის თანახმად, აპოლონის და მარსიასის მუსიური შეჯიბრის მსაჯულად მოიწვიეს მეფე მიდასი, რომელმაც გამარჯვება მარსიასს არგუნა. აპოლონმა მაინც დასაჯა კადნიერი მოკვდავი, ხოლო მიდასს ვირის ყურები გამოაბა.

აპოლონისა და მარსიასის აგონის მითოსი ძველი სამყაროს მხატვართა უსაყვარლეს სიუჟეტად იქცა. მრავალრიცხოვან ქმნილებათაგან აღსანიშნავია მირონის ქანდაკება „მარსიასი, რომელიც იღებს ფლეიტას“. მოგვიანებით ამ თემაზე დიდებული ტილოები შექმნეს რაფაელმა, ვერონეზემ და სხვებმა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები