იპოქონდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იპოქონდრია - ტერმინი იპოქონდრია ერთ-ერთ უძველეს სამედიცინო ტერმინს წარმოადგენს. მას თავდაპირველად იყენებდნენ ისეთი აშლილობების აღსაწერად, რომლებიც, როგორც ეს მაშინ ითვლებოდა, გამოწვეულია ნეკნქვეშა არეში მდებარე ორგანოების დაავადებით. მას შემდეგ ამ ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებდნენ. დღეს, DSM-IV-სა და ICD-10-ში იპოქონდრია განსაზღვრულია, როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც პიროვნება დარწმუნებულია, რომ ის გარკვეული დაავადებით არის დასნებოვნებული (და, ამის გამო, შიშითაა შეპყრობილი), რაც სათანადო სამედიცინო გამოკვლევებით არ დასტურდება. DSM-IV-ში იპოქონდრია აღწერილია როგორც:

მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი შეპყრობილია შიშით ან დარწმუნებულია, რომ სერიოზული დაავადება სჭირს. პაციენტის მდგომარეობა იმითაა გამოწვეული, რომ ის შეგრძნებების ფიზიკურ ნიშნებს სომატურ დაავადებას მიაწერს. პაციენტის ფიზიკური ჯანმრთელობის სათანადო გამოკვლევა არ ადასტურებს ისეთი სომატური დაავადების არსებობას, რომლითაც შეიძლება აიხსნას ეს ფიზიკური ნიშნები და შეგრძნებები და პაციენტის მიერ მათი არაადეკვატური ინტერპრეტაცია. ამგვარი შიში და რწმენა მყარია მიუხედავად საწინააღმდეგო სამედიცინო მტკიცებულებებისა.

იპოქონდრიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ისეა შერჩეული, რომ გამორიცხავს პანიკური აშლილობისა და ბოდვითი იდეების არსებობას. ამ კრიტერიუმების მიხედვით, პიროვნებას სიმპტომები მინიმუმ ექვსი თვის მანძილზე უნდა აღენიშნებოდეს. არსებობს ერთგვარი გაურკვევლობა ისეთი მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც ექვს თვეზე ნაკლები ხანგრძლივობისაა; ან იპოქონდრიული პიროვნული აშლილობის დიფერენცირებისას; ან იმასთან დაკავშირებით, უნდა შედიოდეს თუ არა ავადმყოფობის შიში (ნოზოფობია) მოცემულ კატეგორიაში.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

იპოქონდრიული აშლილობის გავრცელების სიხშირის დადგენას ართულებს შეფასების აპრობირებული სტანდარტიზებული მეთოდების არარსებობა. პირველადი სამედიცინო დახმარების დაწესებულებებში ჩატარებული ზოგიერთი კვლევის მიხედვით ამ აშლილობის გავრცელების სიხშირე დაახლოებით 5%-ს უდრის, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პირველადი ჯანდაცვის დონეზე ჩატარებული მულტიცენტრული გამოკვლევის მიხედვით - მხოლოდ 0.8%-ს (Gureje et al., 1997a). ნაკლებად მკაცრი დეფინიციის გამოყენებისას გავრცელების სიხშირემ 2.2% შეადგინა. ასეთი დეფინიცია არ ითვალისწინებს კრიტერიუმს - „საწინააღმდეგო სამედიცინო მტკიცებულებების მუდმივი უარყოფა”, მაგრამ მასში შენარჩუნებულია ტრიადა: წუხილი ავადმყოფობის გამო, მასთან დაკავშირებული დისტრესი და ექიმებთან განმეორებითი ვიზიტები. იპოქონდრიული აშლილობის დროს ხშირია კომორბიდობა დეპრესიულ და შფოთვით აშლილობებთან. ეპიდემიოლოგიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იხ. Simon (2000).

პროგნოზი

ბარსკის და მისი კოლეგების მიერ Catarebuli (Barsky et al., 1998) 4-5 წლიანი დაკვირვებების შედეგად აღმოჩნდა, რომ იპოქონდრია, ხშირად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნარჩუნდება.

ეტიოლოგია

იპოქონდრიის გამომწვევი მიზეზები უცნობია. იპოქონდრიის დროს ადგილი აქვს ნორმალური სხეულებრივი შეგრძნებების მცდარ შეფასებას, რაც პიროვნების მიერ დაავადების ნიშნებად აღიქმება. ამგვარი მცდარი ინტერპრეტაციის შენარჩუნებას ხელს უწყობს ისეთი ქცევები, როგორიცაა პაციენტის მხრიდან დაავადების დამამტკიცებელი არგუმენტების მუდმივი ძიება და სხეულზე წარმოსახვითი დაზიანების თვალიერება ან დამუშავება.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები