მართია და მართიანაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მართია და მართიანაგი(ირან.) კაცობრიობის პირველი წყვილი – მამაკაცი და დედაკაცი.

მართია და მართიანაგი
მინიატურა (1307 წ.), ედინბურგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ისინი წარმოიშვნენ პირველკაცის, გაიომართის, მიწაზე დაღვრილი თესლიდან, პირველკაცის სიკვდილიდან ორმოცი წლის შემდეგ. ისინი ამოიზარდნენ მიწის წიაღიდან, როგორც ორი მცენარე, მერე მათ ადამიანის სახე მიიღეს და აჰურა მაზდამ ასე მიმართა მათ: „თქვენ ამიერიდან კაცებრივი არსებები ხართ, ქვეყნიერების მამა და დედა. სიმართლითა და გონიერებით აღასრულეთ თქვენი საქმენი, იფიქრეთ კეთილად, ილაპარაკეთ კეთილად, მოიქეცით და აკეთეთ საქმე კეთილად. დევებს ნუ სცემთ თაყვანს, ნუ დაჰყვებით მათ ნებას“. პირველ ხანებში ისინი აჰურა მაზდას ნებაზე იქცეოდნენ, მას სცემდნენ თაყვანს და მის აღთქმებს ასრულებდნენ. ამიტომაც მათი ცხოვრება უზრუნველი იყო, არავითარი უბედურება არ ემუქრებოდათ. მაგრამ თანდათანობით მიეჩვივნენ უზრუნველ და უსაფრთხო ცხოვრებას, იფიქრეს ასე გაგრძელდებოდა სამარადისოდ და დაივიწყეს აჰურა მაზდას შეგონებანი, და აი, მაშინ დასადგურდა მათში ბოროტება; მათი თანდათანობითი დაცემა და გადაგვარება გამოხატულია საკვების შეცვლით: ისინი ჯერ წყლით იკვებებოდნენ, მერე – რძით, მერე – მცენარეულობით, მერე ხორცის ჭამა დაიწყეს. თქვეს ერთხელ: წყალი, სინათლე და მცენარეულობა ანჰრო მაინიუმ შეგვიქმნაო. წარმოთქვეს თუ არა ეს სიცრუე, მათ სულებს ანჰრო მაინიუ დაეუფლა. ამასთანავე გაძლიერდა დევების ძალა და ისინი უკვე მათგან თაყვანისცემას მოითხოვდნენ. და მათ სცეს დევებს თაყვანი. ანჰრო მაინიუმ წაართვა მათ გამრავლების ძალა, რომ ადამიანები არ გაჩენილიყვნენ, ქვეყანას არ მოვლენოდნენ ადამიანთა მართალი სულები, რომლებიც აჰურა მაზდამ შექმნა. თუმცა მხოლოდ ორმოცდაათი წლით შეძლეს ეს. ორმოცდაათი წლის შემდეგ მართიამ და მართიანაგმა დაბადეს ბიჭი და გოგო, რომლებიც შეჭამეს. ეს რომ არ განმეორებულიყო აჰურა მაზდამ მათ მშობლიური სიყვარული ჩაუნერგა და შემდგომი შვიდი წყვილი, რომლებიც მათ დაბადეს, ოთხი რასისა და თხუთმეტი ხალხის წინაპარი გახდა. სიკვდილის შემდეგ მართია და მართიანაგი ბოროტმა სულმა ქვესკნელში წაიყვანა და დღემდე წყვდიადში მყოფნი განკითხვის დღეს ელოდებიან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები