მალაზონია ნესტორ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მალაზონია ნესტორ — (1892 – 1984), დაიბადა სოფელ მამათში (ოზურგეთი). 1908- 1911 წლებში იყო სოფელ ძიმითში სასოფლო სამმართველოს კურიერი; 1919 წლიდან დაიწყო მასწავლებლობა ჯერ სოფელ აცანაში, შემდეგ მამათში; 1925 წლიდან მუშაობდა ბათუმში, ინდუსტრიულ ტექნიკუმში აღმზრდელ-მასწავლებლად, შემდეგი წლიდან − განათლების მუშაკთა კავშირის საოლქო გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად; 1941-1951 წლებში იყო გაზეთ „საბჭოთა აჭარის” სტილისტ-მთარგმნელი, 1951 წლიდან — გამომცემლობა სახელგამის რედაქტორი; 1926 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი. ავტორია წიგნებისა: „პატაკი ოქტომბერს”, „გულიზარი”, „გულის ხმა” (ლექსების კრებული), „ჩვენი ყვავილები”, „თაგვი”, „დაბადებულან გმირები” (ლექსების კრებული), „რჩეული” (ლექსების კრებული), „ჩვენი ყვავილები” (საბავშვო ლექსები).
- პაწაწინა ლუიზა
- საწერ-კალამს წავეტანე,
- მამამ მითხრა: − ნუ იზამ!
- ხელში უთო დავიკავე,
- დედამ მითხრა: − ნუ იზამ!
- მუთაქები გადმოვყარე,
- დეიდამ თქვა: − ნუ იზამ!
- აბა, რა ქნას, თქვენ მითხარით,
- პაწაწინა ლუიზამ?
- რა ვაკეთო მუდამ სახლში,
- ჯერ არც ისე დიდი ვარ:
- ვერც სკოლაში, ვერც კინოში
- და ვერც ბაღში მივდივარ.
- რვეული მაქვს სახატავი,
- ვხატე, ვხატე ვარიკა,
- მაგრამ ფეხი და ვერც თავი
- ვერ მოვაბი, არ იქნა.
- წიგნიც კი მაქვს, რაა მერე,
- მე ხომ კითხვა არ ვიცი,
- და რომ მკითხონ − შიგ რას წერენ,
- ხომ სირცხვილით დავიწვი!
- ადვილია თქმა და დაშლა:
- „ნუ იზამ“ და „ნუ იზამ“,
- მაგრამ რა ქნას, თქვენ მითხარით,
- პაწაწინა ლუიზამ?