ლიანდაგი
ლიანდაგი – ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც ქმნის გზას მიმმართველი სარელსო ლიანდით. იგი შეიძლება იყოს: ამწისქვეშა, ასაქცევი, გადასასწრები, დეპოს, კარიერის, მთავარი, მისადგომი, მისასვლელი, მოსამზადებელი, რკინიგზის, საერთო სარგებლობის, სათადარიგო, საპარკო, სასადგურე, სატვირთავი, სახარისხებელი, ჩიხის, შეკიდებული ტრანსპორტის, შემაერთებელი და სხვ.
ტერმინი „ლიანდაგი”, გადმოცემით, დაკავშირებულია დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელთან. იყო დრო, როცა ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, გადაწყდა ქართული ტექნიკური ლექსიკონის შექმნა. ბუნებრივია, რომ იყო სერიოზული სიძნელეები, განსაკუთრებით XIX-XX საუკუნეების გასაყარზე მომხდარი სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის შედეგად. გაჩნდა ახალი ტერმინები, რომელთა შესატყვისის მოძებნა ძველ ქართულში შეუძლებელი იყო. ქართველი მეცნიერები ცდილობდნენ შეერჩიათ ისეთი ტერმინი, რომელიც ორგანული იქნებოდა ქართული სიტყვიერებისათვის და თავისი შინაარსით ასახავდა საგნის თუ მოვლენის არსს. ვერ იქნა და ვერ მოიძებნა რკინიგზის „რელსის” (рельс) რუსული სახელის შესატყვისი. ერთხელ ნიკო ნიკოლაძე თავის დეიდას ესტუმრა, რომელიც იმ დროს საბნის შეკერვით იყო დაკავებული. ნიკოს უკითხავს რას აკეთებო; დეიდას უპასუხია – საბანს ვალიანდაგებო (მაღალი ბიჯით საბნის შალითასთან მიმაგრებისას გაჩენილი ნაკერის ხაზი). სწორედ ეს გამხდარა საფუძველი, რომ რუსული სიტყვა „რელსი”-სათვის მშვენიერი ქართული ტერმინი – ლიანდაგი ეწოდებინათ.