თაიაყ-ყარნაშლიყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაჲაყ-ყარნაშლიყ-ი / ანთ-ყარნაშლიყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Таякъ-къарнашлыкъ / ант-къарнашлыкъ) – ძმადნაფიცობის ბალყარულ-ყარაჩული რიტუალი, რომელიც საწესო ჯოხის („ანთლი-თაჲაყი, ჯიქ-ელეჲ თაჲაყი“) ქვეშ გავლას და შესაბამისი ფიცის დადებას ითვალისწინებდა. სპეციალურ ლიტერატურაში აღწერილია საინტერესო ცერემონია, რომელიც 1930 წელს ყარაჩში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლის დროს შესრულდა: თავადი მუდაროვების ოჯახში ინახებოდა საწესო არგანი – ჯიქ-ელეჲ თაჲყი, რომელიც ჯაჭვის პერანგში (бютеу-кюбе) იყო გახვეული და საცხოვრებელი სახლის კედელზე, ოჯახის უფროსის საპატიო ადგილის უკან ეკიდა (ითვლებოდა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ამ ჯავშანს შეეხებოდნენ, მრავალშვილიანები გახდებოდნენ, ამასთან, ჯავშნის სნეულებით [кюбе-ауруу – „კანის სიწითლე“] არ დაავადდებოდნენ. ე. წ. ჯავშნის წყალს, რომელიც მათრობელა სასმელში [къан-бура – „სისხლის ბორაკი“] ჯაჭვის პერანგის ჩადებით მიიღებოდა, მეომრები, ლაშქრობამდე და ბრძოლის შემდეგ, თავზე ისხამდნენ და ცხენსაც შეასხურებდნენ).

ჯიქ-ელეჲ თაჲაყი წარმოადგენდა მუხის ხის ტოტს, რომლის ერთი ბოლო განტოტვილი იყო, მეორე – თავწამახული, შუა ნაწილში კი სამი წამახული წანაზარდი ჰქონდა (ფიცის დადების დროს მას „ფიცის ჯოხს“ [Антлы-таякъ] უწოდებდნენ). თავადთა საბჭოს (Къарча-тере) დაწყებამდე, ამ ჯოხის ქვეშ გავლა შეეძლოთ მხოლოდ თავადებს (бийле) და სხვადასხვა რანგის წარჩინებულებს, მაგრამ ფიცის დადების დროს მისი შეხება მხოლოდ დიდ მთავარს (Байрахтам) ან მის მეუღლესა და მათ უმცროს ვაჟს შეეძლოთ. ჯოხის განტოტვილ ბოლოს ხელს ჩაავლებდა სათავადოსახლის უფროსი – მთავარი, რომელსაც მუქი ფერის სამოსი ეცვა და თეთრი ქუდი ეხურა, თავწამახული ბოლო კი თეთრ ჩოხასა და ყვითელ ქუდში გამოწყობილ უმცროს თავადს ეკავა. გარდა ამისა, ამ უკანასკნელს მარჯვენა ხელში მგლის მთლიანი ტყავი ან მისი ნაჭერი მაინც უნდა სჭეროდა. დიდი თავადის გვერდით წარმომავლობით წარჩინებული ექიმბაში (ქალი ან მამაკაცი) უნდა მდგარიყო. ახალგაზრდა თავადთან ახლოს მაგი, ჯადოქარი (ЭркБиджи) და წინასწარმეტყველი (Гездерчи) იმყოფებოდნენ. ფიცის დადებამდე ჯოხს განსაკუთრებულ ლუდს (къарча-сыра) მოასხურებდნენ, ლუდით ხელს დაიბანდნენ და ხელჩაჭიდებულნი ჯოხის ქვეშ გადიოდნენ. ამის შემდეგ თხის ტყავის ოთხი ნაჭრისგან შემდგარ დროშას სათითაოდ წაავლებდნენ ხელს და ფიცის ტექსტს სამჯერ წარმოთქვამდნენ:

ჩემი ელეი სახსრისა – თეირის (ღმერთის) მსახური,
ჩემი ელეი გოლეულისა – თეირის მსახური,
ზეციური სულის,
მიწიერთა სულის,
ღმერთის,
ჯერსუუმაის წინაშე ვფიცავ,
ვიდრე ცა არ გატყდება,
ვიდრე მიწა არ ჩაინთქმება,
ვფიცავ, ძმადნაფიცობიდან არ გავალ.

ფიცის დადებისთანავე შეფიცულნი უმცროს თავადს მუხლის მოყრით პატივს მიაგებდნენ, დიდი თავადის მარჯვენა ფეხის ბოლოსა და მიწას შუბლით შეეხებოდნენ, შემდეგ ხელებს უკან შემოიწყობდნენ, მიწას თავს დაუხრიდნენ და ერთმანეთს შუბლებს მიადებდნენ. ამის შემდეგ დიდი მთავარი, გადასცემდა რა უმცროსს ფიცის ჯოხს, კულტმსახურის (табалтайчы) მიერ მიწოდებული რიტუალური კოვზის ამობურცულ ნაწილს შეფიცულთა კეფაზე გაატარებდა (კოვზს საამისოდ სპეციალურად მომზადებულ მოწითალო ფერის ლუდში [ара-сыры – „ცენტრალური ლუდი“] ამოავლებდნენ), რის შემდეგაც ბაირახთამი მათ ერთმანეთის მიმართ ზურგშექცევით დააყენებდა და, წაავლებდა რა ხელებს შუბლებზე, კეფებს შეუერთებდა. ამ მოქმედების დასრულებისთანავე რიტუალის ობიექტები „შეფიცული ძმები“ (антлы къарнашла), ან „ჯოხქვეშ შობილი ძმები“ (таякъ туугъан къарнашла) ხდებოდნენ.

უნდა ითქვას, რომ ჩერექის ხეობის ბალყარელებში ზემოაღნიშნული ჯოხის კულტის არსებობის შესახებ XIX ს-ის ავტორებიც აღნიშნავდნენ. ამ ჯოხთან დაკავშირებულ ლეგენდაში ნათქვამია, რომ იგი ვინმე ელეუმ (ყარაჩ. ელეჲ) თხილის ხისგან გააკეთა. ხალხი მას ისეთ სასწაულებრივ თვისებებს მიაწერდა, როგორიცაა მტრისგან დაცვა, ცეცხლგამძლეობა და მეტყველების უნარიც კი. ჯოხი თავადი აბაევების ოჯახში ინახებოდა.



ლიტერატურა

  • Миллер В. Ф., Ковалевский М. М. В горских обществах Кабарды. Предания о происхождении балкарских феодалов (таубиев). Языческие обряды балкарцев. Предания о водворении среды чегемцев феодальных властителейб так называемых таубиев (горских князей) // Вестник Европы, кн. № 4, апрель, 1884;
  • Дячков-Тарасов А. Н. Заметки о Карачае и карачаевцах // СМОМПК, вып. 25. Тифлис, 1898;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები