დუმუზი და ინანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუმუზი და ინანა(შუმ.) წარღვნამდელი ქალაქი ბად-თიბირა იმით არის განთქმული, რომ იქ ცხოვრობდა და მწყემსავდა თავის ფარას დუმუზი, „მწყემსი ჭეშმარიტი“, რომელიც ბრწყინვალე ქალღმერთის ინანას რჩეული შეიქნა.

ეს ასე მოხდა: როცა ქალწულ ინანას გათხოვების დრო დადგა, მისმა ძმამ უთუმ, მზის ღმერთმა, ურჩია მას, დუმუზის გაჰყოლოდა ცოლად. მაგრამ ინანას მწყემსის სახელის გაგონებაც არ უნდოდა. არა, მწყემსი არ არის ჩემი შესაფერისიო, ახალი სამოსელით ვერ შემმოსავსო, ტყაპუჭები ჩემი საკადრისი არ არისო. მწყემსს რომ მივსთხოვდე, რა ქნას ჩემმა შეყვარებულმა მიწის მუშაკმა, რომელიც ბეღლებს ხორბლით ავსებსო? მწყემსმა ფარეხის მეტი არაფერი იცისო. ასე ჯიუტობდა ინანა, უარყოფდა უთუს რჩევას. მას თავისი არჩევანი ჰქონდა გაკეთებული. ვინ იყო ის მიწისმუშაკი, რომელსაც ქმრად ნატრობდა ქალწული ინანა? ეს იყო მისი თანამოქალაქე, ურუქელი ენქიმდუ. დიდი ქალაქი იყო ურუქი, ხალხმრავალი. როგორ შეედრებოდა მას ბად-თიბირა – მწყემსის სამშობლო? როგორ შეედრებოდა ურუქის ეანას - ცის ტაძარს ბად-თიბირას ცხვრის ფარეხები? ან სელის სამოსელს – ტყაპუჭები? უარით შეურაცხყოფილი დუმუზი მიეახლა ინანას და შეეცადა, დაემტკიცებინა მისთვის თავისი დოვლათის უკეთესობა მიწისმუშაკის დოვლათზე. შავ ხორბალს მწყემსი შავ ცხვარს უპირისპირებს, ლუდს – რძეს, ხილს – კარაქს და ა.შ... ბოლოს, ინანამ მაინც მწყემსი, რომელსაც თავიდან იწუნებდა, აირჩია და მოიყვანა ურუქში, თავის სადედოფლო ქალაქში. როგორ ფიქრობთ, ინანას არჩევანმა გააბოროტა მიწათმოქმედი ან შური აღუძრა მწყემსის მიმართ? არამც და არამც! ინანა ქალღმერთი იყო და მისი არჩევანი ღვთიური ნების გამოვლინება უნდა ყოფილიყო მის თვალშიც. ამასთანავე, მაღალი უთუ, მზის ღმერთიც ხომ მწყემსის ცოლობას ურჩევდა თავის ღვთაებრივ დას, ინანას? გამარჯვებული მწყემსი და უარყოფილი მიწათმოქმედი ერთმანეთს ურუქის მინდვრებში შეეყრებიან. ინანას არჩევანით გულმოცემული დუმუზი მზად არის დავა გაუმართოს თავის მეტოქეს და ერთხელ კიდევ დაამტკიცოს თავისი უპირატესობა. მაგრამ სანამ დუმუზი სიტყვას დაძრავდა, ენქიმდუმ დაასწრო და შესთავაზა, რომ მის ცხვარს თავის ყანაში მოსავლის აღების შემდეგ მოაძოვინებდა.. ამ გულუხვობით მოხიბლული დუმუზი თავის მხრივ ქორწილში მაყრად იწვევს მიწათმოქმედს, მომავალი მაყარი კი ჰპირდება, რომ თავის დოვლათს მიართმევს დედოფალ ინანას: მე კი პურს მოგართმევ, ცერცვს მოგართმევ, ხორბალს მოგართმევ, თაფლუჭს მოგართმევ ქალწულო ინანა, ყოველივე უკეთესს მოგართმევ! ასე მშვიდობიანად დამთავრდა ეს ამბავი. როგორ მიიღეს ბად-თიბირელი მწყემსი დიდებულ ქალაქ ურუქში, ან როგორი ქორწილი გადაიხადეს მეფე-პატარძალმა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. ვიცით მხოლოდ, რომ ქალღმერთზე დაქორწინების შემდეგ დუმუზი საღვთო ტახტზე კი არ ჯდება ინანას გვერდით, არამედ კვლავ მწყემსობას ეწევა, დღენიადაგ თავის ცხვართან არის, ფარეხებში აღამ-ათენებს. რას აძლევს დუმუზის ინანას ქმრობა? ახლა ის უბრალო მწყემსი აღარ არის - ის არის ნამდვილად „მწყემსი ჭეშმარიტი“ (შუ. სიპა-ზი). ის ახლა უთუს, მზის ღმერთის, სიძეა. ინანასთან შეუღლების წყალობით ის ღვთიურ მადლს ეზიარება. მისი ფარის ნაყოფიერება ერთიასად იზრდება, მრავლდება მისი ცხვარი, საძოვრებზე აღარ ეტევა. ენქიმდუმ შეუსრულა დანაპირები – აღებული ხოდაბუნები მის განკარგულებაშია. ყანები კიდევ უფრო უხვ მოსავალს იძლევა მას შემდეგ, რაც იქ ინანასა და დუმუზის წმიდა ფარა გაივლის ბალახის ძოვით. ქვეყანა დოვლათით ივსება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები