თვლა თითებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვლა თითებით – აფრიკის ცნობილი მკვლევარის სტენლის დამოწმებით, აფრიკის ზოგიერთ ტომში გავრცელებული იყო თვლის ხუთობითი სისტემა. სავსებით ცხადია, რომ ეს სისტემა დაკავშირებულია ადამიანის ხელის თითების აგებულებასთან – პირველ „საანგარიშო მანქანასთან“. მათთვის ცნობილი იყო მხოლოდ პირველი ხუთი რიცხვის სახელწოდება. ისინი რიცხვს „ექვსი“ უწოდებდნენ „ხუთი-ერთი“ და ა. შ. ხუთობითი სისტემის კვალი შემონახულია რომაულ წერით ნუმერაციაში. ამ ნუმერაციაში ციფრებს 6, 7, 8 აქვთ ასეთი სახე: VI =V+I, VII =V+II, VIII=V+III. ასეთივე კვალი შემორჩენილია სკანდინავიურ ენებშიც. საკმაოდ უცნაურია, რომ ეს ხალხი თვლისას კმაყოფილდებოდა მხოლოდ ერთი ხელის თითების გამოყენებით. თვლის ხუთობითი სისტემის გამოყენება ძალიან იშვიათად გვხვდება.

თითებით თვლის ისტორიულ როლზე მიუთითებს სხვადასხვა ხალხში არსებული რიცხვითი სახელები; ხშირად, რიცხვს 5 ეწოდება „ხელი“, 10-ს – „ორი ხელი“, 20-ს – „მთელი ადამიანი“ (ე.ი. ორი ხელი და ორი ფეხი). ზოგ ხალხში თვლის ოცობით სისტემას (მაიას ტომებთან, ბასკებთან), როგორც ჩანს, აქვს იგივე საფუძველი – თითებით თვლა.

თითებით თვლა – რიცხვების აღნიშვნა თითების დახმარებით – არა მარტო თვალსაჩინო იყო, არამედ პრაქტიკული მოთხოვნილებებითაც იყო გამოწვეული. მაგალითად, სავაჭრო ადგილებში, სადაც ხვდებოდნენ სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები, რომელთაც არ ჰქონდათ საერთო ენა, გარიგების დროს აუცილებელი ხდებოდა თითებით ანგარიში, ე.ი. პრაქტიკულმა აუცილებლობამ გამოიმუშავა თითებით თვლა, რაც უსიტყვოდაც გასაგები იყო.

რაიმე სავაჭრო გარიგების დროს მოვაჭრეთა შეთანხმება მთავრდებოდა ხელის ჩამორთმევით (ხშირად, ახლაც ასეა); ეს, ალბათ, იყო იმის დადასტურება, რომ ვაჭრობა შედგა თანაბარ პირობებში – ორივემ ერთმანეთს ჩამოართვა ხუთთითიანი ხელი.

ხელი – ხელს, ე.ი. ტოლფასი გარიგება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები