მარლო ქრისტოფერ
ქრისტოფერ მარლო− (ინგლ. Christopher Marlowe, ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. ტრაგედიის ჟანრში შექსპირის ყველაზე გამოკვეთილი წინამორბედი.
ქრისტოფერ მარლო კენტერბერიში, მეწაღის ოჯახში დაიბადა. ნიჭიერმა ახალგაზრდამ კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა მოიპოვა, თუმცა დიდი სიბეჯითით არასოდეს გამოირჩეოდა, ბევრს აცდენდა და ევროპაშიც იმოგზაურა, თუმცა მაგისტრის დიპლომი მაინც მისცეს. ეს გარემოება და სხვა არაპირდაპირი ცნობები ბევრ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ ქრისტოფერი (ქიდი) საიდუმლო საბჭოს აგენტი იყო და კონტინენტზე ფარულ დავალებას ასრულებდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მარლო ლონდონს გაემგზავრა (1587) და თეატრებთან დაიწყო თანამშრომლობა. ჯერ მსახიობობა განიზრახა, მაგრამ ფეხი დაიზიანა და ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი. ის სერ უოლთერ როლეისა და მის წრეს დაუახლოვდა. უოლთერ როლეი ესპანეთზე გამარჯვების გმირი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოეტი იყო. როგორც ჩანს, მარლო როლეის რელიგიურ სკეპტიციზმს იზიარებდა. მისთვის ახლოს იყო მაკიაველის პოლიტიკური პრაგმატიზმიც. თუმცა, მთავარი მის მსოფლმხედველობაში ძლიერი ნების ძალაუფლებისმოყვარე ადამიანი იყო, რომელიც ყველა არსებულ მორალურ ნორმაზე მაღლა იდგა და საკუთარ თავს მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. ძლიერი ადამიანის ნება თავად იყო უმაღლესი მორალური ნორმა, რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა. `ძალაუფლებისადმი ლტოლვა აქ ერთგვარ მორალურ ვალდებულებად წარმოგვიდგება, რადგან ძალა, ღმერთის არსია, სამყაროსა და ადამიანის ცხოვრების კანონია“, წერს მკვლევარი ე. ბაკანოვა
სარჩევი |
ტამერლან დიდი
პირველი ტრაგედია, რომელიც მარლოს სიცოცხლეშივე გამოიცა, „ტამერლან დიდი“ იყო. ნაწარმოები ისეთი პოპულარულობით სარგებლობდა, რომ მარლომ მეორე ნაწილიც დაწერა (1587-1588). ტრაგედიის შესაქმნელად დრამატურგმა XIV საუკუნის მხედართმთავრისა და ემირის − თემურლენგის ბიოგრაფია გამოიყენა, თუმცა დიდგვაროვანი ფეოდალი უბრალო მწყემსად „აქცია”, რომელმაც, თავის ნიჭისა და მტკიცე ნების წყალობით, ძლიერი და გავლენიანი მეფეები დაიმორჩილა, ქვეყნები და ქალაქები დაიპყრო და საკუთარი იმპერია შექმნა. თავისი უზღვავი ენერგიით, ნიჭიერებითა და იმორალიზმით (ან ახლებური მორალით) მარლოს ტამერლანი ახალი ეპოქის ადამიანს განასახიერებდა. მისთვის მხოლოდ ერთი კანონი მუშაობდა, საკუთარი ნება-სურვილი. ტამერლანის მიზანს მსოფლიოს დამორჩილება და სამყაროს ერთპიროვნულ მმართველად ქცევა წარმოადგენდა. ეს მას თავის მისიად და ერთგვარ ვალდებულებადაც კი მიაჩნდა. იგი სრულიად დარწმუნებული იყო საკუთარ აბსოლუტურ უპირატესობაში და მხოლოდ თავის თავს მიიჩნევდა საყოველთაო და ერთადერთ კანონმდებლად. ქალაქების განადგურება და ხალხის ხოცვა მისთვის თვითმიზანი არ იყო. მაგრამ თუკი მის უფლებებს არ აღიარებდნენ და ნებას არ ემორჩილებოდნენ, ის სრულიად დაუნდობელი ხდებოდა და მერყეობა და სიბრალული არ სჩვეოდა. ტამერლანი განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა მათ, ვისაც მისი ავტორიტეტის აღიარება არ სურდა. მაგალითად, თურქეთის სულთანი ბაიაზეთი მან გალიაში დაამწყვდევინა და თავის თვალსაწიერში ჰყავდა მუდმივად. ტახტზე ყოველი ასვლისას, ის სულთანს საფეხურად იყენებდა. ბაიაზეთის სასოწარკვეთილება იქამდე მივიდა, რომ მან საკუთარი გალიის კედელზე გაიხეთქა თავი. ამა ქვეყნის დიდებულთა − სპარსეთის, არაბეთის, ფესის, მაროკოსა თუ ალჟირის მმართველების დიდება და ძალაუფლება „უგვარტომო სკვითმა“ გაახუნა. ტამერლანის სიტყვებით ადამიანის არსისა და უნეტარესი მიზნის შესახებ, მარლო თავის მსოფლმხედველობას გამოხატავს: „ბუნებამ კაცთა მშფოთვარე და დაუდგრომელი სული არგუნა, ... ეს სული აღძრავს ცოდნის დაუცხრომელ სურვილს, ბორგავს ისევე, როგორც შორეულ ცთომილთა დასი და გვიბრძანებს, რომ ვიაროთ, ვეძიოთ და ვისწრაფოთ მანამ, სანამ უდიდეს საიდუმლო მიზანს მივაღწევთ − ერთადერთ და სრულყოფილ ბედნიერებას: ჩვენს თავზე დადგმულ მიწიერ გვირგვინს” თუმცა, მარლოსა და ტამერლანის „კადნიერება” მხოლოდ მიწიერი გვირგვინით არ შემოიფარგლება, ტრაგედიის მეორე ნაწილში, მომაკვდავი ტამერლანი ღმერთებსაც ემუქრება ტახტის წართმევით. თავის მიწიერ ტახტს ის თავის ვაჟებს უანდერძებს, რომლებმაც სამყაროს დაუფლება და დამორჩილება უნდა განაგრძონ.
ტამერლანს შეუძლია სამხედრო ჟინისა და ძალაუფლების ნების არქონის გამო საკუთარი ვაჟი სიცოცხლეს გამოასალმოს. ამ მშფოთვარე, ემოციურმა და ვნებიანმა ადამიანმა სიყვარულიც განსაკუთრებული იცის. მას ნაზად უყვარს თავისი ცოლი ზენოკრატა. მისი სიკვდილი სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს ტირანად ქცეულ მეამბოხეს, ქალაქს, სადაც ზენოკრატა გარდაიცვალა, გადაწვავს, მაცხოვრებლებს კი დაახოცინებს. ასე გამოხატავს ის პროტესტს მშვენიერების ხანმოკლეობის წინააღმდეგ. მას ზენოკრატას მშვენიერება და სათნოება, სამყაროსა და ქვეყნიერების სიდიადე აღაფრთოვანებს, სამოქმედო სარბიელის უსაზღვროება იზიდავს. სწორედ აქ იბადება ტრაგიკული შეუსაბამობა ადამიანის მისწრაფებებსა და მის შესაძლებლობებს შორის. რაც არ უნდა ძლიერი და ყოვლისშემძლე იყო, სიკვდილს ვერ გაექცევი, ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდება. თუმცა მარლოს ტამერლანი მაინც გაუტეხელი მიდის, რადგან ღრმად სწამს ადამიანის სულიერი ძალისა და მისი ტიტანური შესაძლებლობებისა.
დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია
ინგლისური თეატრის მკვლევარი ჯივილეგოვი მარლოს გმირებს ფრანსუა რაბლეს გოლიათ პერსონაჟებს ადარებს. თუმცა, მისი აზრით, რაბლესგან განსხვავებით, მარლოს გმირები გარეგნული კი არა, სულიერი ტიტანიზმით გამოირჩევიან. მისი სამყარო და ადამიანის სული მოკლებულია წონასწორობასა და ჰარმონიას. ის უფრო ბრძოლის ველია, სადაც სტიქიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. დრამატურგს თვითდამკვიდრებისა და თვითსრულყოფისადმი სწრაფვა ადამიანისა და სამყაროს არსებობის კანონად მიაჩნია. ინგლისური ჰუმანიზმის წარმომადგენელთა შორის, მარლოს მსოფლმხედველობა ყველაზე რადიკალურია, მაქსიმალისტური. ადამიანის ძალას დრამატურგი ქვეყნიერების მოწყობის არსებული პრინციპების წინააღმდეგ ამბოხში, ძველი რწმენისა და ცოდნის უარყოფაში ხედავს. სამყაროს დაუფლება და დამორჩილება სხვადასხვა საშუალებითაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა „დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია“. მარლო იზიარებს ფრენსის ბეკონის შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ცოდნა ძალაა. ვიტენბერგელი პროფესორი ფაუსტი ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვებასა და ძალაუფლების მოხვეჭას ცდილობს. ამისათვის ის სულს ეშმაკს მიჰყიდის. ხელშეკრულების თანახმად, 24 წლის განმავლობაში ფაუსტი თავისი მიზნების მისაღწევად მეფისტოფელის სრული დახმარებით ისარგებლებს, შემდეგ კი უკვდავ სულს დათმობს. შეთანხმებას ხელი სისხლით მოეწერება. ადამიანის არსების განმსაზღვრელ ნიშნად მარლო თავისუფალ ნებას გამოკვეთს. ფაუსტი თვითონ განკარგავს თავის ბედს, უფლის ანგელოზები ცდილობენ იგი სამუდამო დაღუპვისგან იხსნან, ფაუსტი ყოყმანობს, მაგრამ ისევ და ისევ უბრუნდება თავის გადაწყვეტილებას.
ფაუსტის შესახებ გერმანულ ხალხურ ლეგენდას მარლო იოაჰან შპისის 1587 წელს ინგლისურად თარგმნილი წიგნით ეცნობა. დრამატურგი განზრახ იყენებს შუასაუკუნეების მორალიტესა და ფარსის ელემენტებს, ბოროტისა და კეთილის ბრძოლის მოტივსა და ჩართულ კომიკურ სცენებს. ერთ-ერთი ასეთი სცენა ვატიკანის სატრაპეზოში იმართება, სადაც რომის პაპი ლოტარინგიის კარდინალს მასპინძლობს. უხილავი ფაუსტი სატრაპეზოში დიდ აურზაურს გამოიწვევს და ღვთისმსახურებს აბუჩად იგდებს. შუასაუკუნეების ანტურაჟში მარლო თანამედროვეობის პრობლემებს გამოკვეთს. ახალი ფილოსოფიური პარადიგმის ფარგლებში ადამიანის ქცევა, მისი მისწრაფებები და ღირებულებები იცვლება. ერთი მხრივ, ნაწარმოებში იგრძნობა ადამიანის ყოვლისშემძლეობის რენესანსული რწმენის კრიზისი, მეორე მხრივ კი, სამყაროზე მეცნიერების დახმარებით გაბატონების მიზანსწრაფვა, რომელმაც დასავლური ცივილიზაციის განვითარება განაპირობა.
დოქტორის წოდება ფაუსტმა ვიტენბერგის უნივერსიტეტში მიიღო, თუმცა მიღწეული ცოდნით ვერ დაკმაყოფილდა და აკრძალული სიმაღლეების მიწვდომა განიზრახა. ფილოსოფიამ ჭეშმარიტების წვდომის უუნარობით, მედიცინამ უძლურებით, იურისპრუდენციამ კი არსობრივი წინააღმდეგობებით სწავლულს იმედები გაუცრუა. ვერც ღვთისმეტყველებამ გასცა სასურველ კითხვებზე პასუხი. ფაუსტი მაგიას დაეწაფა იმ იმედით, რომ სრულყოფილ ცოდნასა და აბსოლუტურ ძალაუფლებას მოიპოვებდა. თუმცა, ვერც აკრძალულმა წიგნებმა და ეშმაკთან გარიგებამ მოუტანა სასურველი კმაყოფილება. მან სული საეჭვო ძალაუფლებასა და ცოდნაში გაცვალა, ნების ტიტანური ძალისხმევა, ცოდნისა და ძალაუფლებისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი დაცინვად ექცა. ყოვლისშემძლე მბრძანებლის ნაცვლად, ამა ქვეყნის ძლიერთა გამრთობი გახდა, ხოლო თავისი მაგიური ძალა მეფეთა და დიდებულთათვის სანახაობათა მოწყობაში დახარჯა. მაგიურმა ცოდნამ მას ისეთივე იმედგაცრუება მოუტანა, როგორც საუნივერსიტეტომ, ხოლო სასურველი ჭეშმარიტება კვლავინდებურად მიუწვდომელი აღმოჩნდა. ფაუსტმა აღმოაჩინა, რომ ჯოჯოხეთი კონკრეტული ადგილი კი არა, სულიერი მდგომარეობაა, რომელსაც ტანჯული სული ვერსად გაექცევა. „მას საზღვრები არ აქვს: სადაც ჩვენ ვართ, იქ ჯოჯოხეთია” − ეუბნება ფაუსტს მეფისტოფელი. მაგრამ მთავარი ნაწარმოებში არა გარიგებით მიღებული შედეგია, არამედ ფაუსტის თავისუფალი ნება და სასურველის მისაღწევად გაკეთებული არჩევანი. მარლომ ახალი ადამიანის ქცევის არქეტიპულ მოდელს მიაგნო და „ფაუსტური თემის“ დამუშავების ხანგრძლივ ტრადიციას დაუდო სათავე (მარლომდე დრამატურგიის ისტორიაში „ფაუსტური თემის“ პირველ მაგალითს რიოტბეფის XIII საუკუნის მირაკლ „თეოფილეში“ ვხვდებით, თუმცა ის მარლოს ნაწარმოების სიღრმესა და მასშტაბს ჯერ კიდევ მოკლებულია). დრამატურგმა ადამიანის მიზანსწრაფვასა და მისი ძალისხმევის შედეგს შორის მუდმივი წინააღმდეგობა გამოკვეთა, როგორც განუხორციელებელ სურვილთა „ჯოჯოხეთი“. „ფაუსტში“ ახალი, აღორძინების ეპოქის წინარე ინგლისური დრამატურგიისთვის აქამდე უცნობ წინააღმდეგობათა ტრაგიზმია გადმოცემული.
მალტელი ებრაელი
XVI საუკუნის ინგლისის რეალობაში მარლომ ე. წ. ახალი ადამიანის ინდივიდუალიზმი და მისი ტრაგიკული მარტოობა დაინახა. ტრაგედია „მალტელი ებრაელის” პროლოგს ნიკოლო მაკიაველი წარმოთქვამს. ფილოსოფოსი მაყურებელს თავისი მსოფლმხედველობის ძირითად პოსტულატებს აცნობს. ინგლისში მაკიაველის პოლიტიკური ფილოსოფიის რადიკალური ინტერპრეტაცია იყო გავრცელებული, რომლის თანახმადაც მიზანი ამართლებს საშუალებებს, ერთადერთი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სისულელეა, ხოლო ერთადერთი კანონი – ძალაუფლება. მაკიაველი მალტელი ებრაელი ბარაბას ტრაგედიის ჩვენებას გვპირდება, რომელიც მას ძალიან ჰგავს. ტრაგედია 1589-90 წლებშია დაწერილი, სავარაუდოდ, დაიდგა არაუგვიანეს 1592 წლისა. ის მოგვითხრობს მალტელი ებრაელის − ბარაბას ისტორიას, რომელმაც იუდეველთა მიმართ მტრული განწყობის პირობებში, ძალაუფლებისა და თავისუფლების ბერკეტს ფულისა და ქონების სახით მიაგნო. ბარაბას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს, თუმცა მისი მთავარი ვნება სიმდიდრეა, რომელიც დამოუკიდებლობისა და უპირატესობის გრძნობას ანიჭებს. ქრისტიანებში ის მხოლოდ სიძულვილს, ამპარტავნებასა და სიცრუეს ხედავს. თუ მათ შორის ვინმე წესიერი გამოერევა, ღატაკი და უქონელია. მაშ არ სჯობია, − რიტორიკულად მსჯელობს ბარაბა, − სძულდე როგორც მდიდარი და წარმატებული და არა როგორც ღარიბი და ხელმოცარული?
„მალტელ ებრაელში“ ქრისტოფერ მარლო რელიგიურ და ეთნიკურ საფუძველზე საზოგადოებაში არსებულ სეგრეგაციას გვაჩვენებს, რომელიც, პასუხად, ღალატსა და სისასტიკეს ბადებს. ინდივიდუალისტი ბარაბა უარს იტყვის თურქებისთვის ხარკის გადახდაზე, რასაც მისგან ქრისტიანი რაინდები მოითხოვენ, სხვა ებრაელთა მორჩილებას დაგმობს და ყველას წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას გამოაცხადებს. ამ ბრძოლაში ის ყველა ხერხსა და საშუალებას დასაშვებად მიიჩნევს – მკვლელობას, ორმაგ ღალატსა თუ სიცრუეს. საბოლოოდ, ბარაბა თავად იღუპება მის მიერვე დაგებულ მახეში გაბმული. ქრისტოფერ მარლო, როგორც რენესანსული რეალიზმის წარმომადგენელი, მის თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ მრავალ მწვავე წინააღმდეგობას ამჩნევს, რომლებსაც სამართლის ორმაგი სტანდარტები, სიძულვილი და კონკურენცია წარმოქმნის და რომლებიც სიყვარულსა და წრფელ ადამიანურ გრძნობებს ანგრევს. სავსებით დასაშვებია, რომ მარლოს „მალტელმა ებრაელმა“ უილიამ შექსპირის „ვენეციელ ვაჭარზე“ იქონია გავლენა, ისევე როგორც მისივე ტრაგედია „ედუარდ II“-მ − შექსპირის ქრონიკაზე „რიჩარდ III“. მეფე ედუარდი თითქმის მთელი დრამის განმავლობაში, ერთი შეხედვით, საკმაოდ დამთმობი და არამდგრადი ხასიათის კაცად წარმოგვიდგება, დასასრულ კი, საპყრობილეში დატყვევებული, დამცირებისა და ტანჯვის მიუხედავად, სიმამაცეს, სიმტკიცეს, ადამიანურ ღირსებასა და შესაშურ სულიერ ძალას ავლენს.
ქრისტოფერ მარლო ელისაბედური დრამის წარმომადგენელთა შორის პირველია, რომლის შემოქმედებაშიც მკაფიოდ და თანმიმდევრულად გამოიკვეთა ახალი დროების ადამიანის ფუნდამენტური თვისებები, მისი მიზანსწრაფვები, იმედები თუ იმედგაცრუებანი. „მარლოს ადამიანს”, განსაკუთრებით „ტამერლანსა“ და „ფაუსტში“, უდიდესი ძალა და გაბედულება გააჩნია, ის ქვეყნიერების, სამყაროს დაუფლებასა და თავის ნებას დამორჩილებას ესწრაფვის, რადგან ეს მიაჩნია თავის ადამიანურ უფლებად და დანიშნულებად. ბუნებით ის მეამბოხე და ნონკონფორმისტია, რომელიც სირთულეებს არ ეპუება და თვითდამკვიდრებისა და თვითშემეცნების ძნელსა და წინააღმდეგობრივ გზაზეა შემდგარი.