თელავის ღვთაება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თელავის ღვთაება — იმ ადგილას, სადაც დღეს ღვთაების ეკლესიაა აშენებული, უწინ უტეხი ტყე ყოფილა. ტყეში მეტად მრავალი ნადირი სცოდნია. მახლობელი სოფლის თავადაზნაურობა და მონადირენი სულ ამ ტყეში ნადირობდნენ თურმე. ყველაზე ძლიერ კი ერთ თავადს, რუსიშვილს ჰყვარებია ამ ტყეში ნადირობა.

ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ, თავადი რუსიშვილი ამოსულა ტყეში სანადიროდ. ნადირობა თურმე მეტად მარჯვედ მოსდიოდა და ისე გაეტაცნა, რომ შეუმჩნევლად ტყეში დაჰღამებია. ბინდისას, როცა კარგად იჯერა გული ნადირობით, მოინდომა შინ დაბრუნება, მაგრამ ნანადირევის წაღება ღამე უცხენოდ შეუძლებელი იყო და ტყეში უპატრონოდ დატოვებაც არ იქნებოდა. გადაწყვიტა, ღამე ტყეში გაეთია. მხლებლებმა ცაცხვიანში ცეცხლი გააჩაღეს, ნანადირევი შეწვეს და ვახშმის შემდეგ ნადირობისაგან დაღლილთ ტკბილად ჩაეძინათ. თავადს ძილში თეთრწვერა მოხუცი გამოეცხადა და ეს უთხრა: „ადექი და მოთხარე მიწა იმ ადგილზე, სადაც წევხარ. წმიდაა ეს ადგილი. მიწაში გამოქვაბულია, სადაც ასვენია ღვთაების ხატი. შენს თანამოძმეთ გადაეცი, რომ წმიდანი მიწაში არ ამყოფონ. აუშენონ საკადრისი ეკლესია და თავის საკადრის ადგილზე დაასვენონ ხატი.“

თავადს გამოეღვიძა თუ არა, შინ წავიდა, მსახური კი ნანადირევის საყარაულოდ დატოვა ტყეში. მისვლისთანავე მოხუც დედას უამბო სიზმარი. მეორე თუ მესამე დღეს მოხუცი ქალი ვაჟითა და ორი მსახურით წავიდნენ ტყეში ღვთაების ხატის საძებნელად. მთელი ორი დღე თხარა ორმა კაცმა ნაჩვენებ ალაგას მიწა. მესამე დღეს მიადგნენ გამოქვაბულს. ერთი მთხრელი საჩქაროდ ამოვიდა თხრილიდან და ქალბატონს მოახსენა: ქალბატონო, ხატი ვიპოვნეთო. გახარებული მოხუცი მაშინვე წამომდგარა ფეხზე. მსახური და ქალბატონი მისულიყვნენ გამოქვაბულთან, სადაც ესვენა ხატი. ხატის წინ პატარა შანდალში ორი წმინდა სანთელი ენთო. მოხუცმა თაყვანი სცა ხატს, მერე გამოქვაბულის კარს სიპი ქვა მიაფარა და სოფელში დაბრუნდა. რუსიშვილმა აღარ დააყოვნა და შეუდგა იმ ტყეში ეკლესიის შენების სამზადისს. ერთ თვეში გამოქვაბულის თავზე ფიცრის ეკლესია ააშენა და ხატიც ამ ეკლესიაში დაასვენა.

ეს ამბავი მალე შეიტყეს ახლო-მახლო სოფლებმა და აუარებელმა ხალხმა დაიწყო აქ სიარული სალოცავად. სოფლელებმა მალე ფულიც მოაგროვეს და ააშენეს ქვის ეკლესია, რომელიც დღესაც დგას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები