ლანდი ედუარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ ლანდი

ედუარდ ლანდი - (Edward Land, 7 მაისი 1909, — 1 მარტი 1991), ამერიკელი მეცნიერი, გამომგონებელი, მეწარმე, კორპორაცია Polaroid-ის დამფუძნებელი.

ედუარდ ლანდს ერთ-ერთ უმსხვილეს თანამედროვე გამომგონებლად და მეწარმედ მიიჩნევენ. 22 წლის ედუარდი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ის ნიუ-იორკში ცხოვრობდა და უცნაური ჩვევა ჰქონდა: ჩუმად შეიპარებოდა ხოლმე კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც სინათლის პოლარიზაციის სფეროში თავისთვის საინტერესო გამოკვლევებს ატარებდა. კვლევითი სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო თანხა, 375 ათასი აშშ დოლარი, მან მიიღო ავერილ ნარიმანის, ჯეიმს უორბერტისა და სხვა ინვესტორებისგან. სწორედ ამ კაპიტალის ბაზაზე შეიქმნა „პოლაროიდ ქორპორეიშნი“ (Polaroid Corporation).

თავდაპირველად ლანდის მიზანი იყო ავტომობილის წინა ფარების კაშკაშა შუქის პრობლემის გადაწყვეტა ლინზების პოლარიზაციის გზით. სამწუხაროდ, ავტომანქანების მწარმოებლები არ იყვნენ დაინტერესებული ლინზებით და მაშინ ლანდმა ოპტიკურ ლინზებს მიმართა, რაზეც მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი მოთხოვნილება იყო.

ომის დამთავრების შემდეგ ოპტიკური ლინზების ბაზარი მკვეთრად შევიწროვდა და „პოლაროიდი“ გაკოტრების ზღვარამდე მივიდა. მაშინ ლანდმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა თითქმის დაუჯერებელი პროცესი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ფოტოაპარატს სურათი გადაეღო, გაემჟღავნებინა და რამდენიმე წამის განმავლობაში დაებეჭდა კიდეც.

1948 წელს „პოლაროიდ ქორფორეიშნ“-მა მომენტალური გადაღების პირველი ფერადი ფოტოაპარატი საზოგადოებას გააცნო. ედვინ ლანდს ასეთი ფოტოაპარატის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შვილმა შეკითხვა დაუსვა, თუ რატომ არ შეიძლებოდა სურათის ნახვა გადაღების მომენტიდან რამდენიმე წამში. ლანდს რამდენიმე წელი დასჭირდა ამ პროცესის შესწავლასა და შემდეგ მისი თავდაჯერებით მართვისთვის.

მომდევნო 30 წლის განმავლობაში ლანდი და „პოლაროიდ ქორფორეიშნ“-ი ახალ-ახალ გამოგონებებს ნერგავდნენ და მკაცრად ადევნებდნენ თვალს მათ პატენტირებას.

ყოველი სიახლე უწინდელთან შედარებით მეტი უპირატესობით სარგებლობდა და შედეგად ფართოვდებოდა ამ საგნის არაპროფესიონალ მომხმარებელთა მასშტაბებიც. გამოგონების პატენტირებას „პოლაროიდ“-ისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან კომპანიის წარმატებას წორედ ამ უნიკალურ ტექნოლოგიაზე იყო დამოკიდებული. ლიდერის პოზიციიდან ოდნავ უკან დახევასაც კი შეეძლო გამოეწვია კომპანიის გაკოტრება. ლანდი და „პოლაროიდი“ თავიანთ სფეროში წლების განმავლობაში პიონერები იყვნენ. სიახლეების დანერგვით, სხვა პროცესებისა და პროდუქციის განვითარებით კომპანიამ 2000 გამოგონების პატენტირების უფლება მიიღო. ედვინ ლანდის სახელი ამერიკის 533 პატენტში ფიგურირებს. ამაში ის მხოლოდ თომას ედისონს ჩამორჩება, რომლის სახელი 1093 პატენტშია აღნიშნული.

პერიოდი, როდესაც ედვინი „პოლაროიდ“-ს მართავდა არ იყო უპრობლემო. ზოგიერთი ნაწარმის დანერგვა, მაგალითად, როგორიცაა „პოლავიჟენი“ (Polavision), კრახით დამთავრდა. 35 მილიმეტრიანი ფოტოაპარატებისა და ფოტოფირის დამუშავების დახვეწის განუწყვეტელმა პროცესმა საბოლოო სამომხმარებლო ბაზარზე მნიშვნელოვნად შეამცირა მოთხოვნილება მომენტალურ ფოტოგრაფიაზე. ბაზრის შეზღუდულმა შესაძლებლობებმა, რომლის მომხმარებელი უმთავრესად ფოტომოყვარულები იყვნენ და ორიენტაცია მხოლოდ ერთი სახის პროდუქციის გამოშვებაზე, ამ კომპანიის მომავალი ეჭვის ქვეშ დააყენა. ამის გარდა, კონკურენტების (როგორიცაა „კოდაკი“ (Kodak), მხრიდან მოსალოდნელმა საშიშროებამ კომპანიის მესვეურები „პოლაროიდ“-ის პერსპექტივებზე დააფიქრა.

პატენტირების უფლების მოპოვებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იურიდიული ბრძოლა „პოლაროიდ“-ს მოუხდა „ისტმენ კოდაკ“-თან (Eastman Kodak). ამ უკანასკნელმა სამომხმარებლო ბაზარზე თავისი მომენტალური გადაღების ფოტოაპარატი დანერგა, რომელმაც კონკურენცია გაუწია „პოლაროიდ“-ის იგივე სახის ნაწარმს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ „კოდაკ“-ს კარგად განვითარებული გასაღების ქსელი ჰქონდა, ამასთანავე, ფოტოფირის წარმოების უზარმაზარი სიმძლავრეები და უმწიკვლო რეპუტაცია, უეჭველია, რომ „პოლაროიდი“ სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. მაგრამ „პოლაროიდი“ იმათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ვინც ბრძოლის გარეშე ნებდება. კომპანიამ „კოდაკ“-ის წინააღმდეგ საპატენტო უფლებების ხელყოფის საბაბით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

1985 წლის ოქტომბერში, 9 წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ კომპანია „ისტმენ კოდაკი“ 10 პატენტიდან 7-ის მითვისებაში დაადანაშაულა. კერძოდ, „პოლაროიდი“ „კოდაკ“-ს ბრალს სდებდა იმაში, რომ ამ უკანასკნელმა პატენტირებული ტექნიკური გადაწყვეტილების კოპირება მოახდინა, რაც გამოყენებულ იქნა 1972 წელს გამოშვებული პოპულარული ფოტოაპარატის CX-70 შექმნის დროს. კომპანია „კოდაკ“-ს, რომელმაც იმ დროისთვის 16,5 მილიონი ფოტოაპარატი გაყიდა და მომენტალური ფოტოგადაღების აპარატურის ბაზრის 25% დაიპყრო, აეკრძალა აპარატებისა და ფოტოფირების წარმოება. შედეგად „კოდაკ“-ს შემდეგი სახის პრობლემა გაუჩნდა: მას უნდა შეემსუბუქებინა ის დარტყმა, რომელიც მისი პროდუქციის მომხმარებელმა იწვნია. ამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიამ გადაწყვიტა ახალი აპარატების გაყიდვის ნაცვლად ძველი აპარატები შეესყიდა მომხმარებლისგან, აგრეთვე, „ცხელი“ ტელეფონების ორგანიზება მოაწყო და ისეთი ბროშურები გამოუშვა, სადაც აღწერილი იყო მისი მომხმარებლის არჩევანის შესაძლებლობები.

იმის გათვალისწინებით, რომ „კოდაკ“-ის წილი ბაზარზე მკვეთრად დაეცა და პარალელურად სამომხმარებლო კრედიტის პროპორციაც შემცირდა, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად შენიღბული კურთხევა იყო „პოლაროიდ“-ისთვის. თუმცა მომენტალური ფოტოგრაფიის მომავალი საიმედო არ ჩანდა, რადგან, შეიქმნა ჩვეულებრივი 35-მილიმეტრიანი ფოტოაპარატურისთვის საჭირო დახვეწილი ტექნოლოგია, სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა დაჩქარებული ფოტოგადაღების სერვისი და ოდესღაც უნიკალური ტექნოლოგიური პროცესი მოძველებული აღმოჩნდა.

ასეა თუ ისე, პატენტი ახალი ტექნოლოგიის დაცვაში მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველა ტიპის მეწარმისთვის. ამასთანავე, ახალი მეწარმისთვის იურიდიული საკითხების ცოდნაც ფრიად მნიშვნელოვანია. კარგ რჩევას შეუძლია მეწარმეს დააზოგინოს ფული, შეუნარჩუნოს რეპუტაცია და უზრუნველყოს ბიზნესის მომავალი.


წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები