იდიოლექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდიოლექტი – (ბერძნ. idios – თავისი, თავისებური და (dia)lektos – კილო, კილოკავი), ინდივიდუალური ენა; ენის ცალკეული მატარებლისათვის დამახასიათებელი მეტყველება (ან წერის თავისებურება) ამა თუ იმ კონკრეტული საერთო ენობრივი სისტემის შიგნით; მოცემული ენის რეალიზაცია ცალკეული ინდივიდის მეტყველებაში, რომელსაც მოლაპარაკე იყენებს კომუნიკაციის მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, იდიოლექტური ვარიაცია იქნება განსხვავება კონკრეტულ ინდივიდთა მეტყველებაში ერთი ენის შიგნით. მაგრამ, როგორც აღნიშნულია, იდიოლექტი არ არის აღწერის ერთიანი ობიექტი. მისი განუმეორებლობა შედეგია ისეთი განსხვავებული ფაქტორების გადაკვეთისა, როგორიცაა მოცემული ინდივიდის დამოკიდებულება ინდივიდთა დროებით ან მუდმივ ჯგუფებთან, სიტუაციური სტილისტიკური ვარიანტები, რომელთაც ის იყენებს კონკრეტულ შემთხვევებში, აგრეთვე თვით ინდივიდის უნიკალური პიროვნული ნიშნები (ჯ. გრინბერგი). იდიოლექტის დონემდე მეტყველების ტიპების დაყვანის საწინააღმდეგო არგუმენტებია წამოყენებული უ. ვაინრაიხის მიერაც:

1. იდიოლექტი არ არის ჰომოგენური წარმონაქმნი, შესაძლებელია მისი შემდგომი დაშლა სტილების მიხედვით;
2. სამეტყველო მოდელის უცვლელობაზე ლაპარაკი შეიძლება არა ერთი ინდივიდის, არამედ მხოლოდ ორი ინდივიდის დიალოგური ურთიერთობის პირობებში.

ვიწრო მნიშვნელობით იდიოლექტი აღნიშნავს მხოლოდ ინდივიდისათვის დამახასიათებელ სამეტყველო თავისებურებებსა და ჩვევებს (ხმის სიმაღლე, მეტყველების რიტმი და მისთ.).

ი. ქობალავა


ლიტერატურა

  • გაინრაიხი უ. შესაძლებელია თუ არა სტრუქტურული დიალექტოლოგია? (თარგმ. ინგ-დან. – კრ. „მიმომხილველი“, IV – V, თბ., 1967.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები