კათარსისი
კათარსისი – (ბერძნ. katharsis – განწმენდა) – ცნება, რომელიც გვხვდება ანტიკური ხანის ფილოსოფიაში, მედიცინაში, ესთეტიკაში. პოლიფუნქციონალობიდან გამომდინარე, აღორძინების ხანიდან მოყოლებული ჩვენს დღეებამდე, კათარსისის ირგვლივ არსებობს მრავალი სხვადასხვა, ხშირად ურთიერთსაპირისპირო განმარტებანი, რომელთაგან ძირითადია: რაციონალისტური (ინტელექტის შემწეობით სულის განწმენდა ვნებათაგან); ეთიკური (თანატანჯვის გზით ადამიანის გაკეთილშობილება); სამედიცინო (ფსიქოთერაპიული განტვირთვა).
პითაგორა მუსიკას მიიჩნევდა კათარსისის გამომწვევად. პლატონის აზრით, კათარსისი სულს აცალკევებს სხეულისაგან და ამით ხელს უწყობს პიროვნების გათავისუფლებას მატერიის ტვირთისაგან.
დრამატული ხელოვნების სფეროში კათარსისის კვლევას საფუძველი ჩაუყარა არისტოტელეს ცნობილმა დებულებამ ტრაგედიასთან მიმართებაში: „ტრაგედია არის ასახვა დიადი და დასრულებული მოქმედებისა, რომელსაც გარკვეული სიდიდე აქვს; ასახვა შემკობილი ენით, სხვადასხვა სახეებით სხვადასხვა ნაწილში, ასახვა მოქმედებით და არა თხრობით, რაც სიბრალულის და შიშის აღძვრის საშუალებით ამგვარ ვნებათაგან განწმენდას (კათარსისს) იწვევს“ („პოეტიკა“). კათარსისული ეფექტის შესახებ, რომელიც ახლავს ზოგიერთ მუსიკალურ ნაწარმოებს, არისტოტელე გაკვრით საუბრობს თავის „პოლიტიკაშიც“.
კათარსისის საკითხის განხილვის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო ი. ბერნაისის შეხედულებათა გავრცელების შემდგომ (1857 წ.), რომლის მიხედვით, არისტოტელეს მხედველობაში ჰქონდა კათარსისის არა ეთიკური, არამედ ფსიქოლოგიური (ფსიქოთერაპიული) ეფექტი. ეს შეხედულება საფუძვლად უდევს თანამედროვე გამოკვლევების უმრავლესობას.
აღსანიშნავია, რომ ახლის პარალელურად, არსებობს ძველი შეხედულებების აღდგენის ან მათი სინთეზირების მცდელობაც. კათარსისი კვლავაც რჩება დრამის თეორიის საკვანძო პრობლემად.