ეგვიპტური კალენდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალენდარი − უძველესი კალენდარი ეგვიპტეში, მსგავსად სხვა ძველი ხალხებისა, მთვარის იყო და სასოფლო-სამეურნეო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეპოქაში შეიქმნა. ეგვიპტელების სიცოცხლისუნარიანობა ნილოსის ყოველწლიურ ადიდებაზე იყო დამოკიდებული და მათ ძალიან ადრე შეამჩნიეს, რომ ეს მოვლენა ცაზე სირიუსის ჰელიაკალურ ამოსვლას ემთხვევა. წლის რაღაც პერიოდში სირიუსი (ეგვიპტელების მიერ ქალღმერთად შერაცხული სოთისი ან სოპდეტი) „ქრება“ ციდან, რადგან ძალიან უახლოვდება მზეს, და 70 დღის შემდეგ ისევ ჩნდება აღმოსავლეთ ჰორიზონტზე, ცისკრის ცაზე, მზის ამოსვლის წინ. ეს დღე იულიანური კალენდრის 20 ივლისს შეესაბამება.

სარჩევი

მთვარის კალენდარი

ეგვიპტური მთვარის წელი სეზონების მიხედვით ბუნებრივად დაიყო სამ ოთხი თვისაგან შემდგარ სეზონად: „ადიდების“, როცა ნილოსი კალაპოტიდან იყო გადმოსული, „გამოსვლის“, „თესვის“ ან „ზრდის“, და „დაბალი წყლის“, ან „მოსავლის აღების“. თვის ათვლა იწყებოდა მთვარის იმ ფაზით, როცა სავსე მთვარე აღარ ჩანდა ცაზე მზის ამოსვლის წინ და ერთი თვე მთვარის ერთ ფაზას შეესაბამებოდა. რადგან მთვარის ფაზებზე დამყარებული 12 თვისაგან შემდგარი მთვარის წელი მზის წელზე მოკლეა 354 დღისაგან შედგება, 2-3 წლის ინტერვალით ამატებდნენ მეცამეტე, დამატებით თვეს სეზონების მონაცვლეობის დასარეგულირებლად. ამისათვის გამოიყენებოდა სირიუსის ამოსვლა, რომელიც ყოველთვის მეთორმეტე თვის დასასრულს უნდა დამთხვეოდა. თუ სირიუსი ბოლო თვის მეთერთმეტე დღეს ჩნდებოდა, წელს დამტებითი თვე ემატებოდა, რომ შემდეგ წელს მისი ამობრწყინება ისევ „თავის დროზე“ მომხდარიყო. სოთისის ამოსვლით ეგვიპტელები ახალ წელს ითვლიდნენ. „სოთისის ამოსვლა“ და „ახალი წელი“ (ეგვ. სიტყვა-სიტყვით „წლის გახსნა“), ეგვიპტურ ენაში ერთსა და იმავეს ნიშნავდა. მთვარის წელი გამოიყენებოდა ეგვიპტეში ქრისტიანობის გავრცელებამდე, როგორც ლიტურგიული წელი, და მისი საშუალებით ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო ციკლის და სეზონური რელიგიური დღესასწაულების განსაზღვრა. მაგრამ ეს კალენდარი, რომელიც მოსახერხებელი იყო სასოფლო-სამეურნეო მოღვაწეობისათვის, ვერ აკმაყოფილებდა ფისკალურ და ბიუროკრატიულ მოთხოვნებს, რადგან მუდმივ ასტრონომიულ დაკვირვებას საჭიროებდა და არ იძლეოდა ადმინისტრაციული ჩანაწერების ზუსტი თარიღებით წარმოების საშუალებას, მით უფრო, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ასეული კილომეტრებით გაწელილ ეგვიპტეში სირიუსის მოვლინება ერთსა და იმავეს დროს არ ხდებოდა. ამიტომ ერთიანი ეგვიპტური სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ძალიან მალე ეგვიპტელებმა მეორე, მთვარის კალენდრისაგან დამოუკიდებელი საერო კალენდარი შემოიღეს, რომელიც საშუალებას იძლეოდა, საქმეები ზუსტად გაწერილიყო რამდენიმე წლითაც კი.

სამოქალაქო კალენდარი

სამოქალაქო კალენდარი შედგებოდა თორმეტი ოცდაათდღიანი თვისაგან, რომლებსაც ხუთი ეპაგომენალური დღე ჰქონდა დამატებული. მთვარის კალენდრის მიხედვით თვე ოთხ „კვირად“ იყო დაყოფილი თვეში მთვარის სხვადასხვა ფაზების შესაბამისად, რაც ძნელი იყო სტანდარტული ოცდაათდღიანი თვის შემთხვევაში, და ამიტომ საერო კალენდარში ეს თვეები სამ ათდღიან „კვირად“ დაიყო, რომლებსაც უფრო გვიან ტექსტებში „პირველს“, „საშუალოს“ და „ბოლოს“ უწოდებენ. მთელ წელიწადში იყო 36 „კვირა“ ან „დეკანი“ + 5 ეპაგომენალური დღე. თუმცა საერო კალენდრის არსებობა დოკუმენტურად ნეფერირკარას (V დინასტია) მეფობის პირველი წლით არის დადასტურებული, სავარაუდოდ ის უკვე 2937-2821 წლებს შორის მონაკვეთში იყო შემოღებული. რადგან სამოქალაქო კალენდრის მიხედვით სირიუსის ამოსვლა გახდა ახალი წლის დასაწყისი, მის ორ ამოსვლას შორის კი 365 ¼ დღე იყო, ყოველი ოთხი წლის შემდეგ ახალი წელი ერთი დღით ადრე დგებოდა. შესაბამისად, ამ კალენდრით სირიუსის ამოსვლა თანდათან შორდებოდა ახალი წლის დღეს, სანამ ისევ არ ხდებოდა მათი დამთხვევა 1461 წლის შემდეგ საერო კალენდრის მიხედვით, რომლის ციკლი სირიუსის 1460 წელს შეესაბამებოდა. ამ ხანგრძლივ პროცესს დღეს „სოთისის ციკლს“ უწოდებენ. სწორედ სოთისის ციკლის გამოა, რომ ეგვიპტურ ტექსტებში სირიუსის ამოსვლა სხვადასხვა წელს სხვადასხვა დღეს არის დაფიქსირებული. ბუნებრივია, ეგვიპტელებმა იცოდნენ ამ შეუსაბამობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, საერო კალენდარმა იმდენად გაამართლა თავისი დანიშნულება და ისე მოერგო ყოველდღიურ საჭიროებებს, რომ როცა პტოლემაიოს III შეეცადა, შეესწორებინა ვითარება და დაემატებინა მეექვსე ეპაგომენალური დღე ყოველ მეოთხე წელს (კანოპეს დეკრეტი, 280 წ.ჩვ.წ.-მდე), მას ერთნაირად შეეწინააღმდეგა ქურუმებიც და მოსახლეობაც. საერო კალენდრით ეგვიპტელები ათარიღებდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს და მეფეების წლებს, რომლებსაც ყოველი ახალი გამეფებიდან თავიდან იწყებდნენ. ჩვეულებრივ ფიქსირდებოდა გამეფების წელი, სეზონი, თვე და დღე (მაგ: X მეფობის მეხუთე წელი, ადიდება, მეორე თვე, მეათე დღე). დაახლოებით შუა სამეფოდან დაიწყო თვეების დასახელებების ჩაწერაც; მათი სახელების გვიანდელი ფორმები ელინისტური ხანის ბერძნულ ტექსტებზე დაყრდნობით არის აღდგენილი: Thoth, Phaophi, Athyr, Choiak, Tybi, Mechir, Phamenoth, Pharmuthi, Pachons, Payni, Epiphi, Mesore (Clagett, 2004, 5).

დეკანების სისტემა

შესაძლოა, უკვე მესამე ათასწლეულში ეგვიპტელებმა დაადგინეს 36 ვარსკვლავი და ვარსკვლავების ჯგუფი, რომელთა ჰელიაკალური ამოსვლა ხდებოდა თანმიმდევრობით, დაახლოებით ათი დღის ინტერვალით და საერო კალენდრის ათდღიანი კვირის ციკლებს შეესაბამებოდა. ამ სისტემამ, რომელსაც დეკანების სისტემას ეძახიან, ბიძგი მისცა საათის შეგრძნების ჩამოყალიბებას. ეგვიპტელებმა დაყვეს ღამე 12 „საათად“, რასაც დღის დროის 12 საათად დაყოფაც მოჰყვა და შექმნეს დღე-ღამის 24-საათიანი ციკლი. ამ ფენომენის ზუსტი ქრონოლოგია ცნობილი არ არის. ახალი სამეფოს ტექსტებში (მაგ. ამდუატის წიგნში) აღწერილია რას მოგზაურობა დუატში (მიწისქვეშეთში), სადაც ის გაივლის დუატის 12 დანაყოფს, რომელთაგან თითოეული ღამის ერთ საათს შეესაბამება. მაგრამ სიტყვა „საათი“ (ეგვ. wnw.t) გაცილებით ადრე, მეხუთე დინასტიის ბოლო ფარაონის, უნისის პირამიდის ტექსტებშია მოხსენიებული, სადაც მას ვარსკვლავის აღმნიშვნელი დეტერმინატივი ახლავს თან, რაც მიუთითებს, რომ ღამის საათებია ნაგულისხმევი, რადგან მოგვიანებით დღის საათების დეტერმინირება მზის ნიშნით ხდებოდა. შესაბამისად, პირამიდების ტექსტებზე დაყრდნობით, ჩვ.წ.-მდე XXIV საუკუნეში ღამის საათები უკვე არსებობდა. XIII საუკუნიდან მათი რაოდენობა ნამდვილად თორმეტია, რაც მტკიცდება სარკოფაგების სახურავების შიგნითა მხარეს მოთავსებული „ვარსკვლავური საათებით“. ასეთი საათების მექანიზმს წარმოადგენდა გარკვეული ვარსკვლავების („დეკანების“) გამოჩენა 12 ინტერვალში ღამის და 10-დღიან ინტერვალში წლი განმავლობაში. ვარსკვლავი, რომელიც ამოდის ჰელიაკალურად (ზუსტად მზის ამოსვლის წინ) და დილას გვაუწყებს, არ რჩება იმავე ადგილზე დედამიწის მზის ირგვლივ ბრუნვის გამო, და ამოდის უფრო ადრე და ამდენად, უფრო მაღლა რაღაც დროის შემდეგ. სანაცვლოდ, დილის მაუწყებლად უკვე სხვა ვარსკვლავი გვევლინება. ითვლება, რომ ათდღიანი კვირის და დილის ვარსკვლავების მონაცვლეობამ ბიძგი მისცა III ათასწლეულში მცხოვრებ უცნობ გენიოსს, შეემუშავებინა ღამის საათებად დაყოფის მეთოდი. სეტი I-ის აბიდოსის კენოტაფის ტექსტიდან ვგებულობთ, რომ დეკანებად შერჩეული იყო ვარსკვლავები, რომლებიც, სირიუსის მსგავსად, გამოჩენის წინ დაახლოებით 70 დღით „გაუჩინარდებოდნენ“ ხოლმე, რაც მათი გამოჩენის დაფიქსირებას აადვილებდა. ვარსკვლავი, რომელიც ამოდიოდა ჰელიაკალურად დეკადის პირველ დღეს და ღამის დასასრულს აუწყებდა, 10 დღის შემდეგ უკვე გაცილებით უფრო ადრე გამოჩნდებოდა ცაზე, ინტერვალი „ახალ“ და „ძველ“ დილის ვარსკვლავს შორის კი ერთი „საათი იყო. ღამის განმავლობაში დეკანების მონაცვლეობზე დაკვირვებით მთელი ღამის მონაკვეთებად დაყოფა შეიძლებოდა. თეორიულად, ბუნიობის დროს, როცა მზის ამოსვლას და ჩასვლას შორის ზუსტად თორმეტი საათია, 18 იდეალურად არჩეული დეკანი უნდა ამოსულიყო დაახლოებით ორმოცი წუთის ინტერვალებით, მაგრამ რეალობაში, წლის მანძილზე ღამის სიგრძე იცვლება და საღამოს და დილის ბინდში პირველი და ბოლო დეკანი უჩინარია, და ამიტომ ერთ ღამეში მხოლოდ თორმეტი დეკანის დანახვაა შესაძლებელი, რამაც ეგვიპტელები ბუნებრივად მიიყვანა დღე-ღამის 24-საათიან ციკლად დაყოფამდე, ე.ი. ჩვენს 24-საათიან დღე-ღამეს ძველ ეგვიპტელებთან მივყავართ. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მეცნიერებაში ყველა დეკანი იდენტიფიცირებული არ არის.

კალენდარული წელი

24-საათიანი დღე-ღამის გარდა, ეგვიპტელებმა პირველებმა გამოიგონეს კალენდარული წელი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იყო მთვარის ციკლისაგან და იულიანურ და გრეგორიანულ კალენდრებამდე მიგვიყვანა. მათი კალენდარი იმდენად მოხერხებული გამოდგა ასტრონომიული კვლევისათვის, რომ შუა საუკუნეების ასტრონომების მიერაც გამოიყენებოდა. ცნობილია, რომ კოპერნიკმა თავისი ცხრილები არა იულიანურ, არ ამედ ეგვიპტურ კალენდარზე დაყრდნობით შექმნა (Evans, 1998, 175). თუმცა ეგვიპტურ ტექსტებში ამის დოკუმენტური დადასტურება არ გაგვაჩნია, დღეს ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ეგვიპტელებმა ისიც იცოდნენ, რომ ერთი წელი 365 დღეზე მეტს – 365, 25636 დღეს მოიცავდა და მათ მესამე, ძალიან ზუსტი ასტრონომიული კალენდარიც ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც ტაძრებს აგებდნენ. მხოლოდ ასტრონომიული კალენდრის სიზუსტის გამო იყო შესაძლებელი, რომ კლდეში გამოკვეთილ აბუ-სიმბელის ტაძარში, შესასვლელიდან 55 მ. სიღრმეში მდგომ რამსეს II-ის ქანდაკებას 3200-ზე მეტი წლის განმავლობაში მზის სინათლე ერთსა და იმავე დროს (ჩვენი კალენდრით – 22 თებერვალს) ეცემოდა და აკაშკაშებდა, სანამ ასუანის კაშხალის მშენებლობის გამო ტაძარი სხვა ადგილზე გადაიტანეს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები