დავლათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავლათი – ზებუნებრივი ძალა, იღბალი, რომლითაც დაჯილდოებული არიან განსაკუთრებული ადამიანები; ისინი – დავლათიანები – წარმატებას აღწევენ ადამიანური საქმიანობისა და სულიერი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში.

დავლათი ამარჯვებინებს მეომარს, დავლათი ამდიდრებს კაცს (მწყემსს, მიწათმოქმედს და სხვა), დავლათი აჭრევინებს მის წარმოთქმულ სიტყვას (გავიხსენოთ: „ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავზე დაჯდების, სიტყვა მოუდის გზიანი“). დავლათის მქონე ადამიანებზე იტყვიან, რომ მათ ბედი სწყალობთ, იღბლიანები არიან, ყველაფერში ხელი ემართებათ... დავლათიანი შეიძლება იყოს რიგითი უბრალო ადამიანი (მოყმე) და დიდებულიც, მეფეც. ერთ მეომარზე ნათქვამია: „ჭაბუკათ ჩაჩაურასა დავლათ დააჯდა მხარზედა“, რამაც მას გაამარჯვებინა უთანასწორო ბრძოლაში. ან: „არდოტს უთურგის გიორგი, გიქრის დავლათის ქარიო“. ხევსურთა წარმოდგენით დავლათიანი იყო მეფე ერეკლე: „ერეკლე ბატონიშვილი ღვთისგან ა(რ)ს დავლათიანი“. დავლათმა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გამოუქროლოს ან თითქოს უხილავი მტრედივით თუ არწივივით დააჯდეს მხარზე. დავლათის გამოცდა მხოლოდ საქმეში თუ შეიძლება. თუ კაცი მშვიდობიანი მშრომელია, დავლათი შრომაში გამოჩნდება; თუ მებრძოლია, ბრძოლაში, რომელსაც ის არ უნდა გაურბოდეს. ბრძოლას ხევსურულად „ცდა“ ეწოდება, სადაც გამოიცდება კაცი და მისი დავლათი. იგი თავგანწირვაში ვლინდება, როცა გამოუვალი მდგომარეობიდან, სიკვდილის აშკარა საფრთხიდან თავს დააღწევს ადამიანი. „ჭკვიანებს“, რომლებიც მუდმივ ყოყმანში არიან, გაურბის დავლათი. ადამიანმა ისიც იცის, რომ დავლათი მუდამ არ ახლავს მას, დავლათმა შეიძლება მიატოვოს ადამიანი, მაშინ ის სრულიად დაუცველი ხდება და იღუპება. ტრაგიკულია დავლათდაკარგულის ბედი. დავლათმა იცის აგრეთვე ადამიანში ზედმეტი სიამაყის დაბადება, გაბუდაყება, რასაც აგრეთვე ტრაგიკული შედეგი მოაქვს: დავლათი დასტოვებს მას და მისი ცხოვრება კატასტროფით მთავრდება.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები