ვილიამსი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვილიამსი

ვილიამსი - (Williams Bartlett, Bon Chretien Williams), ზაფხულის დიუშესი. საქართველოში მსხლის ჯიში ვილიამსი ცნობილია „სუნიანი მსხალის“ სახელწოდებით. მე–XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეს კლასიკური მსხლის ჯიში გამოყვანილი იყო როგორც თესლნერგი, ბერქშირში (ინგლისი). მე–XVIII საუკუნის დამლევს კი იგი შეტანილი იქნა ამერიკაში და იქ ცნობილმა მებაღემ ბარტლეტმა ფართოდ გაავრცელა, რის გამოც მან მიიღო ბარტლეტის სახელწოდება. ევროპაში მსხლის ეს ჯიში გაავრცელა ვილიამს რიჩარდმა და ამიტომ საბოლოოდ ვილიამსის მსხლის სახელწოდება შეინარჩუნა.

საქართველოში ვილიამსი ფართოდ არის გავრცელებული ქართლის მეხილეობის მრავალ რაიონში – ქსნის ხეობაში (მუხრანში), ქვემო ქართლში (გორის ახლო-მახლო მიდამოები, სკრა, გორის გარეუბანი, ხიდის-თავი).

შედარებით ნაკლებ გავრცელებულია ზემო ქართლსა და სამხრეთ-ოსეთში. კახეთში კი ძლიერ ხშირად გვხვდება ბაღჩებსა და კარმიდამოებზე; გაშენებულია აგრეთვე თბილისის გარეუბანში. ვხვდებით იმერეთშიაც – აქა-იქ. საკმაოდ დიდი რაოდენობით გავრცელებულია ვანის რაიონში, სადაც „გულაბის“ სახელწოდებითაა ცნობილი, თითო-ოროლა ხეს ვპოულობთ ქუთაისის ახლო-მახლო ადგილებში. საგრძნობლად დიდი რაოდენობით ვილიამსი გაშენებულია აფხაზეთში.

ვილიამსის ყვავილი

ნაყოფი ლამაზია, საშუალო ან ძლიერ მსხვილი, ზომით 105–85 მმ. მოგრძო-მსხლისებრი მოყვანილობის, ბორცვიანი ზედაპირით, მეტადრე თავსა და ბოლოში. ნაყოფის ფორმა ხშირად იცვლება. მოსხმა იცის ცალობით ან 2–3 ერთად (ტყუპები). ნაყოფი მკვიდრად არის მიმაგრებული სანაყოფე ტოტებზე.

ჯამი ღია ან ნახევრად ღიაა და ზის საკმაოდ ღრმა და ბორცვიან ღრუში.

ნაყოფის ყუნწი სქელია, საშუალო სიგრძის, ოდნავ წახრილი; ზის ძლიერ პატარა ღრუში.

ნაყოფის კანი თხელია, თავდაპირველად ღია მწვანე ფერისა, სრული სიმწიფისას ღებულობს ღია ლიმონისფერ-ყვითელ ელფერს; ნაყოფის მთელ ზედაპირზე გაფანტულია მორუხო-ნაცრისფერი წერტილები; ზოგჯერ აქა-იქ ნაყოფის ზედაპირზე გვხვდება ჟანგაროს ხაზები და ხალები.

მზის მხარეზე ნაყოფს უჩნდება ღია მოწითალო ლოყა, რომელიც წყვეტილი ხაზებით და წერტილების მსგავსად ჩამუქებულ ოქროსფერ-ყვითელ ფონს ჰფარავს. საერთო გარეგნობა მეტად ლამაზი აქვს. ქეცით ძლიერ იშვიათად ავადდება, ისიც როგორც გამონაკლისი.

ნაყოფის ხორცი თეთრია, ძლიერ ნაზი, მდნარი, ერბოსებრი, თავისებური მუსკატისებრი სურნელებით, საიდანაც წარმოსდგა ამ ჯიშის ქართული სინონიმი „სუნიანი მსხალი“. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მას შეხამებული სასიამოვნო სიტკბო-სიმჟავიანობა ახასიათებს. მეტადრე კარგ პროდუქტს წარმოადგენს საკონსერვო საქმეში. ვილიამსის ნაყოფის ხორცი კონსერვებად გადამუშავებისას არ შავდება, სუფთა თეთრი ფერის რჩება და დროულად გადამუშავებული ხარშვისას არ ქაშდება.

ხე საშუალო სიდიდისაა, განიერ-პირამიდული ფორმის. თუმცა პირველად ვილიამსის ხეს საკმაოდ ძლიერი ზრდა ახასიათებს.

ჰყვავის გვიან; ყვავილი თვითსტერილი აქვს, კარგად ნაყოფიერდება ბერე-ბოსკით, სოხუმის დიუშესით. თვითონაც ანაყოფიერებს, მოსავლიანობაში ადრე შედის, ისხამს უხვად და რეგულარულად. ნაყოფი მეტისმეტად ზიანდება ნაყოფჭამიასაგან.

კომშზე დამყნილი იზრდება ძლიერ სუსტ ხედ, მაგრამ ნაყოფს მაღალი ხარისხისას და მეტად მსხვილს იძლევა. ხე საკმაოდ დიდ მოთხოვნილებას უყენებს გარემო პირობებსა და ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს პირველ რიცხვებში. ნაყოფი ადრეულად უნდა მოიკრიფოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით ხეზე იწყებს მალე გადამწიფებას და მაშინ მთლად ჰკარგავს თავის მაღალ თვისებებს; ვილიამსის გადამწიფებული ნაყოფი საკონსერვო საქმეში სრულიად გამოუსადეგარია.

ვილიამსი მსოფლიოში ფართოდ ცნობილი სამრეწველო ჯიშია. ამერიკაში მას ზოგან 50% რაოდენობით აშენებენ: შტატ ნიუ-იორკსა, კალიფორნიასა, ვაშინგტონსა და ორეგონში. ერთ-ერთ ძირითად სამრეწველო ჯიშად ითვლება იგი იტალიასა, საფრანგეთსა და ინგლისში. სახელმწიფო ჯიშად არის აღიარებული გერმანიაში.

მეხილეობის მრავალ რაიონში მოდის როგორც ძირითადი სამრეწველო ჯიში; საქართველოში ზაფხულის ჯიშებს შორის პირველი ადგილი უკავია. ვილიამსის საწარმოო-სამრეწველო ღირებულებას შეადგენს: სხვადასხვაგვარ გარემო პირობისადმი შეგუების დიდი უნარი, ადრეულა ნაყოფიერება, უხვი და რეგულარული მოსავლიანობა, მსხვილი და ლამაზი ნაყოფი, ძვირფასი გემო და სურნელება, ნაყოფის კარგი ტრანსპორტაბელობა და გადამუშავების კარგი ტექნოლოგიური თვისებები. საკონსერვო ზონის რაიონებში და დიდ ქალაქების გარეუბნებში ზაფხულის ჯიშებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უნდა დაეთმოს.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები