თალაკვაძე არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე (დ. 16 იანვარი, 1983, ოზურგეთი, საქართველო) ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის №1 საჯარო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2010 წელს დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა. 2015 წელს ჩაირიცხა ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE), აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში.


არჩილ თალაკვაძე 2007-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, მრჩევლის პოზიციაზე. 2011-2012 წლებში მუშაობა დაიწყო დირექტორის მოადგილედ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, პოლიტიკური სისტემის განვითარებას, მედიის თავისუფლებას და დემოკრატიულ რეფორმებს ემსახურებოდა. 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ, სადაც პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა წარმატებით გაატარა – შედეგად 11-ჯერ შემცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებლები, მინიმუმამდე შემცირდა ტუბერკულოზის გავრცელება და დაიწყო „C“ ჰეპატიტის პროგრამა. 2014-2016 წლებში არჩილ თალაკვაძე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, სადაც ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობებს, მიგრაციის სამსახურის რეფორმას და ცენტრალური აპარატის მუშაობას უძღვებოდა. 2015-2016 წლებში იყო „გლობალური ფონდის“ (The Global Fund) მმართველი საბჭოს წევრი, საქართველოს მთავრობის კვოტით. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში და არჩეულ იქნა ოზურგეთის ოლქის მაჟორიტარად IX მოწვევის პარლამენტში, სადაც 2019 წლამდე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობის ლიდერი გახლდათ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, ჩართული იყო საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებაში. 2019 წელს არჩილ თალაკვაძე არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ, წარდგენილი იყო პროპორციული სიის მე-2 ნომრად და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, აირჩიეს საქართველოს X მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ. შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით.


არჩილ თალაკვაძე გახლდათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი პირველი საჯარო მოხელე, რომელმაც ომის დღეებში კონფლიქტის ზონაში 22 სოფელი მოინახულა, აღწერა იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევები და საქართველოს სახალხო დამცველის სახელით, პირველი ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა.


წყარო

მომზადებულია ვიცე-სპიკერის ოფისის მიერ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები