თვითმგვემი (ტერენციუსის კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თვითმგვემი„ – ძველრომაელი დრამატურგის ტერენციუსის კომედია.

163 წელს დადგმულ პიესაში „თვითმგვემი„ „ძმების“ მსგავსად წარმოჩენილია თაობათა შორის ურთიერთობისა თუ აღმზრდელობითი ხასიათის პრობლემები. პიესის გმირი, სათაურშივე თვითმგვემად შერაცხული მენედესი მკაცრი მამის ნიღბის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს. თავისი გაუთავებელი შეგონებებითა და პირქუში სიმკაცრით მენედესმა უკიდურესად დათრგუნა თავისი ვაჟიშვილი კლინია. მამის ზეწოლა შვილისთვის განსაკუთრებით აუტანელი მას შემდეგ გახდა, რაც კლინიას მშვენიერი, მაგრამ დაბალი წარმომავლობის ანტიფილა შეუყვარდება. ბოლოს და ბოლოს, შეყვარებული ყმაწვილი თავს ჯარში წასვლით უშველის. მარტოდ დარჩენილი მოხუცი მენედესი თვითგვემას მიეცემა, – საკუთარ თავს ვერ პატიობს შვილისადმი გულცივ დამოკიდებულებას, როდესაც სინდისის ქენჯნით გატანჯული მოხუცი, მისგან ფარულად, შვილის დაბრუნების შესახებ შეიტყობს, მზადაა უპირობოდ მიიღოს, გულში ჩაიკრას და ყველაფერი დათმოს. უკიდურესი სიმკაცრიდან უკიდურეს ლოიალურობაში, – ყოვლის მიმღებლობასა და ყოვლის დამთმობობაში გადავარდნილ მენედესს მისი მეგობარი და მეზობელი ქრემესი ეხმარება საღი აზრისა და ზომიერების გრძნობის შენარჩუნებაში. ქრემესი თავის მეგობარს დაარწმუნებს, რომ ნებისმიერი უკიდურესობა საზიანოა როგორც მისთვის, ასევე მისი ვაჟიშვილისთვის. თუკი მამის დესპოტიზმი შვილის დათრგუნვას ან მასში პროტესტის გრძნობის გაღვივებას იწვევს, ზედმეტი დამთმობლობა ახალგაზრდული თავქარიანობის წაქეზების თვალსაზრისით, შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს. მამისგან ფარულად სამშობლოში დაბრუნებული კლინია კი სწორედ ქრემესის ვაჟიშვილთან, თავის მეგობარ კლიტიფოსთან ჰპოვებს თავშესაფარს. პიესის ბოლოს გაირკვევა, რომ ანტიფილა ქრემესის ქალიშვილი, შესაბამისად კი, კლიტიფოს და აღმოჩნდება. ახალგაზრდების ქორწინებისთვის ხელის შემშლელი პრობლემა მოგვარდება. თავქარიან კლიტიფოს გონიერი და ზომიერად დამთმობი მამა მფლანგველობის სენისგან განკურნავს და ცოლის მოყვანაზეც დაითანხმებს. საბოლოოდ პიესაში სიყვარულისა და კეთილგონიერების ძალა იმარჯვებს.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები