იურიდიული ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იურიდიული ფსიქოლოგია საქართველოში - Legal Psychology in Georgia - Юридическая Психология в Грузии // Психология Права в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში იურიდიული ფსიქოლოგია. საქართველოში, ისევე როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, იურიდიული ფსიქოლოგია კარგად ვერ განვითარდა, რადგან ავტორიტარული საბჭოთა რეჟიმისთვის სამართალი ძირითადად პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო და მისი წარმოების ფსიქოლოგიური თუ სოციალური საფუძვლები ნაკლებად აინტერესებდათ.

საქართველოში იურიდიული ფსიქოლოგიის საკითხებს პირველად ვლადიმერ გრიგოლავა შეეხო თავის წიგნში გამოყენებითი ფსიქოლოგიის შესახებ (1964). ყველაზე მეტი გაკეთდა ამ დარგის თანაკვეთაში ასაკობრივ ფსიქოლოგიასთან და პედაგოგიკურ ფსიქოლოგიასთან. სახელდობრ, დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა მცირეწლოვანი დამნაშავეების შესწავლის მიმართულებით, რომლის შედეგები აისახა ნოდარ როგავას და ფატი გობეჩიას წიგნში „არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქცევის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საკითხები” (1980). მცირე ხნის განმავლობაში ამავე მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში {გუგული მაღრაძე}. ამ კონტექსტში აღსანიშნავია მამია ყოლბაიას წიგნი „ძნელი ბავშვები” (1985).

საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში ამ დარგისადმი ინტერესი გაძლიერდა, რასაც მოწმობს ორი სახელმძღვანელოს გამოცემა: თამაზ გოგიჩაიშვილი − „იურიდიული ფსიქოლოგია” (1997) და გივი მერაბიშვილი − „ზოგადი და იურიდიული ფსიქოლოგია” (1998). იურიდიული ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ თეორიულ საკითხებს ამუშავებენ ვახტანგ ნადარეიშვილი და ქეთევან ჩიგოგიძე. ეს კვლევა-ძიება იმითაცაა აღსანიშნავი, რომ ის განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ კონცეფციას ეფუძნება. დ. უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებაში დროდადრო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ტარდება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით {ქ. ჩიგოგიძე}.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები