ზერვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზერვანი(ძვ. ირან.) „დრო“, დროჟამისა და ბედისწერის მბრძანებელი, მარადიულობა, რომლის წიაღში ჩაისახნენ აჰურამაზდა და ანჰრო მაინიუ. როცა ჯერ არაფერი არ არსებობდა, არც ცა, არც მიწა, არც რაიმე ქმნილება, რაც ცაზეა ან დედამიწაზე.

ზერვანი ათასი წლის განმავლობაში სწირავდა მსხვერპლს, რომ შვილი მისცემოდა, აჰურამაზდა, რომელსაც უნდა შეექმნა ცა და მიწა და ყველაფერი, რაც მათშია. ათასწლოვანი მსხვერპლშეწირვის შემდეგ იფიქრა: რა სარგებლობა აქვს ამ მსხერპლშეწირვებს, შემეძინა კი აჰურამაზდა? იქნებ ამაოდ ვშვრები?

და ვიდრე ეს ეჭვი გაუჩნდებოდა, ჩაისახნენ აჰურამაზდა და მასთან ერთად ანჰრო მაინიუ დედის საშოში. მაშინ ზერვანმა აღთქმა დადო, რომ ვინც პირველი გამოცხადდებოდა მის წინაშე, ის მიიღებდა მისგან მეფობას. აჰურამაზდამ განჭვრიტა მისი ფიქრი და გულუბრყვილოდ გაუმხილა იგი ანჰრო მაინუს. ანჰრო მაინუმ არ დააყოვნა და მყისვე გააპო საშო და თავისი საზიზღარი გარეგნობით წარუდგა მამას. უთხრა: „მე ვარ შენი ძე აჰურამაზდა“. მაგრამ ზერვანმა უარყო იგი, რადგან ბნელის წილი იყო, ყარდა და ბოროტის ქმნა უყვარდა. და ატირდა მამის წინაშე ანჰრო მაინუ, მაგრამ მისი ცრემლები თვალთმაქცური იყო. ამასობაში დაიბადა აჰურამაზდა ბუნებრივი წესით, როგორც არსებანი იბადებიან თავის დროზე. იგი ნათელი და კეთილსურნელოვანი იყო, სიკეთით აღვსილი. ზერვანი მიხვდა, რომ ის იყო მისი ჭეშმარიტი ძე, რომელსაც უნდა შეექმნა ისეთივე მშვენიერი და კეთილი სამყარო, როგორც თავად იყო. მაგრამ ანჰრო მაინუ მიეჭრა ზერვანს და შეახსენა: „ფრთხილად, განა შენ არ დადევი აღთქმა, რომ ვინც პირველი გამოცხადდებოდა შენს წინაშე, იმას მივცემ მეფობასო?“ ზერვანმა ჯერ შეჰყვირა: „განვედ ჩემგან, უწმინდურო!“ რადგან შესაზარად ყარდა იგი. მაგრამ გონს მოეგო და ბრძანა, რომ აღთქმა არ დაერღვია: „კარგი, შენც გაგხდი მეფედ და იმეფებთ ერთად შენ და აჰურამაზდა.

მაგრამ გაივლის მრავალი წელი და გძლევს აჰურამაზდა და დაამყარებს თავის მეუფებას მთელ სამყაროზე. მანამდე კი თქვენ შორის გამუდმებული შუღლი და მტრობა იქნება. წადით, შექმენით სამყარო და იმეფეთ!“

ამიერიდან ორი მეფე ჰყავს სამყაროს – კეთილი აჰურამაზდა და ბოროტი ანჰრო მაინუ. რაც კეთილია ამ სამყაროში, აჰურამაზდას შექმნილია, რაც ცუდი და ავია არიმანის ნაცოდვილარია. ნათელი აჰურამაზდასია, ბნელი – ანჰრო მაინუს. აჰურამაზდამ შექმნა ცეცხლი, არიმანმა ცეცხლს შურით კვამლი დააყოლა. აჰურამაზდამ აღმოაცენა ადამიანისთვის სასარგებლო მცენარეები, ანჰრო მაინუმ კი ღვარძლი და ძეძვი აღმოაცენა.

აჰურამაზდამ შექმნა ცხოველები, არიმანმა კი მათ სისასტიკე ჩაუნერგა. აჰურამაზდამ შექმნა თავისი ბუნებისამებრ სიმართლე და ჭეშმარიტება, ანჰრო მაინუმ კი, როგორც თავად იყო, – სიცრუე და სიყალბე.

აჰურამაზდამ გარს შემოიკრიბა კეთილი სულები – შვიდი უკვდავი, რომლებიც განაგებენ მის მიერ შექმნილ სამყაროს, თითოეული თავის საუფლოში. ანჰრო მაინუმ კი უწმინდური და ბოროტი არსებანი – დევები შემოიკრიბა გარს და დაავალა, ყველაფერში ხელი შეეშალათ კეთილი სულებისათვის. ასე ებრძვიან ერთმანეთს ამ სამყაროში კეთილი და ბოროტი ძალები, ხოლო ადამიანს ევალება არჩევანი გააკეთოს მათ შორის: დადგეს რომელიმე მხარეზე. კეთილი და ბოროტი სულები იბრძვიან ადამიანისთვის, თითოეული ცდილობს თავის მხარეზე გადაიბიროს ადამიანი. აჰურამაზდამაც და ანჰრო მაინუმაც იციან, რომ ადამიანის გარეშე ისინი ვერ გაიმარჯვებენ, რათა თავისი მეუფება დაამყარონ მთელ სამყაროზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები