ელტონი (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელტონი

ელტონი - (Bigarreau Elton). ბლის ეს ჯიში გამოყვანილ იქნა ინგლისში პომოლოგ ნაიტის მიერ, 1806 წელს, ხელოვნური შეჯვარების შედეგად. ფართოდ გავრცელდა ჯერ ინგლისში და უკვე 1823 წელს გადატანილი იქნა ამერიკაში, სადაც იგი სტანდარტულ ასორტიმენტში შეიტანეს.

საქართველოში ელტონი თითქმის ყველა რაიონში გვხვდება, მაგრამ თითო–ოროლა ხის სახით; დიდი სამრეწველო ხასიათის გავრცელება ამ ჯიშმა არ მიიღო.

ადრეულა სიმწიფე და ნაყოფის კარგი ხარისხი შეადგენს ამ ჯიშის დადებით მხარეს. მისი უარყოფითი მხარეა ის, რომ ნაყოფი ადვილად ავადდება სიდამპლით.

ხე ძლიერი ზრდისაა, მაღალი შენების ვარჯით, დატოტვა ხშირი აქვს. უხვმოსავლიანია.

ნაყოფი ლამაზი წაწვეტებულ გულისებრი ფორმისაა. ნაყოფის კანი ნამჯისფერ-ყვითელია, მზის მხარეზე შეფერილია ნაზი ვარდისფერი ელფერით, კანი თხელია, ადვილად სცილდება მწიფე ნაყოფს. ნაყოფის ხორცი თეთრია, მკვრივი, მაგრამ ამავე დროს ნაზი, ტკბილი და გემრიელი; წვენი უფერული აქვს. კურკა თავისუფალია.

ჩვენი ქვეყნის მეხილეობის (კურკოვან კულტურათა) რაიონებისათვის მეტად საინტერესო ჯიშს წარმოადგენს და საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ამ ჯიშის ფართო სამრეწველო გაშენებას.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები