მაზაჩო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი. სანტა მარია დელ კარმინეს საკურთხევლის ფრესკის ფრაგმენტი


მაზაჩო - იტალ.Masaccio; საკუთარი სახელია ტომაზო დი ჯოვანი დი სიმონე კასაი. კვატროჩენტოს პერიოდის იტალიელი ფერმწერი. ფლორენციული სკოლის წარმომადგენელი. (1401-1428 წწ).


სარჩევი

ბიოგრაფია

ტომაზო დი ჯოვანი დი სიმონე კასაი 1401 წლის 21 დეკემბერს იტალიის პატარა ქალაქ სან ჯოვანიში დაიბადა.

„მაზაჩო“ მხატვრის მეტსახელია, რაც იტალიურად „ფეთხუმს“ ნიშნავს. ჯორჯო ვაზარი თავის წიგნში „გამოჩენილ მხატვართა ცხოვრება“ (1550 წ.), წერს, რომ მხატვარი იმდენად იყო ჩაფლული შემოქმედებით საქმიანობაში, რომ ყოფით წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევდა, არც საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნავდა. ეს მეტსახელიც ამიტომ შეერქვა.

მაზაჩოს ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ერთადერთი წყარო ჯორჯო ვაზარის წიგნია, რომელშიც ავტორი მხოლოდ მხატვრის შემომედებასა და წერის მანერაზე მოგვითხრობს.

მაზაჩოს მამა სერ ჯოვანი სოლისიტორად (ნოტარიუსად) მუშაობდა. როგორც ჩანს ის მეტად ნიჭიერი და განათლებული პიროვნება იყო, რადგან აღნიშნული თანამდებობა 20 წლის ასაკში დაიკავა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ დროს იტალიაში საქმის წარმოება ლათინურ ენაზე ხდებოდა.

მაზაჩოს მამა 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ მომენტისათვის მისი ცოლი - მონნა იაკოპა დი მარტინოცცო მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ბავშვს მამის საპატივცემულოდ ჯოვანი დაარქვეს. შემდგომში ისიც ცნობილი მხატვარი გახდა.

ქმრის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ მაზაჩოს დედა მეორეჯერ გათხოვდა წარმატებულ აფთიაქარზე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ქალიშვილები ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი 1422 წელს ცოლად მიჰყვება მარიოტტო დი კრისტოფანოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაზაჩო და მარიოტტო საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ ფაქტით არ აიხსნება მარიოტოს როლი მაზაჩოს, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში.

არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება მხატვრის ცხოვრების იმ პერიოდის შესახებ, როდესაც იგი, როგორც ხელოვანი, შესაბამისად მისი მასწავლებლების ვინაობის შესახებაც არაფერი ვიცით.

ვაზარის ცნობით 1422 წლის 7 იანვარს 20 წლის მაზაჩო ფლორენციის ექიმთა და აფთიაქართა გილდიაში გაწევრიანდა, გილდია იმ დროისათვის მხატვრებსაც აერთიანებდა.

სან ჯოვენალეს ტრიპტიქი

ამ წლებში მაზაჩო არაერთ ფლორენციელ მხატვარსა და ხელოვანს დაუახლოვდა, მათ შორის არქიტექტორსა და მოქანდაკე ბრუნელესკისა და დონატელოს. ბრუნელესკი, ისევე როგორც მაზაჩო პერსპექტივის კანონებს იკვლევდა.

განსაკუთრებული მეგობრობა მაზაჩოს ტომაზო დი კრისტოფანოსთან აკავშირებდა, ტომაზო დი კრისტოფანო მაზოლინო და პანიკალეს სახელით არის ცნობილი. არსებობს მოსაზრება, რომ მაზოლინო და მაზაჩო საკურთხევლის რამოდენიმე ფრესკაზე ერთად მუშაობდნენ. ვაზარის ვერსიით, სწორედ მაზოლინოა მაზაჩოს მასწავლებელი. თუმცა ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მაზოლინო ექიმთა და აფთიაქართა გილდიის წევრი მაზაჩოსგან განსხვავებით ერთი წლის შემდეგ, 1423 წელს გახდა.

მაზოლინოსა და მაზაჩოს ერთობლივ ნამუშევრად მიიჩნევენ ფლორენციის სანტა მარია დელ კარმინეს ეკლესიის ბრანკაჩის კაპელის ფრესკებს.

1428 წელს მაზაჩო გაემგზავრა რომში, სადაც 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

XVI საუკუნის მე-2 ნახევარი. ლორენციელი მხატვარი
პიზის ტრიპტიქი
სამება. სანტა მარია ნოველას ეკლესია

სან ჯოვენალეს ტრიპტიქი

1422 წლის 23 აპრილით თარიღდება მაზაჩოს პირველი ნამუშევარი (რომელმაც ჩვენამდე მოაღწია) - სან ჯოვენალეს ტრიპტიქი. აქ მაზაჩო დამოუკიდებელ თვითმყოფად შემოქმედად გვევლინება.

„Sagra“ (კურთხევა)

ამავე პერიოდში მაზაჩო მუშაობს ფრესკაზე „Sagra“, (კურთხევა). ფრესკაზე სანტა მარია დელ კარმინეს ეკლესიის კურთხევაზე მიმავალი პროცესიაა წარმოდგენილი. მხატვარმა ფრესკაზე არაერთი ცნობილი ფლორენციელი მოქალაქე გამოსახა. სამწუხაროდ, მაზაჩოს ეს ნამუშევარი 1600 წელს განადგურდა.


პიზის პოლიპტიხი

1426 წელს მაზაჩომ პიზის სანტა მარია დელ კარმინეს ეკლესიის საკურთხევლის გამოსახულების შექმნაზე მიიღო შეკვეთა. ეს საკურთხეველი ცნობილია პიზის პოლიპტიხის სახელწიდებით და არის მაზაჩოს მიერ შექმნილი, დოკუმენტალურად დამტკიცებული ერთადერთი ნამუშევარი.


სამება

პიზის პოლიპტიხის დასრულების შემდეგ მაზაჩომ ფლორენციის სანტა მარია ნოველის ეკლესიაში სამების დიდ ფრესკაზე დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ თანამედროვეთაგან არ შემორჩა რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ამ შედევრის ავტორი მაზაჩოა. (პირველი დოკუმენტური მასალა სადაც მაზაჩოს ავტორობა დასტურდება მხოლოდ 1510 წლით თარიღდება), მაგრამ ის ბრწყინვალე მანერა, რომლითაც ნაწარმოები არის შესრულებული ეჭვს არ ტოვებს, რომ ფრესკა სწორედ მაზაჩოს მიერ არის შესრულებული.

ნამუშევრები

  • სამება
  • წმინდა პეტრე გასცემს მოწყალებას
  • სასწაული სტატირით
  • მოგვთა თაყვანისცემა
  • მადონა ყრმით
  • მადონა ანგელოზებთან
  • წმინდა პავლე
  • წმინდა ანდრია
  • ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნა
  • ლოცვა გეთსამინიის ბაღში

წყარო

  • Художественная галерея.54/2005 мазаччо
  • словари и энциклопедии на академике
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები