თვლის თორმეტობითი სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თითებზე თვლა

თვლის თორმეტობითი სისტემა – ოდესღაც სხვადასხვა ხალხებში საკმაოდ გავრცელებული იყო თვლის „თორმეტობითი“ სისტემა, რასაც ადასტურებს დასავლეთში საგნების თვლის ზოგიერთი წესი. მისი წარმოშობაც დაკავშირებულია თითებზე თვლასთან. ვინაიდან ადამიანის ხელის ოთხ თითს (ცერის გარდა) ერთად აქვს 12 ფალანგი (იხ. ნახ.), ამიტომ ცერის საშუალებით ამ ფალანგების გადათვლა ხდება 1-დან 12-მდე. შემდეგ 12 მიიღება ახალი თანრიგის ერთეულად და ა.შ.

ზეპირსიტყვიერებაში თორმეტობითი სისტემის კვალი ჩვენს დრომდეა შემორჩენილი. იმის მაგივრად, რომ თქვან „თორმეტი“, ხშირად ამბობენ „დუჟინი“ (ლათ. duodecim, ფრანგ. douzaine, იტალ. dozzina, ინგლ. dozen). მრავალ საგანს (დანები, ჩანგლები, თეფშები, ცხვირსახოცები და ა.შ.) დღესაც ხშირად ითვლიან დუჟინობით და არა ათეულობით. (შეიძლება აღინიშნოს, რომ მაგალითად, სერვიზი არსებობს 12 ან 6 კაცზე და არა 10-ზე ან 5-ზე); აგრეთვე, ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი „Gross“ – „დიდი დუჟინი“ – 144.

აღსანიშნავია, რომ თვლის თორმეტობითი სისტემის გადმონაშთი აქვთ ინგლისელებს – ზომის სისტემაში (მაგალითად, 1 ფუტი (30,48 სმ) = 12 დუიმს) და ფულის სისტემაში ( 1 შილინგი = 12 პენსს).

შევნიშნოთ, რომ მათემატიკური თვალსაზრისით თვლის თორმეტობით სისტემას გარკვეული უპირატესობა ექნებოდა ათობით სისტემასთან შედარებით, ვინაიდან 12-ს აქვს გამყოფები 2, 3, 4 და 6, ხოლო 10-ს მხოლოდ 2 და 5. გამყოფების დიდი რაოდენობა იმ რიცხვისათვის, რომელიც თვლის სისტემის საფუძველია, გარკვეულად მოსახერხებელია ამ რიცხვის გამოყენებისას.

XVIII ს-ის ბოლოს საფრანგეთში სერიოზულად განიხილებოდა თორმეტობით სისტემაზე გადასვლის იდეა. ამ სისტემის შემოღებას ცდილობდნენ: ფრანგი ბუნებისმეტყველი ბუფონი (XVIII ს), ფილოსოფოსი კონტი (XIX ს); შვედეთის მეფე კარლ XII ამ სისტემის შემოღებას აპირებდა კანონით. ამერიკაში არსებობს თორმეტობითი სისტემის შემმუშავებელი და პროპაგანდული ორგანო „ამერიკის თორმეტობითი საზოგადოება“, რომელმაც წამოაყენა წინადადება შეიცვალოს ჩვენი ათობითი სისტემა, მათი აზრით, უფრო ეფექტური და მოხერხებული თორმეტობითი სისტემით.

XX ს-ის დასაწყისში ფრანგმა მათემატიკოსმა კადენამ წამოაყენა წინადადება მოეხდინათ რადიკალური რეფორმა და შემოეღოთ თვლის სისტემა 24-ის ფუძით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები