დიუმა ალექსანდრე (შვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე დიუმა

ალექსანდრე დიუმა – (ფრანგ. Alexandre Dumas, 1824-1895), ფრანგი დრამატურგი და მწერალი.

50-60-იანი წლების ფრანგული თეატრის რეპერტუარში დიდი ადგილი ეკავა ალექსანდრე დიუმა-შვილის პიესებს, რომელთა მთავარი პათოსი მწერლის თანამედროვე ზნე-ჩვეულებების კრიტიკასა და ბურჟუაზიული საზოგადოების მორალური ღირებულებების გაჯანსაღებაში მდგომარეობდა.

დიუმამ ბურჟუაზიულ დრამას ახალი შინაარსი შესძინა და ახალი პერსონაჟებით გაამდიდრა იგი. მისთვის საუკეთესო პიესებში იგი ერთგვარად არბილებს ბურჟუაზიული მორალის მცნებას და მორალური კანონების დარღვევის მსხვერპლად ქცეული ადამიანების თანადგომისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, მწერალმა ხელი მოჰკიდა დაცემული ქალის ტრაგიკული ბედის, თუ უკანონო შვილის თემებს. თუმცა დიუმას ეს თამამი ნაბიჯი საზოგადოებრივი ზნეობის დამცველი ნორმების დამკვიდრებას ემსახურებოდა, მწერალი მხოლოდ მორალის ქადაგებით შემოიფარგლა.

მორალის შემცველ პიესებში დიუმას ახალი ნიშან-თვისებები შემოჰქონდა და სწორედ ეს განსაზღვრავდა მისი დრამატურგიის მხატვრულ თავისებურებებსაც. ის მიზნად ისახავდა მაყურებლის მხრიდან სიბრალულის, თანაგრძნობის გამოხატვას ან გმობას, გაკიცხვას, ამასთან, იშვიათად იყენებდა კომიზმის ხერხებს. ყველაზე ხშირად მწერალი პრობლემურ-ფსიქოლოგიურ დრამას მიმართავდა, რომელსაც არცთუ იშვიათად მელოდრამატიზმის იერიც დაჰკრავდა.

ქალი კამელიებით

„ქალი კამელიებით“ (1852) პირველი და უთუოდ ყველაზე მნიშვნელოვანი დრამაა დიუმას შემოქმედებაში. მასში გადმოცემულია დაცემული ქალის, მარგარიტა გოტიეს დრამატული ბედი. მარგარიტას შეუყვარდება ჭაბუკი არმან დიუვალი. იგი გადაწყვეტს, ზურგი აქციოს საკუთარ წარსულს და ოჯახურ ბედნიერებაზე ოცნებობს. მაგრამ საზოგადოებისათვის მიუღებელია კეთილშობილი ჭაბუკის და ცუდი რეპუტაციის მქონე ქალის სასიყვარულო ურთიერთობა. ამას ისიც ერთვის, რომ შეიძლება არმანის საქციელმა მისი დის ბედნიერებას შეუშალოს ხელი, ვინაიდან მისი საქმროს მშობლები დიუვალებისთვის ამ სამარცხვინო კავშირის გაწყვეტას მოითხოვენ. მარგარიტა ემორჩილება ბურჟუაზიული საზოგადოების მორალის მოთხოვნებს, უარს ამბობს საკუთარ ბედნიერებაზე. პიესის ფინალურ აქტში ჭლექით დაავადებული მარგარიტა კვდება. სიკვდილის წინ იგი არმანს კი ურიგდება, თუმცა მისი ოჯახისთვის ბოლომდე მიუღებელი რჩება.

დიუმამ ზნედაცემული ქალის სახის ერთგვარი პოეტიზირება მოახდინა, აჩვენა მისი ზნეობრივი სისპეტაკე, მუხლმოყრა ოჯახური კერის სიწმინდის წინაშე. მუხლმოდრეკილი მარგარიტა უარს ამბობს საკუთარ ბედნიერებაზე და წყვეტს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. არმანის მშობლებმა, მაღალი ზნეობის ბურჟუებმა, ჯეროვნად შეაფასეს მარგარიტას საქციელი და ფინალში ნებაც კი დართეს არმანს, ცოლად შეერთო იგი. თუმცა დიუმამ ბოლომდე მაინც ვერ გაბედა, რომ მარგარიტა დიუვალის ცოლი გამხდარიყო, რადგან ეს ბურჟუაზიული მორალის ნორმების დარღვევა იქნებოდა. დრამატურგმა მოიშველია მარგარიტას სიკვდილი, რომელიც ერთი მხრივ უთანასწორო ქორწინებისგან იხსის არმანს, მეორე მხრივ კი, აძლიერებს ზნედაცემული, თუმცა კი სათნო ქალის წამებულის შარავანდედს, ქალისა, რომელიც, ფაქტობრივად, ბურჟუაზიული საზოგადოების მორალის გამარჯვებას ეწირება მსხვერპლად.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები