ლა-მანშის გვირაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალეს ტერმინალი, ავტომობილების ჩატვირთვა ტრანსპორტის გადასაზიდ მატარებელში

ლა-მანშის გვირაბი (ევროგვირაბი) – (ინგლ. Channel Tunnel, შემოკლ. Chunnel; ფრანგ. Tunnel sous la Manche), რკინიგზის გვირაბი, რომელიც ლა-მანშის სრუტის ქვეშ გადის. აკავშირებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და კონტინენტურ ევროპას, კერძოდ ინგლისის კენტის საგრაფოს სანავსადგურო ქალაქ ფოლკსტონის ჩრდილოეთ გარეუბან ჩერიტონსა (ფოლკსტონის ტერმინალი) და საფრაგეთის დეპარტამენტ პა-დე-კალეში მდებარე კომუნა კოკელს. ეს არის საგზაო მაგისტრალი, რომელიც შედგება ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულების გვირაბების, ასევე მომსახურე (დამხმარე) გვირაბისაგან მაგისტრალის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 50,5 კმ, მათ შორის ≈38 კმ მოქცეულია ზღვის ქვეშ (ზღვის ქვეშ გაყვანილი ყველაზე გრძელი გვირაბის მონაკვეთი მსოფლიოში), უღრმესი ნაწილი მოთავსებულია ზღვის ფსკერიდან დაახლ. 75 მ-ზე, ზღვის დონიდან კი ≈115 მ-ზე.

გვირაბებში მოძრაობენ: სარკინიგზო მომსახურება – Eurostar-ის მგზავრთა გადასაყვანი მაღალი სიჩქარისა და სარკინიგზო მომსახურება – Eurotunnel Shuttle-ის საგზაო ტრანსპორტის გადასაზიდი მატარებლები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო სატვირთო მატარებელი. სამგზავრო მატარებლის სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს და მისი საშუალებით ლონდონიდან პარიზში ჩასვლა დაახლოებით 2 საათსა და 15 წუთში, ლონდონიდან ბრიუსელში კი 2 საათსა და 01 წუთშია შესაძლებელი (კომპანია Eur-ostar International Limited-ის 2017 წლის მონაცემებით). აღსანიშნავია, რომ საკუთრივ გვირაბში ტრანსპორტი დაახლოებით 20-30 წუთის მანძილზე მოძრაობს. ლა-მანშის გვირაბის მშენებლობის წარმატებული პროექტი განახორციელა და მის მართვას აწარმოებს კომპანია Groupe Eurotunnel SE (ან უბრალოდ Eurotunnel). მშენებლობა დაიწყო 1987 წლის 15 დეკემბერს და დასრულდა 1993 წლის 10 დეკემბერს. ლა-მანშის გვირაბი 1994 წლის 6 მაისს გახსნეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები