ლიმონი ვარიეგატო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიმონი ვარიეგატო

ლიმონი ვარიეგატო - დაბალი ბუჩქია, სიმაღლე 2–2,5 მეტრს უდრის, ვარჯი მეჩხერი და ბურთისებრია. ძირითადი ტოტები პატარა და სუსტი მოზარდია, დატოტვის კუთხე 40–450 უდრის.

ყლორტი მრგვალია, მწვანე, შეუბუსავი, ნორჩი და ახალგაზრდა ყლორტები ძლიერ შეფერილია იისფრად. ეკლები საშუალო სიდიდისა, გრძელი, წვრილი და მახვილია.

ფოთოლი კვერცხისებრია მომრგვალო ფუძით და წაგრძელებული წვეტიანი წვერით, – 8,5X5 სმ., მწვანე-მოყვითალო მოზაიკური ზედაპირით. ფოთლის კიდე უსწორმასწოროა. ყუნწი 0,8–1,5 სმ. სიგრძისაა, უფრო ხშირად მრუდე, ზოგჯერ დაკუთხული.

ყვავილი თითოეულა, ან ორ-ორი. ყვავილობა ერთდროული იცის. მცირეოდენ ყვავილებს ზაფხულშიც ვხვდებით. გვირგვინის ფოთლები გარედან წითლადაა შეფერილი.

ნაყოფი ოვალურია ან კვერცხისებრი. სიმაღლე 6,5–7,0 და დიამეტრი 4,5–5 სმ., წონა 65–85 გრ., ყვითელ-მწვანე. ზედაპირი ოდნავ ბორცვიანი ზოლებითაა სიგრძეზე. ნაყოფი ბოლოვდება ძუძუსთავისებრი, ირგვლივ ოდნავ ჩაღრმავებული წვერით; ფუძე ამოზნექილია, არომატი სუსტი აქვს. ნაყოფის კანი 0,4–0,5 სმ. სისქისაა.

სირბილე ღია მოყვითალოა, შენახვისას სირბილე ზოგჯერ მოწითალო ელფერს ღებულობს. საწვნე უჯრედები საშუალო ზომისაა, მოგრძო, თითისტარა. აქვს მცირე რაოდენობის წვენი, რომელიც მკრთალი ყვითელი, ოდნავ მოწითალო ფერისა და მჟავე გემოსია.

მოგრძო თესლი 5–9 აქვს. ლებნები თეთრი აქვს.

ნაყოფი მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში. მოსავლიანობა მცირე იცის. სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები