ექო (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექო(ბერძნ.) ნიმფა. ექოს, გამოძახილის განსახიერება.

მშვენიერი ნიმფა ექო ხშირად ესტუმრებოდა ხოლმე ღმერთებს ოლიმპოსზე და ზეცათა დედოფალ ჰერას ართობდა, უამბობდა რა ახალ ამბებს. ხოლო ზევსი კი ამასობაში თავს იქცევდა სატრფიალო თავგადასავლებით. მალე მიხვდა ეჭვიანი ჰერა, რაც ხდებოდა და საუბრის მოყვარული ენაჭარტალა ნიმფა დასაჯა მდუმარებით. ექო ვეღარ ლაპარაკობდა და მხოლოდ სხვათა სიტყვებს იმეორებდა.

ერთხელ ექომ თვალი მოჰკრა ნარკისოსს (ნარცისს), მდინარის ღმერთის, კეფისოსის მშვენიერ, მაგრამ ამაყ ვაჟიშვილს, რომელსაც მისანმა უწინასწარმეტყველა, რომ მიაღწევდა სიბერემდე, თუ არ ნახავდა თავის სახებას. ხილვისთანავე შეიყვარა ნიმფამ ჭაბუკი, მაგრამ გულისთქმას ვერ უმხელდა, რადგანაც ლაპარაკი არ შეეძლო. მდუმარე ნიმფა აღფრთოვანებული შეჰყურებდა ხოლმე დიდებულ ჭაბუკს, მაგრამ ფოთლებში მიმალული ხმას ვერ იღებდა. ერთხელ ექომ გაბედა და ბუჩქებიდან გამოვიდა. ყმაწვილისაკენ გაეშურა, სურდა სანუკვარ ყელზე შემოეჭდო ნაზი მკლავები, მაგრამ დაუსხლტა ჭაბუკი და ხელი ჰკრა ქალწულს. დამწუხრებული განერიდა იქაურობას საბრალო ნიმფა, უსიერ ტყეში მიიმალა. სიყვარულისაგან გატანჯული გახდა, ჩამოხმა. მისგან ხმა დარჩა მხოლოდ და ნაღვლიანი გამოძახილი.

ერთხელაც, ნაღვლიან ნიმფას აღმოხდა: „შეიყვაროს და ვერ შეეხოს თავის საყვარელს!“ სიყვარულის ღვთაება აფროდიტემ შეისმინა ნიმფას ვედრება და აი, რა მოიმოქმედა: ნადირობისას ნარკისოსი ვერცხლისფერტალღა წყაროსთან ჩამოჯდა და წყურვილის მოსაკლავად დაიხარა. როგორც სარკეში, ისე ირეკლებოდა ყველაფერი ანკარა წყალში. კვიპაროსების სიმწვანეც ჩანდა, ზეცის სილურჯეც. მთელი თავისი მშვენიერებით წარმოისახა იქ ნარკისოსიც. განცვიფრებული შესცქეროდა იგი თავის სახებას და დაუძლეველი სიყვარული ეუფლებოდა. უსხეულო აჩრდილს ეტრფოდა. სურდა ამბორი, მაგრამ წყალი ხვდებოდა ბაგეს. სურდა ხელების შემოჭდობა, მაგრამ წყალში თავს ვერ იჭერდა. ნარკისოსი არ სცილდებოდა წყაროს, არც ჭამდა, არც ეძინა. თვალმოუშორებლად შეჰხაროდა თავის სახებას. ბოლოს მიხვდა, რომ წყალში თავად ირეკლებოდა, რომ საკუთარი თავი უყვარდა. დამწუხრებულმა შემოიგლიჯა ტანსაცმელი, მარმარილოს მსგავსი ხელებით დაიხოკა ლამაზი მკერდი, დადნა, დასუსტდა, როგორც სანთელი მსუბუქ ალზე. იდუმალ ცეცხლში მიიფერფლა მისი სხეული. მომაკვდავმა ნარკისოსმა თავი ბალახებზე დახარა და სილამაზით გაოცებული თვალები დახუჭა. მისი სული კი, მიწისქვეშა საბრძანებელში ჩასვენებული, კვლავ სტიქსის წყლებში განაგრძობს მზერას.

ტყეში ნიმფებმა რომ გაიგეს ნარკისოსის გარდაცვალების ამბავი, მორთეს ტირილი. მათ ხმას აძლევდა ექოც. ხოლო როდესაც საფლავი გათხარეს, გვამი ვერ ნახეს. იმ ადგილას, სადაც ნარკისოსს ბალახზე თავი დაეხარა, ამოსულიყო მშვენიერი თეთრი ყვავილი. ამ სიკვდილის ყვავილს მას შემდეგ ნარგიზს უწოდებენ.

ერთ-ერთი მითოსის თანახმად, ნიმფა ექოს ღვთაება პანისგან შეეძინა ქალიშვილი სახელად იინქსი. სხვა მითი კი გვამცნობს, რომ ექოსაგან შეურაცხყოფილმა პანმა მოკლაო მშვენიერი ნიმფა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები