კვაკერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვაკერები - კვაკერების (ინგლ. Quakers) პროტესტანტული მოძრაობა ინგლისში 1650-იან წლებში ჩაისახა სამოქალაქო ომის დროს, როცა მოხეტიალე მქადაგებელი ჯორჯ ფოქსი დისიდენტების ჯგუფს აგროვებდა. მათი აზრით, ეკლესიამ უკვე რამდენიმე საუკუნის წინ დააშორა ადამიანები ქრისტიანობის პირველსაწყის იდეალებს, გააფეტიშა წესები და რიტუალები, დაიწყო ძალაზე დამყარებული პოლიტიკის გატარება.

დღეს „კვაკერები“ და „მეგობრები“ ერთსა და იმავე რელიგიურ მიმდინარეობას ეწოდება, რომლის ოფიციალური სახელი არის „კვაკერების (მეგობრების) რელიგიური საზოგადოება“.

კვაკერთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში არც ისე დიდია (დაახლ. 350000). თუმცა არსებობს ადგილები, მაგალითად, პენსილვანია (კერძოდ, ფილადელფია), ნიუბერგი (ორეგონი), გრინლიფი (აიდაჰო), რიჩმონდი (ინდიანა), ბირმინჰემი (ინგლისი), სადაც კვაკერთა დიდი კონცენტრაცია შეინიშნება.

სარჩევი

ისტორია

ჯორჯ ფოქსმა (1624-1691) 19 წლის ასაკში დატოვა მშობლიური სახლი, რათა რელიგიურ კითხვებზე პასუხები ეპოვნა. ის ამ შეკითხვებს ყველგან უსვამდა რელიგიურ ლიდერებს და ეკამათებოდა მათ. მოგზაურობის განმავლობაში, რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა, მან თანდათანობით გააცნობიერა, რომ მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს თავად ღმერთი იძლეოდა და ეს პასუხები ადამიანს საკუთარ თავში უნდა ეძებნა.

ჯორჯ ფოქსმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ თავისი ხედვა და ქრისტიანობის ახლებური გააზრება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ახალი რელიგიური რწმენის გავრცელებისთვის ის რვაჯერ იჯდა ციხეში, სადაც მას გამუდმებით სცემდნენ და აწამებდნენ. მისი ნაშრომები „მეგობრების რელიგიური საზოგადოების“ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

თავდაპირველად კვაკერთა მოძრაობა წარმოადგენდა სეპარატისტთა ერთ-ერთ განშტოებას ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ. სხვა უკმაყოფილო ინგლისელი პროტესტანტების მსგავსად, კვაკერები სახელმწიფო ეკლესიის წევრობაზე და მის სასარგებლოდ გადასახადების გადახდაზე უარს ამბობდნენ. გარდა ამისა, ისინი ითხოვდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, აღიარებდნენ ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობას, უარს ამბობდნენ ომში მონაწილეობაზე. 1650 წელს მოსამართლემ, რომელსაც ფოქსი ღვთის წინაშე კრძალვისკენ მოუწოდებდა, დაცინვით უწოდა მის მიმდევრებს „კვაკერები“ (Quake ინგლისური სიტყვაა და ქართულად კანკალს, თრთოლვას ნიშნავს), ხოლო სახელწოდება „რელიგიური საზოგადოება“ მათი მისამართით პირველად 1665 წელს გამოიყენეს.

კვაკერები შეეცადნენ აეღორძინებინათ ეკლესიის ნამდვილი სახე და დანიშნულება, ცდილობდნენ მაქსიმალურად დაეცვათ იესოს მცნებები. კვაკერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ტრადიციულ რელიგიურ ენას არ შეუძლია ადამიანის შინაგანი გამოცდილების ადეკვატურად გადმოცემა. ამიტომ მათი მზერა როგორც ქრისტიანობისკენ, ასევე სხვა რელიგიებისკენაც არის მიმართული. მეგობართა საზოგადოება არსობრივად განსხვავდება სხვა ქრისტიანული ჯგუფებისაგან: მათ არ ჰყავთ მღვდლები, არა აქვთ ფორმალური საღვთისმსახურო განრიგი და რწმენის სიმბოლო.

XVII საუკუნეში კვაკერებს დიდი დევნის გადატანა მოუხდათ, მიუხედავად ამისა, მათი რიგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინგლისში მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამწყვევდნენ ციხეებში, ამიტომ 1656 წლიდან ამერიკას მიაშურეს.

XIX საუკუნეში ამერიკელ კვაკერთა შორის ორჯერ მოხდა განხეთქილება, პირველად - 1827 წელს. გამოყოფილებს უწოდეს ჰიქსიტები, ე.ჰიქსის (1748-1830) სახელის მიხედვით, რომელიც განმანათლებლობისა და ლიბერალიზმის პრინციპების დიდ ზეგავლენას განიცდიდა.

მეორე განხეთქილება 1845 წელს მოხდა, როცა კვაკერთა ორთოდოქსული ნაწილი გერნიტებად და უილბურნიტებად გაიყო. პირველი ფრთა დაკავშირებულია ჯ. გერნის სახელთან (1778-1846), რომელიც ბიბლიის განსაკუთრებულ ავტორიტეტზე მიუთითებდა, მეორე კი - ჯ. უილბურის სახელთან (1774-1856), რომელიც თვლიდა, რომ გერნი არღვევს „შინაგანი სინათლის“ უზენაესი ძალაუფლების პრინციპს. გერნიტთა გარკვეულმა ნაწილმა მიიღო თავისი ფორმით უფრო მეტად ეკლესიური სახელწოდება - „მეგობართა ეკლესია“.

მოძღვრება და პრაქტიკა

აღნიშნული მოძრაობის დამფუძნებლის აზრით, კვაკერობა არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, როგორც ქრისტიანობის ალტერნატივა, არამედ უნდა გადაქცეულიყო საერთო-ქრისტიანულ წინააღმდეგობად ეკლესიაში გაბატონებული ფარისევლობის მიმართ.

კვაკერიზმის ცენტრალურ ცნებას წარმოადგენს „შინაგანი სინათლე“, რომელიც მიუთითებს სულიწმიდის მოქმედებაზე ადამიანში. ბიბლია კვაკერებისთვის ფასეულ გამოცდილებას წარმოადგენდა, მაგრამ იგი არ იყო მათთვის ნორმატიული ხასიათისა, რაც, ზოგადად, პროტესტანტული სამყაროსგან კვაკერიზმის განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი გახდა.

რა თქმა უნდა, თვალში საცემია კვაკერების მიერ თითქმის სრული უგულებელყოფა გარეგნული (ფორმალური) რელიგიური წესჩვეულებითი ცხოვრებისა. ეს დაკავშირებულია შინაგანი ნათლის იდეასთან. ტრადიციულ ქრისტიანობაშიც კი გარეგნულ მოქმედებებს არ ენიჭებათ განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუკი მათ ადამიანი ღმერთამდე არ მიჰყავთ, მაგრამ რაკი კვაკერებს სწამთ, რომ ეს შეხვედრა (ღმერთისა და ადამიანის) მხოლოდ პიროვნების გულის იდუმალ სამყაროშია შესაძლებელი, ამიტომ ყოველივე გარეგნული მათთვის სრულიად უმნიშვნელოა. კვაკერთა აზრით, საიდუმლოებებში მონაწილეობა, მარხვის შენახვა და დღესასწაულების აღნიშნვა არ უწყობს ხელს ადამიანის სრულყოფასა და განვითარებას.

კვაკერებს სწამთ, რომ ღმერთი ადამიანის სულს უშუალოდ მიმართავს, ამიტომ ამ აქტს ისინი განიხილავენ უმთავრეს მოვლენად ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, რის მონაწილეც ყოველი ადამიანი შეიძლება იყოს. ამიტომ კვაკერები არ აღიარებენ სამღვდელოების განსაკუთრებულ მოწოდებასა და როლს, რისი შედეგიც არის მათ მიერ ყველა რელიგიური წესჩვეულებისა თუ საეკლესიო რიტუალის უგულებელყოფა.

როგორც წესი, კვაკერები თვეში ერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა შეხვედრების ინტენსივობა უკვე სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ქვეყანაში. იწვევენ ყოველწლიურ შეკრებებსაც, რომლებზეც კონკრეტული გეოგრაფიული არეალის „მეგობართა“ ხელმძღვანელობას ირჩევენ.

ამჟამად კვაკერები ყოველ კვირა იკრიბებიან ლოცვისთვის. შეხვედრების მიზანი სიჩუმეში ლოცვაა. შეხვედრის ადგილი არ არის მნიშვნელოვანი, ის შეიძლება იყოს ახალი ან ძველი შენობა, ოთახი, შეხვედრები შეიძლება ღია ცის ქვეშაც გაიმართოს. შეხვედრის ადგილას განსაკუთრებული სიმბოლოები საჭირო არ არის, თუმცა ოთახში შეიძლება იყოს სასულიერო წიგნები, ყვავილები და სანთლები. დაუგეგმავ შეხვედრებს არ ჰყავს პასტორი, ღვთისმსახურების შემადგენელი ნაწილები არ არის არც ლოცვა და არც გალობა.

ამ ჩუმი შეხვედრების („ჩუმი ლოცვის”) დროს, თუ ვინმე საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, თავისი აზრი მოკლედ სხვებსაც გაუზიაროს, მაგრამ ხშირად შეხვედრები სრულ სიჩუმეში მიმდინარეობს. მეგობრები ფიქრობენ, რომ ურთიერთობა ყველაზე უკეთ მაშინ გამოსდით, როცა ისინი სიჩუმეში, სიმშვიდეში ხვდებიან ერთმანეთს, როცა არაფერი წინასწარ დაგეგმილი არ არის. შედიან ოთახში და სხდებიან წყნარად. სიჩუმე შეიძლება იყოს ძალიან ღრმა და ძლიერი. სწორედ ამ დროს მყარდება, კვაკერთა რწმენით, პირდაპირი კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის.

კვაკერები არ აღასრულებენ არცერთ საიდუმლოს. მათ სწამთ სულიერი ზიარებისა, რომლის განსახორციელებლად არ არის საჭირო არანაირი ფიზიკური ნივთიერება, მაგალითად, პური და ღვინო. მსგავსი მიდგომა აქვთ მათ ნათლობის საიდუმლოსადმიც: კვაკერებს მხოლოდ სულიერი ნათლობისა სწამთ (ზუსტად ასეთივე მიმართება აქვთ ამ საიდუმლოებებთან ხსნის არმიის წევრებსაც).

თუკი თითოეულ ადამიანში ყოველთვის და ყველგან არის ღვთის „ნაპერწკალი“, მაშინ აღარ არის საჭირო განსაკუთრებული დღეები, დღესასწაულები, არც ცერემონიების, საიდუმლოებებისა და რიტუალების საჭიროება არსებობს. ამავე მიზეზით, შენობა, რომელიც ლოცვითი შეკრებებისთვის გამოიყენება, არ ითვლება წმინდა ადგილად: მასში შეიძლება სადილობაც, დისკუსიის გამართვაც და კონცერტის მოწყობაც.

კვაკერები პროტესტანტიზმის მრავალ სწავლამოძღვრებით დებულებას იზიარებენ, თუმცა მათ არ გააჩნიათ რაიმე ოფიციალური რწმენის სიმბოლო. მის ნაცვლად ისინი ხელმძღვანელობენ კრებულით „რწმენა და პრაქტიკა“ (Faith and Practice). ეს არის ერთგვარი წესდება, რომელშიც წარმოდგენილია კვაკერთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ვალდებულებები, აგრეთვე, მითითებები მათი პირადი საქმეების წარმოების შესახებ.

ორგანიზაცია

მრავალი სხვა მოძრაობის მსგავსად, „მეგობართა რელიგიურმა საზოგადოებამ“ ცვლილებები განიცადა და სხვადასხვა განშტოება გაიჩინა.

ინგლისში მისი დაარსებისთანვე კვაკერიზმი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, ძირითადად - ბოლივიაში, კოსტარიკაში, გვატემალაში, კენიაში, პერუსა და აშშ-ში.

1990იან წლებში 350000-დან დაახლოებით 100000 კვაკერი აშშ-ში ცხოვრობდა. კვაკერებმა ორგანიზაციულად ჩამოაყალიბეს შედარებით უფრო მსხვილი „მეგობართა საზოგადოება“, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იკრიბება. მოქმედებს ასევე „რელიგიური საზოგადოება“, რომელიც გენერალურ კონფერენციებს აწყობს, „მეგობართა რელიგიური საზოგადოება“, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო კონსერვატიულია, დაბოლოს, ყველაზე ფუნდამენტალისტურად განწყობილი „ევანგელურ მეგობართა ასოციაცია“. ყველაზე მსხვილი საზოგადოებები არის კენიაში (დაახლ. 100000 წევრი) და დიდ ბრიტანეთში (დაახლ. 18000 წევრი).

სოციალური მსახურება

კვაკერთა შეხედულებით, სანამ ადამიანი სულით არ შეიგრძნობს რწმენას, არ იგრძნობს მის ღირებულებასა და ჭეშმარიტებას, მანამდე იგი ვერ შესძლებს სარწმუნოებრივი პრინციპების მიხედვით ცხოვრებას. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რწმენას, თუ იგი არ აისახება მორწმუნის ცხოვრებაში. კვაკერები ყოველთვის ცდილობდნენ ყოფილიყვნენ კეთილსინდისიერები დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას. კვაკერები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ და სწორედ ამიტომ არ აღასრულებენ ისინი, როგორც წესი, ფიცის რიტუალს სასამართლოზე. ფიცი სასამართლოზე გულისხმობს, რომ დანარჩენ დროს პატიოსნება და სიმართლის თქმა არ არის აუცილებელი, რომ არსებობს პატიოსნების სხვადასხვა სტანდარტი.

თავიდანვე კვაკერების სერიოზული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესება და გარემოს დაცვა. პატიმართა, ფსიქიკური პრობლემის მქონეთა, საომარი მოქმედებების მსხვერპლთა და მოხუცთა დახმარება - ყოველივე ეს კვაკერების აქტივობათა განაწესში შედის. მათ დააფუძნეს მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებებით მუშაობს.

კვაკერების ღრმა რწმენით, თუკი თითოეული ადამიანი ერთგული იქნება იესოს სწავლებისა და სამაგალითოდ გაიხდის მის პირად ცხოვრებას, მაშინ მოისპობა ომი და ძალადობა. ომი და ძალადობა ვერ წყვეტს პრობლემებს. კვაკერები ყოველთვის უარს ამბობდნენ ომისა და, საზოგადოდ, მილიტარიზმისათვის ნებისმიერი სახის ხელშეწყობასა თუ დახმარებაზე. მსოფლიოს ბევრ ქალაქში არსებობს კვაკერთა ცენტრები, რომლებიც წარმოადგენენ ნეიტრალურ ადგილებს, სადაც, მაგალითად, დიპლომატებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეხვედრა და მოლაპარაკება. „მეგობრებს“ დაფუძნებული აქვთ, აგრეთვე, მრავალი კოლეჯი და სკოლა.

აღსანიშნავია, რომ ორი უმსხვილესი ამერიკული კვაკერული ორგანიზაცია 1947 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში.

კვაკერები საქართველოში

2007 წლის ზაფხულს საქართველოში ჩამოვიდა სერგეი გრუშკო ორ სხვა კვაკერთან - მოსკოვის ოფისის მენეჯერ ინგლისელ პიტერ დაისონსა და ამერიკელ ჯულია რაიბერგთან - ერთად. მათი მიზანი იყო დახმარებოდნენ ქართველ კვაკერებს, რათა „მეგობართა საქართველოს რელიგიური საზოგადოება“, რომელიც 21 კაცს აერთიანებს, „მეგობართა მსოფლიო საზოგადოების“ ოფიციალური წევრი გამხდარიყო.

პირველი ქართველი კვაკერი ბაგრატ მამასახლისი გახდა, რომელიც ამ რელიგიურ მიმდინარეობას ინგლისში გაეცნო ათი წლის წინ. „კონტაქტი კვაკერებთან 3 წლის წინ აღვადგინე და თბილისში 21 კაციანი ჯგუფი ჩამოვაყალიბე. ამ მიმდინარეობით თავდაპირველად ჩემი მეგობრები და ახლობლები დაინტერესდნენ. კვაკერიზმი თავისუფალია ფუყე ფორმალიზმისგან და ქრისტიანულ პირველწყაროსთან უფრო ახლოს დგას. ამ მიმდინარეობამ, პირველ ყოვლისა, მშვიდობისა და თანასწორობის იდეებითა და პრინციპე ბით მიმიზიდა“, - ამბობს ბაგრატ მამასახლისი.

პირველი ქართველი კვაკერი ფიქრობს, რომ „მეგობრების მსოფლიო საზოგადოებაში“ გაწევრიანება მათ მეტი და უფრო აქტიური კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება და მეტ ლიტერატურასაც მიიღებენ. რაც შეეხება 21 კაციანი ჯგუფის გაფართოებას, ბაგრატ მამასახლისი ამბობს, რომ ჯერ კარგად უნდა შეისწავლონ ადამიანი, უნდა გაერკვნენ მის მისწრაფებებსა და პრინციპებში, „მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზებთ ჩვენს ლიტერატურას და ის თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანება. სხვათა შორის, კვაკერიზმი ერთადერთი რელიგიური დენომინაციაა, რომლის წევრებსაც შეუძლიათ სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებიც იყვნენ“.

საქართველოში კვაკერები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი დიაბეტით დაავადებულთა დახმარების სოციალურ პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელმაც 2006 წელს იქ დაწყებული ქართველთა დისკრიმინაცია გააპროტესტა, „მეგობართა რუსეთის რელიგიური საზოგადოება - კვაკერები“ იყო.

„როდესაც რუსეთის ავტორიტარულმა ხელისუფლებამ და თვით პრეზიდენტმა რუსეთში მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაციული პოლიტიკა შეიმუშავა და მათი გამოძევება დაიწყო რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან, მოსკოველი კვაკერები ამის წინააღმდეგ გავერთიანდით. ჩვენი მიზანი იყო გაგვეპროტესტებინა რუსეთის ხელისუფლების ეს დისკრიმინაციული და აღმაშფოთებელი ნაბიჯი. ყველა ადამიანი თანასწორია ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ამიტომ ეროვნების გამო ადამიანების დისკრიმინაცია, საშინელი უსამართლობაა“, - განაცხადა მოსკოვის კვაკერთა საზოგადოების წევრმა, სერგეი გრუშკომ საქართველოში ვიზიტის დროს.

დავით თინიკაშვილი


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები