გურიის უდაბნო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის უდაბნო სამონასტრო კომპლექსი, (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, შემოქმედის ეპარქია), არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ შუა განახლებიდან (ყოფილი შუა ამაღლება) 2 კმ-ის დაშორებით, ამაღლების მთის ფერდობზე.

გურიის უდაბნო. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მთავარი ნაგებობაა ნახევრად კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ამას გარდა, ფერდობის ქვედა ნაწილში კიდევ 4 გამოქვაბულია, რომელთაც ერთი მხრიდან ხელოვნურად მიცემული აქვს აფსიდის ფორმა და ამდენად, სავარაუდოა, რომ სალოცავის მოვალეობას ასრულებდა. მონასტრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი. მშენებლებს მხოლოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლის ნახევარი აუგიათ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ნაგებობა კლდის ქვეშ არის შეყუჟული. ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით და შემკულია სხვადასხვა რელიეფური გამოსახულებით. ეკლესიის დათარიღება დღემდე ვერ მოხერხდა, რასაც ართულებს ის ფაქტიც, რომ იგი მრავალჯერ არის გადაკეთებული, ხოლო აღდგენის დროს სამშენებლოდ გამოუყენებული აქვთ ძველი ნაშთები. მკვლევართა ნაწილი მას VI ს. ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი კი IX-X სს. აკუთვნებს.

გურიის უდაბნო ქართული კულტურუს ერთ-ერთი კერა იყო, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, რომელთაგან აღსანიშნავია მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია, რომლის გადაწერილია შემოქმედის გულანი. უდაბნოს მონასტერს ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი. უდაბნოს ხელნაწერთაგან ყველაზე თვალსაჩინო და უძველესია „მრავალთავი“, იგი XVI ს-ში კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდეგ ჩამოიტანა ნიკოლოზ ჯუმათელმა. აქვე იყო დაცული ბრწყინვალე ოსტატობით ნაქარგი სამღვდელმთავრო შესამოსლები. მონასტერი საკმაოდ მდიდარი იყო. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში ინახება სიგელ-გუჯართა მთელი წყება, რომლებშიც აღნუსხულია საერო თუ სასულიერო პირთა მიერ მონასტრისთვის გაღებული შეწირულობანი. XIX ს-ში მონასტერში შესაძლებელი იყო პირველდაწყებითი განათლების მიღება.

ამაღლების მთის ფერდობის ზედა ნაწილში, მღვიმე-ეკლესიიდან დაახლოებით 200 მ-ზე, მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც 1858 წ. აუშენებიათ. იგი დარბაზული ტიპისაა, ღრმა ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგები ყოფილა კარგად დამუშავებული მოყვითალო ფერის კვადრებით. იგი 1958 წლამდე ხელუხლებლად იყო შემონახული, ხოლო შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას საგანგებოდ დაუშლია სამშენებლო მასალის მოპოვების მიზნით, თუმცა ეკლესიის ეკლესიის მთლიანად დანგრევა ვერ მოუხერხებიათ.

თ. ქართველიშვილი

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები