ერისიხთონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისიხთონი – თესალიის მეფე ტრიოფსის ძეს.

კეთილმოწყალე ღვთაებაა დემეტრე, მაგრამ აი, რა შეემთხვა ერისიხთონს, რომელიც მიატოვა კეთილმა ღვთაებამ: უძველეს ხანად პელასგებმა მადლიერების ნიშნად დემეტრეს უძღვნეს ჩრდილით მოსილი დიდებული ჭალა, სადაც ძველთაძველი მუხა ხარობდა. მისი კენწერო ცას სწვდებოდა, ხოლო რტოთა ქვეშ მთელი ტყე იყო გადაშლილი. და აი, ამ მუხის მოჭრა განიზრახა ერისიხთონმა, რომლის სულშიაც ბოროტებამ დაისადგურა. დემეტრემ სცადა, გონს მოეყვანა მეფისწული, მაგრამ ამაოდ. ბოროტი სულით დათრგუნულმა თესალიელმა ცულის ურიცხვი დაკვრით ძირს დასცა ძველთაძველი მუხა, რომელმაც მთელი ტყე ქვეშ მოიყოლა. ელევსინზე ნაკლებად როდი უყვარდა დიდ ღვთაებას ეს წმინდა ადგილი. სწორედ ამიტომ მან ერისიხთონი სასტიკად დასაჯა: იგი შიმშილით უნდა მომკვდარიყო. დემეტრემ შიმშილის ღვთაებას დაავალა ამ ბრძანების აღსრულება.

როდესაც თვალებჩაცვენილი, თმაგაჩეჩილი, ჩამომჭკნარი და გაძვალტყავებული შიმშილის ღმერთი ერისიხთონის სასახლისაკენ წალასლასდა, ღამეული დრო იყო. მკრეხელს ეძინა. ღმერთმა მკლავები შემოაჭდო მეფისწულს და თავისი სული შთაბერა.

ძილშივე შეაწუხა ერისიხთონი შიმშილის დაუოკებელმა გრძნობამ. გამოღვიძებული საჭმელს ეცა და რაც უფრო მეტს ჭამდა, მით უფრო მეტად შიოდა. გაფლანგა მთელი საბადებელი, მაგრამ ამაოდ. ერთი ასულიღა შერჩა. ისიც გაყიდა. ზღვათა მეუფე პოსეიდონმა შეიბრალა მეფის ქალიშვილი და გარდასახვის უნარი უბოძა. ქალწულმა სახე იცვალა და ახალ მეპატრონეს იოლად დააღწია თავი. ეს რომ ერისიხთონმა შეიტყო, ხშირად იწყო მისი გაყიდვა, მაგრამ ამანაც არ უშველა. შიმშილის უფრო მძლავრმა სენმა შეიპყრო: მან საკუთარი ხორცის გლეჯა დაიწყო და საშინელი ტანჯვით დალია სული.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები